“ვარაუდი და შესაძლებლობა, როგორ იქნას არჩეული პრეზიდენტი, სამსჯელოა. უნდა განვიხილოთ საბოლოოდ საპარლამენტო ქვეყანაში რა ფუნქციები ექნება პრეზიდენტს. ჯერ ეს საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის”. ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა გია ვოლსკიმ “ტვ პირველზე”, გადაცემა “ინგა გრიგოლიას დღის ამბებში” ისაუბრა. ვოლსკიმ ახალი მინისტრთა კაბინეტის სავარაუდო შემადგენლობაზე და “ქართული ოცნების” სამომავლო გეგმებზეც ისუაბრა.
“არავინ იცის როგორი ცვლილებები მოხდება. არავითარი ორჭოფობა, დაპირისპირება, კლანობანა “ქართული ოცნების” გუნდში არ არსებობს. ყევლაფერი სამომავლო პროექტებზეა გათვლილი.
ჩემს კაბინეტში ჩუმად შეხვედრა არ მჩვევია, არც პიროვნულად. ვიქტორ დოლიძე ხელმძღვანელობს საპარლამენტო დელეგაციას და გვქონდა საუბარი. არც ერთი საკითხი არც ზურაბ აბაშიძესთან და არც დოლიძესთან არ შეხებია სამთავრობო პოსტებს. მინისტრის პოსტზე თუ განიხილება მისი კანდიდატურა ოდესმე, საკმაოდ პრაგმატულად თუ ვიმსჯელებთ სწორი გადაწყვეტილება იქნება.
პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ ვთქვი, რომ ვნახოთ გაზაფხულზე როგორი იქნება დავით უსუფაშვილი. ეს ნიშნავს, რომ დაველოდებით რა ხედვებს შემოგვთავაზებს და შემდეგ ვიფიქრებთ თანამშრომლობაზე.
ის სიღარიბე, რაზეც ვსაუბრობთ წინა ხელისუფლების პირობებში შეიქმნა. დღეს მდგომარეობა გამოსწორდა და პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება. გადამწყვეტია სტაბილურობა, შემიძლია წარმოვადგინო პროექტების მთელი სია, რომელიც დაგეგმილია და სამუშაო ადგილების შექმნის გარანტს წარმოადგენს. საერთაშორისო დონეზე ყველანაირი ხავსი მოუწყდათ. სურთ კიდევ შეინარჩუნონ რაიმე იდეა და დისკრედიტაცია მოახდინონ ხელისუფლების. ეს არ არის ოპოზიცია, არის დესტრუქციული ძალა, რომელიც ყველაფერზე არის წამსვლელი. ამ ძალის რეინკარნაცია საზოგადოების უდიდეს ნაწილს არ აწყობს. არ ვიცი ის ჟამი რა ეპითეტით წარმოვადგინო. თავისი სტაბილური ამომრჩეველი “ნაციონალურ მოძრაობას” ყოველთვის ჰყავდა და დაემატა ის ამომრჩეველი, რომელიც ფიქრობს, რომ ისინი შეცდომებს გაანალიზებენ და მოხდება სწრაფი ცვლილება,”-განაცხადა გია ვოლსკიმ.
მანანა ღოღობერიძე