„ჩვენ ვერ შევთავაზეთ ამომრჩეველს საკუთარი თავი და ამით პრობლემებიც შევქმენით. მრავალფეროვნება ხალხმა გაიგო, როგორც სიჭრელე. ეს არჩევნები ჩვენთვის არ იყო სწორი დიაგნოზი. ამომრჩეველი ყოველთვის მართალია, თუნდაც სწორი არჩევანი ვერ გააკეთოს, ეს პოლიტიკის აქსიომაა“. ამის შესახებ „ეროვნული ფორუმის“ ყოფილმა წევრმა გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა „ღია ეთერში“ ისაუბრა.
„პოლიტიკური ვითარებიდან, ოპოზიციური სპექტრის მდგომარეობიდან გამომდინარე მიმაჩნია, რომ სერიოზული გადაფასება, გადახალისება არის საჭირო. ჯობს ამ ტენდენციაში მოვყვე, ვიდრე შემდეგ გაჩნდეს ეჭვები. ვაპირებ კოლეგა პოლიტიკოსებთან კონსულტაციების გამართვას და მათ უნდა იცოდნენ, რომ ვარ თავისუფალი. გადაწყვეტილება მოქმედების თავისუფლებისთვის მივიღე. ჩვენც უნდა გადავეწყოთ და ისეთი რამ შევთავაზოთ ამომრჩეველს რაც იქნება გასაგები და მარტივი.
მაქვს კონსულტაციები დავით უსუფაშვილთან, ნინო ბურჯანაძესთან და სხვებთანაც. გვარების დასახელებას არ ვაპირებ. ვისაც მიგვაჩნია, რომ არის საკითხები სადაც საერთო აზრის დაფიქსირება შეგვიძლია, უნდა დავაფიქსიროთ. გამონაკლისი არის „ნაციონალური მოძრაობა“. მათ მშვენივრად ჩამოართვეს ხელი ერთმანეთს და მოახერხეს, რომ პარლამენტში სხვა პარტია არ იარსებებს“.
გუბაზ სანიკიძემ ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნების შედეგებიც შეაფასა.
„ცოტა ხანში გასარკვევი გევქნება სად არის დასავლეთი და სად აღმოსავლეთი, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნების შემდეგ. მსოფლიოში დიდი გაურკვევლობაა, ეს იქნება ნისლიანი 4 წელიწადი. ჩვენ მივიღეთ ახალი სამყარო, მსოფლიოს ნომერ პირველმა სახელმწიფომ და მისმა საზოგადოებამ მიიღო აბსოლიტურად საპირისპირო გადაწყვეტილება, ვიდრე ელოდა დანარჩენი მსოფლიო.საქართველოში უკვე პრო–დასავლური, ანტი–დასავლური, ევროსკეპტიკური, პრო–რუსული პირობით ხასიათს იღებს. სამარჩიელო გახდა თემა როგორი ურთიერთობა იქნება პუტინსა და ტრამპს შორის“.
მანანა ღოღობერიძე