საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ, ოპერის თეატრს, დღეს, ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი, მომღერალი ბადრი მაისურაძე წარუდგინა.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ ა.წ. 19 აგვისტოს გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში შექმნილმა დროებითმა სარეკომენდაციო საბჭომ, 27 ოქტომბერს, ფარული კენჭისყრის საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილება და მიხეილ გიორგაძეს ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე ბადრი მაისურაძის კანდიდატურა წარუდგინა. 14 ნოემბრიდან კი ძალაში შევა მიხეილ გიორგაძის 2 ნოემბრის ბრძანება:
„პროფესიული თეატრების შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
დაინიშნოს ბადრი მაისურაძე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე 2016 წლის 14 ნოემბრიდან, 4 წლის ვადით“.
ბადრი მაისურაძე, ტენორი
ქართველი მომღერალი ბადრი მაისურაძე 1994 წლიდან დღემდე მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი, 2002 წლიდან კი – გალინა ვიშნევსკაიას საოპერო სიმღერის ცენტრის პროფესორია.
დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. მოგვიანებით სწავლა განაგრძო მილანსა და მოსკოვში.
1989-1993 წლებში იყო სოლისტი თბილისის ოპერის სახელმწიფო თეატრში, რომლის სცენაზეც, 1990 წელს შედგა მისი დებიუტი ოთარ თაქთაქიშვილის ოპერაში „მინდია“.
მომღერალი არაერთი მნიშვნელოვანი კონკურსის გამარჯვებულია. მათ შორის, 1994 წელს, მან ლაურეატის წოდება მოიპოვა ფრანცისკო ვინიასის სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსზე ბარსელონაში და ბიერლინგის საერთაშორისო კონკურსზე შვედეთში.
ბადრი მაისურაძის საერთაშორისო კარიერა 1993 წელს დაიწყო – ლიეჟის ოპერის თეატრში შეასრულა ცრუ დიმიტრის როლი მუსორგსკის ოპერაში „ბორის გოდუნოვი“. მას შემდეგ, 40-ზე მეტი პარტია შეასრულა მსოფლიოს მრავალ წამყვან თეატრში, მათ შორის: ბერლინის Deutsche Opera („ტრუბადური“, „აიდა“, „ნაბუქო“), ვენის Staatsoper („ტოსკა“), მილანის La scala („მაზეპა“), ფლორენციის Teatro Comunale („მადამ ბატერფლაი“, „ქალიშვილი დასავლეთიდან“), მადრიდის Teatro Real („აიდა“, „ერნანი“, „მცენსკის მაზრის ლედი მაკბეტი“), ნეაპოლის Teatro di San Carlo („ლედი მაკბეტი“), პალერმოს Teatro Massimo („ტურანდოტი“, „აიდა“), ბარსელონას Gran Teatre del Liceu („ბალ-მასკარადი“), დრეზდენის Semprer Oper („ბალ-მასკარადი“, „აიდა“, „დონ კარლოსი“), პეტერბურგის მარიას თეატრი („აიდა“, „მოსასხამი“), სტოკჰოლმის სამეფო ოპერის თეატრი („ოტელო“, „დონ კარლოსი“, „ტრუბადური“, „მაკბეტი“), დალჰალას საოპერო მუსიკის ფესტივალი შვედეთში („ტოსკა“, „სამსონი და დალილა“), მონპელიეს ნაციონალური ოპერის თეატრი („აიდა“, „ოტელო“, „სამსონი და დალილა“), კანადის ოპერის თეატრი („მანონ ლესკო“, „ტოსკა“, „ჟანა დ’არკი“, „მადამ ბატერფლაი“), ოპერა ავსტრალია („აიდა“, „სამსონი და დალილა“, „ჯამბაზები“), პუჩინის ფესტივალი ტორე დელ ლაგოში („მედიჩი“), მესინას Teatro Vittorio Emanuele („ქალიშვილი დასავლეთიდან“, „მოსასხამი“), მოსკოვის დიდი თეატრი („ტოსკა“, „პიკის ქალი“, „ბალ-მასკარადი“, „ბედის ძალა“, „აიდა“, „ნორმა“, „ლუჩია ლამერმურიდან“, „ტრავიატა“, „მაკბეტი“), უნგრეთის ნაციონალური ოპერა („სოფლის ღირსება“, „ჯამბაზები“, „პიკის ქალი“, „ბედის ძალა“), ისრაელის ფილარმონიის ორკესტრი („აიდა“), ტულონის ოპერის თეატრი („სოფლის ღირსება“, „ჯამბაზები“, „ოტელო“), ესტონეთის ნაციონალური ოპერის თეატრი („პიკის ქალი“, „ტოსკა“, „სიმონ ბოკანეგრა“), ლიტვის ნაციონალური ოპერის თეატრი („აიდა“, „ტოსკა“). მას შესრულებული აქვს ოტელოს პარტია ამავე სახელწოდების ოპერაში ასევე კოპენჰაგენში, ნანსიში, ლისაბონში, მალტაში, კეიპტაუნში, რიგაში.
2004 წელს ბადრი მაისურაძემ მონაწილეობა მიიღო მილანის ლა სკალას საოპერო სეზონის გახსნაში (დირიჟორი რიკარდო მუტი).
ხანგრძლივი და წარმატებული კარიერის მანძილზე მომღერალს აგრეთვე უმუშავია ცნობილ დირიჟორებთან, მათ შორისაა: სეიჯი ოძავა, ზუბინ მეთა, დანიელ ორენი, ანტონიო გუადანიო, მარჩელო ვიოტი, მაურიციო ბარბაჩინი, პიტერ ფერენეცი, კარლო რიცი, არვო ვოლმერი, ალექსანდრ ვედერნიკოვი, რიჩარდ ბრედშოუ, მაურიციო არენა, გარსია ნავარო, მაურიციო ბენინი, ჯორჯო მორანდი, ნელო სანტი, ლოურენს ფოსტერი, მსტისლავ როსტროპოვიჩი, ჯანსუღ კახიძე, გივი აზმაიფარაშვილი, ოდისეი დიმიტრიადი და ასე შემდეგ.
ბადრი მაისურაძე ისეთი პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსების ჟიურის წევრია, როგორებიცაა: ბუსეტოს საერთაშორისო კონკურსი „ვერდის ხმები“, პარიზის ბელინის სახელობის კონკურსი, გალინა ვიშნევსკაიას სახელობის ვოკალისტთა კონკურსი, მელბურნის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსი, რიკარდო ზანდონაის სახელობის ახალგაზრდა ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსი, ფლავიანო ლაბოს სახელობის საერთაშორისო კონკურსი.
ბადრი მაისურაძე ბუსეტოს ვერდის სახელობის თეატრისა და სეულის ოპერის თეატრის კონსულტანტი, ასევე მსტისლავ როსტროპოვიჩის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალისა და ART FESTIVAL-ის (პრაღა და უმბრია) მენეჯერია.
რეგულარულად ატარებს მასტერკლასებს გერმანიაში, იტალიაში, საფრანგეთში, კანადასა და ავსტრალიაში.