ყველაფერი იმით დაიწყო, რომ საკუთარ შვილს პირველი თოჯინა დაუმზადა, რადგან, მაშინ ბავშვის სათამაშოები ადვილად არ იშოვებოდა, მას შემდეგ ქალბატონი ნანა ყაულაშვილი საავტორო–საკოლექციო თოჯინების შექმნითაა დაკავებული. როგორც თავად აღნიშნავს, შემოქმედებაში თავისუფალებას ირჩევს და პორტრეტული სახეებით საზღვრების დაწესება საინტერესოდ არ მიაჩნია. ქალბატონი ნანას თოჯინები სხვებისგან იმით განსხვავდება, რომ თითოეული მათგანი სევდიანია, თუმცა მოწყენილი სახის მიღმა შთაბეჭდილება იქმნება, მათში განსაკუთრებული ისტორიიაა აღბეჭდილი. გაგაცნობთ ქალბატონს, რომლის სახლშიც თოჯინების სამყაროა განთავსებული.
მოგვიყევით თქვენს შესახებ, როგორია თქვენი ბიოგრაფია, რა პროფესიის ბრძანდებით?
– დავიბადე პედაგოგების ოჯახში. დავამთავრე თბილისის 10 საშუალო სკოლა, შემდეგ სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი. ვმუშაობ ბავშვთა ოფთალმოლოგად. მყავს მეუღლე და 24 წლის ვაჟი, გიორგი, რომელიც არის არქიტექტორი და სწავლობს გერმანიაში.
როგორც ვიცი, პირველი თოჯინა თქვენს შვილს გიორგის, შეუკერეთ. თუ შეიძლება გაიხსენოთ რა გრძნობა იყო პირველი დასრულებული თოჯინის ხილვა და რატომ გადაწყვიტეთ, რომ გაგაეგრძელებინათ ეს საქმიანობა?
– პორველი თოჯინა ჩემს ვაჟს შევუკერე. იმ დროს არაფერი იშოვებოდა და სწორედ ამან გადამაწყვეტინა თოჯინის შეკერვა. ეს პროცესი იმდენად მომეწონა რომ, ამის შემდეგ დავიწყე ტექსტილის თოჯინების კერვა.
შემდეგ, თანდათან გავართულე და გადავედი საავტორო საკოლექციო თოჯინების კეთებაზე. ერთი თოჯინის გაკეთებას 2 კვირიდან –3თვემდე სჭირდება, გააჩნია სირთულეს, მის ზომას და ა.შ.
ჰყავთ თუ არა მათ პროტოტიპები რეალურ ცხოვრებაში?
– ჩემს თოჯინას არასოდეს ჰყავს პროტოტიპი. ხშირად მიკავშირდებიან და მთხოვენ, რომ სურათის მიხედვით დავამზადო თოჯინა რაზეც ყოველთვის უარს ვამბობ. შემოქმედებაში მთავარია თავისუფალი იყო და არავითარი ჩარჩო არ გზღუდავდეს. პორტრეტული თოჯინა ჩემთვის საინტერესო არ არის.
რა მეთოდებით ცდილობთ თქვენი შემოქმედება გაამრავალფეროვნოთ და როგორია თქვენი სამუშაო გარემო?
– ჩემი შემოქმედებითი გარემოა ჩემი სახლი, რომელიც ძალიან მიყვარს, სადაც ხელს არაფერი მიშლის. არ მაქვს სახელოსნო, რის გამოც, ძალიან ვწუხვარ.
ხელოვნების ნიმუში ითვლება, რომ ავტორის პიროვნების ნაწილია და მის შინაგან სამყაროს ასახავს. როგორია თქვნი თოჯინები და რამდენად ახლოსაა თქვენს ხასითთან, მუშაობის პროცესში რა როლს თამაშობს თქვენი განწყობა?
– ჩემი განწყობა თოჯინების გამომეტყველებაშია ასახული. ამბობენ, რომ ისინი ცოტა სევდიანები არიან, ასეთი ვარ მეც.
აღნიშნავენ, რომ ხელოვანი შემოქმედებითი საქმიანობის დროს ხშირად კარგავს დროისა და სივრცის აღქმას. მუშაობის პროცესში თქვენ თუ დაგიკარგავთ რეალობის შეგრძნება?
– მუშაობის პროცესში ძალიან დიდ როლს თამაშობს განწყობა. ხანდახან თვეობით ვერაფერს ვაკეთებ, ხანდახან კი ღამეებს ვათენებ თოჯინების კეთებაში.
როგორც ვიცი, თოჯინებს სალონებში აბარებთ. მაინტერესებს ინტერესდებით თუ არა მათი მომავალი მფლობელით და გინანიათ თუ არა რომელიმე მათგანის დათმობა?
– ადრე ვაბარებდი სალონებში. ამჟამად სახლში მიკავშირდებიან თუ შეძენა უნდათ. არცერთ თოჯინის გაყიდვაზე არ მინანია, რადგან ისეთ თოჯინებს რომლებიც არ მემეტება, არც ვყიდი. თუმცა ხშირად ვფიქრობ მათზე, წარმოვიდგენ როგორ გარემოში არიან, როგორ უფრთხილდებიან…
გარდა თოჯინებისა, სამკაულებზე, დეკორატიულ ყუთებსა და სუვენირებზეც მუშაობთ. მაინტერესებს, რომელია ნივთი, რომელსაც არასდროს გაყიდით ან გააჩუქებთ?
– ნივთი, რომელსაც არასოდეს გავყიდი და არც გავაჩუქებ, არის ჩემ მიერ დაქარგული ხატები. მათში ძალიან დიდი შრომა მაქვს ჩადებული და ჩემი ოჯახის მფარველებად ვთვლი.
ხელოვანი ადამიანი ბრძანდებით, თუ შეგიძლიათ, მითხრათ, თქვენ, როგორც პიროვნებას ნანა ყაულაშვილს რის შესაძლებლობას გაძლევთ საკუთარი ნიჭი?
– ნიჭი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. მე უბრალოდ გამოვხატავ ჩემს შინაგან სამყაროს. გარდა ამისა მყავს მოსწავლეები რომელებსაც ვასწავლი ამ საქმეს და მათთან ურთოერთობა ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს.
სამომავლო გეგმებზე რომ მესაუბროთ, რისი გაკეთება გსურთ თქვენი შემოქმედების გასავითარებლად, რაზე ოცნებობთ?
– ვოცნებობ, მქონდეს სტუდია-სახელოსნო, სადაც მომსვლელს შეეძლება,როგორც ჩემი ნამუშევრების დათვალიერება, ასევე, თოჯინების გაკეთების შესწავლაც.
ნანუკა მაღლაკელიძე