ქართველების დიდი ნაწილი პოეზიის მოტრფიალეა. 21-ე საუკუნის ვითარება უწინდელისგან საკმაოდ განსხვავდება. დღეს ყოველი მეორე პოეტობას იბრალებს, მათგან ღირსეულის გამოვლენა ძნელია. თუმცაღა, საბედნიეროდ, დღევანდელ რეალობაში ამგვარი პოეტებიც არიან. „თბილისი თაიმსი“ ერთ-ერთ მათგანს გაგაცნობთ, ეს ახალგაზრდა პოეტი, ანი ნოზაძეა. მან მსმენელის გულის დაპყრობა მალევე მოახერხა. რისი მეშვეობით მოიხვეჭა ხალხის სიყვარული, რა არის მისთვის პოეზია და ზოგადად, როგორი პიროვნება იმალება სენტიმენტალური ლექსების მიღმა, ინტერვიუდან გაიგებთ.
ანი, მოგვიყევით თქვენზე, როგორია თქვენი მოკლე ბიოგრაფია?
– დავიბადე რუსეთში, 1992 წლის 25 ივნისს, გავიზარდე თბილისში. მყავს დედა, მამა და უფროსი ძმა. ხელოვნებისადმი სიყვარული, სწორედ ჩემი ოჯახიდან მოდის. დედაჩემი კომპოზიტორია, კლასიკურ მელოდიებს თავად ქმნის და სცენაზე ლექსის კითხვის დროს ხშირად ფონადაც კი ვიყენებ მათ.
ჩემს ცხოვრებაში დიდი ადგილი უკავიათ დეიდებს, დედის ემიგრაციაში ყოფნის დროს მათგან ყოველთვის სიყვარულსა და სითბოს ვგრძნობდი.
117-ე საშუალო სკოლა დავამთავრე. სკოლის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტში ჩავაბარე, გერმანული ფილოლოგიის განხრით, თუმცა შემდეგ მივხვდი, რომ პროფესია არასწორად მქონდა არჩეული და შევიცვალე იგი. ვსწავლობდი კულტურის მეცნიერებებზე. ამჟამად სკოლაში ვმუშაობ პედაგოგ-მასწავლებლად.
პირველ ლექსზე მომიყევით, პოეზია თქვენს ცხოვრებაში რა როლს თამაშობს?
– პირველი ლექსი დედის ემიგრაციაში ყოფნის დროს შეიქმნა, მონატრება და სიშორე იყო ის, რამაც ჩემი განცდების ფურცელზე გადმოტანა განაპირობა. პოეზია ჩემთვის სუნთქვასავით გახდა. მახსოვს, მეუბნებოდნენ, რომ შესაძლოა გარკვეული პერიოდის შემდეგ წერისთვის თავი დამენებებინა, მაგრამ რაც დრო გადის ვრწმუნდები, რომ შეუძლებელია ამ ყველაფერს მოვშორდე.
გარდა იმისა, რომ ლექსებს წერთ, ვიცით, რომ სხვა პროფესიაც გაქვთ….
– დიახ, მუსიკალური სასწავლებელი დავამთავრე, ასევე მხატვრული ტანმოვარჯიშე ვარ. მუსიკამ ჩემს სულზე დიდი გავლენა იქონია. დედის როლი მუსიკასთან სიახლოვის მხრივ დიდია. მუსიკა და პოეზია ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან, პოეზია მუსიკას ავსებს, მუსიკა კი პოეზიას.
სოციალურ ქსელში საკმაოდ პოპულარული ხართ. რა ფიქრობთ, ეს რამ განაპირობა?
– არ ვიცი, ამაზე ხშირად მიფიქრია. შესაძლოა იმან, რომ ჩემი ყველა ემოცია ყოველთვის გულწრფელი იყო. არასდროს ვთამაშობ. მკითხველი კი ყოველთვის კარგად გრძნობს როგორი ხარ შინაგანად, რას გრძნობ და ასე შემდეგ.
ის ემოცია, რასაც მე გავცემ, ადამიანებმა სწორად შეამჩნიეს და უფლის მადლობელი ვარ იმ სითბოსთვის, რასაც მათგან ვიღებ.
როგორც ვიცი, პოეზიის საღამოებს ხშირად აწყობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი საღამოები თქვენთვის?
– დიახ, მონაწილეობას ხშირად ვიღებ და ასევე სხვადასხვა საქველმოქმედო თუ თავისუფალი საღამოების ორგანიზატორი თავადაც ვარ ხოლმე. ეს მნიშვნელოვანია. კარგია, როდესაც წერ და ამას კითხულობენ და კიდევ უფრო კარგია, როდესაც ადამიანებს თვალებში ჩახედავ და მათგან იმ ენერგიას და ძალას მიიღებ, რაც შენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.
გამოვარჩევდი, ბოლოს ჩატარებულ პერსონალურ საღამოს, ჩემთვის ყოველთვის დიდი სტიმულია, როდესაც სავსე აუდიტორიას, სითბოთი და სიყვარულით სავსე თვალებს ვხედავ.
რამდენად ხშირად წერთ და რომელია თქვენი საყვარელი ლექსი?
– ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ხშირად ვწერ, შესაძლოა თვეები ისე გავიდეს, რომ არაფერი დავწერო. ეს შიგნიდან უნდა მოდიოდეს. ყველა ლექსი თავისებურად საყვარელია ჩემთვის, რადგან ყოველთვის ვიცი რომელი ლექსი რა ისტორიას და ცხოვრების რომელ პერიოდს უკავშირდება. ჩემთვის კი, ყოველი წუთი და წამი მნიშვნელოვანია..
თქვენი ლექსები მუდამ სენტიმენტალური და ემოციურია, რა არის ამის მიზეზი? ეს თქვენი ხასიათიდან ხომ არ გამომდინარეობს?
– საინტერესო კითხვაა. როდესაც ადამიანები გამიცნობენ, პირველი შეფასება ყოველთვის არის ის, რომ ძალიან ხალასი და ენერგიული ადამიანი ვარ და როცა ეცნობიან ჩემს შემოქმედებას, არის გაკვირვებული თვალები.
დიახ, ეს სენტიმენტალიზმი ჩემი შინაგანი სამყაროდან მომდინარეობს. გარეგნულად შესაძლოა ადამიანი ისეთი ჩანდეს, როგორიც სინამდვილეში არ არის.. ეს არ ნიშნავს, რომ ვთამაშობ, არ მინდა ადამიანები დავამძიმო და ამიტომ მათთან ურთიერთობაში ჩემი ხასიათის სიმძიმეს ნაკლებად ვაჩენ..
პოეზია ჩემთვის უნიკალური სწორედ ამიტომ არის, იქ შემიძლია მთლიანად გავიხსნა, რეალიზება გავუკეთო იმ ყველაფერს, რასაც რეალურ ცხოვრებაში არ ან ვერ გამოვხატავ.
ხშირად მეუბნებიან, რომ ჩემი პოეზია სევდიანია და ამის მიზეზს მეკითხებიან, ძალიან მგრძნობიარე ადამიანი ვარ და ნებისმიერი წვრილმანიც კი გულთან ახლოს მიმაქვს.
ეს არის პასუხი, ცხოვრება ხომ არ გვანებივრებს, ზოგჯერ ბევრია იმედგაცრუება და ტკივილი.
სევდას შეუძლია ადამიანის ცხოვრებაში გარდატეხა მოახდინოს, ვფიქრობ, ზოგჯერ დადებითიც. სევდის გარეშეც ცხოვრება არ შეიძლება. სულ უდარდელები ხომ ვერ ვიქნებით?
როგორ გარემოში წერთ ლექსებს, არის პირობა,რომელიც ლექსის დასაწერად აუცილებლად გჭირდებათ?
– ლექსს ყოველთვის სახლში ვწერ, ჩემს ოთახში.. აუცილებლად რაიმე კლასიკური მელოდიის თანხლებით. ამ დროს ყოველგვარ მიწიერ ყოფიერებას გამოთიშული ვარ და მაქსიმალურად ვცდილობ კონცენტრაცია იმაზე მოვახდინო, რისი თქმაც მსურს..
თქვენი საყვარელი პოეტი რომელია? თანამედროვე პოეტებიდან ვის გამოარჩევდით?
– ტერენტი გრანელი, ბავშობიდან. როდესაც წერა დავიწყე, ოჯახის წევრები მეჩხუბებოდნენ, დაანებე ტერენტი გრანელობას თავიო.
ტერენტის სულიერი პათოსი ჩემთან ახლოს არის. შეიძლება ითქვას, მისი გავლენა დიდია ჩემს შემოქმედებაზე.
თქვენი აზრით, ჩვენს ქვეყანაში ახალგაზრდა პოეტები რამდენად დაფასებულები არიან ? აქვთ თუ არა სამომავლო პერსპექტივა?
– არ ვიცი, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მიჭირს. დაფასებულები რამდენად არიან ვერ გეტყვით, ზოგჯერ არის იმის დაბრკოლება, რომ დარბაზს ვერ ვშოულობთ, რომ საღამო ჩატარდეს.
მინდა მადლობა გადავუხადო საპატრიარქოს ტელევიზიას, რომ არა ისინი, საღამოს ჩატარებას ვერ შევძლებდი. განსაკუთრებული მადლობა ბატონ ლევან სულავას.
რაც შეეხება პერსპექტივას, ვისთვის რა არის პერსპექტივა. ჩემთვის ის არის მთავარი, ბევრი ადამიანი მყავდეს გარშემო. ყველაფერს ვაკეთებ იმიტომ, რომ მიყვარს და არ ვფიქრობ არც იმაზე, თუნდაც ვინ მიწოდებს “პოეტს” და ვინ არა.
ვიტყოდი იმასაც, რომ არის ცხოვრებაში რაღაცეები, რაც კომერციაზე არ უნდა გათვალო. სწორედ ასეთია ჩემთვის პოეზია.
როგორია ანი ნოზაძე მეგობრებთან, ახლობელ ადამიანებთან? როგორ ერთობით?
– მეგობრებთან ძალიან თბილი და მოსიყვარულე ვარ. გამიმართლა, თითქმის ყველა ჩემი მეგობარი ჩემი სფეროდან არის და ერთმანეთს ძალიან კარგად ვუგებთ. ხშირად ვაწყობთ ტურებს, მივდივართ ლაშქრობებზე, ვხვდებით ერთმანეთს სადღესასწაულო ცენტრებში. ისევ და ისევ, ხელოვნების დიდი სიყვარულით შემოვიფარგლებით..
მთავარ გულშემატკივრად ვის მიიჩნევთ?
– ყველა ადამიანს, უცხოს და ნაცნობს, ვისაც ჩემი ყველა წარმატებული ნაბიჯი გულით უხარია.
შენიშვნებს თუ იღებთ, ვინ არიან ის ადამიანები , ვის აზრსაც ითვალისწინებთ?
– დედა, ვის შენიშვნასაც ყოველთვის ვიაზრებ და ვითვალისწინებ. იგი მუდამ დაკვირვებულია და იშვიათად ცდება, ყოველთვის ვუჯერებ. მისგან კრიტიკასაც ვისმენ და არასდროს მწყინს.
შენიშვნა სრულიად უცხო ადამიანისგანაც მიმიღია, ყოველთვის ვგრძნობ, ვის უნდა ვუსმინო და ვის არა. ადამიანს ეტყობა რა განწყობით არის შენდამი.
სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ? მუდამ იქნება თუ არა პოეზიის ადგილი თქვენს ცხოვრებაში?
– სამომავლოდ ლექსების კრებულს დავბეჭდავ, ერთი ძალიან კარგი ადამიანის წყალობით. გაზაფხულზე ძალიან ბევრი სიახლე იქნება, რა თქმა უნდა, უფლის შემწეობით.
ნინო ზარიძე