მედია ხალხის სამსახურში დგას. ხალხს  კი, თავის მხრივ, კრიტიკული აღქმა უნდა ჰქონდეს იმ ინფორმაცის მიმართ, რომელსაც მედიასაშუალებები აწვდიან. თუ საზოგადოება იქნება მედიაწიგნიერი,  ეცოდინება, რომ ჟურნალისტი ვალდებულია, მიაწოდოს დაბალანსებული, ობიექტური, ფაქტზე დაყრდნობილი ინფორმაცია,  ამ შემთხვევაში კი მათთვის რთული იქნება გამოიყენონ მედიპროდუქტი, როგორც მანიპულირების მექანიზმი.  მედიაწიგნიერი და აქტიური საზოგადოების არსებობის მნიშვნელობაზე „თბილისი თაიმსს“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერიტეტის ასოცირებული პროფესორი, მანანა შამილიშვილი. ესაუბრა. მედია ხშირად გამოდის  „მოდარაჯე ძაღლის“ როლში, მაგრამ საინტერესოა, ვინ „უდარაჯებს“  თავად  მედიას?  

15086801_1262910327104355_657475717_nრას ნიშნავს მედიაწიგნიერება, როგორი კრიტერიუმებით შეიძლება, შეფასდეს საზოგადოება მედიაწიგნიერად?

– მედიაწიგნიერება, პირველ ყოვლისა, საზოგადოების მიერ ინფორმაციაზე კონტროლის დამყარებას გულისხმობს. იგი უკავშირდება მედიამომხმარებლის კრიტიკულ აღქმასა და შემოქმედებით აზროვნებას. თანამედროვე ეპოქაში, როდესაც ჭარბი ინფორმაცია „ჰიპერმნეზიის“ საფრთხეს აჩენს, ინფორმაციის ნაკადში ორიენტირებისთვის აღნიშნული უნარები კიდევ მეტ მნიშვნელობას იძენს. მედიამომხმარებლის ამ კომპეტენციებზე საუბრისას, აუცილებლად უნდა შევნიშნოთ მასმედიის როლზე დემოკრატიზაციის პროცესში.  მიუხედავად იმისა, რომ მასმედიას, უმთავრესად, ინფორმირების მისია აკისრია, მას შეუძლია საგანმანათლებლო როლიც იტვიროს, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნებში იძენს.  ამ ტიპის დემოკრატიებში, რომელთაც ჩვენი ქვეყანაც მიეკუთვნება, კვლავაც აქტუალურია პრესის განვითარების კონცეფცია, რომელიც მედიას, როგორც სამოქალაქო განათლების ხელშემწყობს განიხილავს. სხვათა შორის, ეს კონცეფცია ჩვენთან წარმატებით განხორციელდა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც ჟურნალისტიკამ საზოგადოებაში წიგნიერებისა და განათლების შემტანის მისია იტვირთა და ამით ქვეყანას ასიმილაციისა და დენაციონალიზმის საფრთხე ააცილა. დღეს, დემოკრატიზაციის პროცესში, ჟურნალისტიკა სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებასა და დემოკრატიულ პროცესებში საზოგადოების ჩართულობას უნდა უწყობდეს ხელს. ეს კი, უმთავრესად, საზოგადოებრივი მაუწყებლის პრეროგატივაა. გავიხსენოთ, რომ BBC-ის ცნობილი სლოგანია: „ინფორმირება, გართობა, განსწავლა“.

მაინტერესებს თქვენი, როგორც მედიის მკვლევარის შეფასება, დღეს რამდენად მედიაწიგნიერია საზოგადოება?

– ვფიქრობ, დღეს ჩვენი საზოგადოება მეტადაა გაცნობიერებული მედიის როლსა და მნიშვნელობაში, უფრო კრიტიკული და მომთხოვნია. აქვე უნდა შევნიშნო საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან მედიაწიგნიერების ხელშეწყობის კუთხით გაგადგმული სასიკეთო ნაბიჯების თაობაზე. ამის თქმის უფლებას იძლევა საჭირბოროტო თემებზე აქცენტირებული მრავალფეროვანი შინაარსი, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული ძალისხმევა, რაც ინფორმაციის ნაკადში სწორი არჩევნის გაკეთებისა და ინფორმაციის „გაფილტვრის“ შესაძლებლობას ქმნის.

თქვენი აზრით, რა როლს თამაშობს საზოგადოება მედიის მუშაობის პროცესში, რა გზით შეუძლიათ მათ, რომ მედიის განვითარებას შეუწყონ ხელი?

– საზოგადოებას უკეთ  უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული, რომ მედიის მთავარი დემოკრატიული პრინციპი თვით სოციუმისადმი ერთგულებასა და  პასუხისმგებლიანობაში ვლინდება. მედიის განვითარების ხელშეწყობისთვის საჭიროა აუდიტორიის მოწადინება – უარი უთხრან მდარე, ფრივოლური შინაარსის მედიაპროდუქტს და უპირატესობა მიანიჭონ სერიოზულ, ანალიზზე დამყარებულ ჟურნალისტურ ნაწარმოებს, ან იმ მედიასაშუალებებს, რომლებიც პასუხისმგებლობით ეკიდებიან საზოგადოების მოთხოვნებს და მას გემოვნებიან პროდუქციას სთავაზობენ.

თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ კონკრეტული შემთხვევა, როდესაც ადამიანებმა შეძლეს თავი დაეღწიათ მედიის მანიპულაციისგან, ფაქტი, როდესაც მათ ჟურნალისტებისგან მოითხოვეს პროფესიული სტანდარტების დაცვა; რა შედეგით დასრულდა მცდელობა (ქართული ან უცხოური გამოცდილება)?

– კონკრეტულ შემთხვევას რაც შეეხება, გავიხსენებ მედიამანიპულირების ყველაზე მკაფიო მაგალითს, რომელიც ე.წ. „მოდელირებულ ქრონიკას“ უკავშირდება. იმდენად დიდი იყო ამ გადაცემით საზოგადოების აღშფოთება, რომ უამრავმა ადამიანმა, იმ დროს არსებული ხელისუფლების მომხრეებმაც და მოწინააღმდეგეებმაც, ღიად გამოხატეს პროტესტი მედიის ასეთი გაუგონარი უპასუხისმგებლობის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ღია პროტესტის სხვა შემთხვევები არ მახსენდება. საზღვარგარეთულ მედიას ამ მხრივ მდიდარი გამოცდილება აქვს და არაერთი მაგალითის დამოწმება შეიძლება.. განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში მედიამანიპულირების აშკარა შემთხვევები ნაკლებად გვხვდება, მაგრამ თანამედროვე ეპოქაში საზოგადოების ცნობიერებაზე მანიპულირების ისეთი დახვეწილი ფორმები არსებობს, რომ  გაუთვითცნობიერებელი თვალით მათი შემჩნევა და რეალობისგან სიმულაციის გამიჯვნა თითქმის შეუძლებელია.  

თუ შეგიძლიათ, დემოკრატიულ ქვეყნებთან პარალელი რომ გაავლოთ და შეადაროთ  არის თუ არა საზოგადოება თვითკმარი  განვითარებულ  ქვეყნებში და  რა მდგომარეობაა ამ კუთხით საქართველოში?

– დემოკრატიულ ქვეყნებთან პარალელის გავლება არ მგონია იყოს მიზანშეწონილი, რადგან იქ დიდი ხანია მიღწეულია თანხმობა მედიას, საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის – ესაა ღირებულებითი კონსენსუსი, რაც დემოკრატიულ ფასეულობათა ერთგულებას ეფუძნება. თუკი აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნებს მივიღებთ მხედველობაში, რომლებიც საბჭოთა კავშირის გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ, აქაც დიდი სხვაობაა – მათ უფრო ხანმოკლე საბჭოური გამოცდილება აქვთ და თანაც,  ისტორიული, გეოგრაფიული, მენტალური და სხვა ფაქტორები განსაზღვრავს იქ დემოკრატიულობის მაღალ ხარისხსა და განვითარების შეუქცევად ვექტორს. მიუხედავად ამისა, მედიის თემა აღმოსავლეთ ევროპის რიგ დემოკრატიაში მაინც მოწყვლადია. რაც შეეხება პოსტსაბჭოთა სივრცეს, მედიაპლურალიზმის კუხით აშკარა წინსვლა გვაქვს და მისაბაძებიც კი ვართ ცალკეული საზოგადოებებისთვის, განსაკუთრებით  რეგიონული მასშტაბით.

თუ შეგიძლიათ რჩევის სახით რომ ჩამოთვალოთ, რისი მოთხოვნის უფლება აქვს საზოგადოებას ჟურნალისტებისგან და როგორი  სახის მასალების განვითარებაა საჭირო მედიაბაზარზე?

– საზოგადოებას უფლება აქვს, მოითხოვოს მედიისგან მართალი, გადამოწმებული ინფორმაცია, ხელისუფლების მეთვალყურის როლის ეფექტურად შესრულება, „შემოწმებისა და ბალანსის“ პრინციპის დაცვა. მოქალაქეებისადმი ერთგულების ნიშნად, მედია მუდმივად უნდა აკონტროლებდეს ხელისუფლებას, რათა უმცირესი გადაცდომაც კი არ დარჩეს რეაგირების გარეშე. ამ მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია საგამოძიებო ჟურნალისტიკის განვითარება. სწორედ ამ გზით შეძლებს საზოგადოება თვალი ადევნოს მის მიერ დაქირავებულ ჩინოვნიკთა ქმედებებს, რაც, თავის მხრივ,  გააზრებული არჩევნის წინაპირობად იქცევა. გარდა ამისა, მედიას თავადვე შეუძლია დემოკრატიის მექანიზმები შეიმუშავოს და ხელი შეუწყოს სასიკეთო პროცესებს. მაგრამ, სამწუხაროდ, ისევ მოწმენი ვხდებით მედიაგარემოს პოლარიზებისა, სადაც კვლავ აქტუალურია ერთი მკვლევრის ხატოვანი  გამონათქვამი: „მედია ესაა ხელისუფლება პასუხისმგებლობის გარეშე“.

როგორ ფიქრობთ, მედია ასრულებს ხალხის დაკვეთას, თუ საზოგადოება ხდება იძულებული, რომ მათ მიერ შეთავაზებული მედიაპროდუქტი მიიღოს?

– რაც შეეხება დაკვეთას, ამ მხრივ ქართულ რეალობაში ე.წ. აკუმულირების თეორიის აშკარა დადასტურებას ვხედავთ – მედიის მიერ მიზანმიმართულად მიწოდებული, მნიშვნელობისგან დაცლილი და გართობაზე ორიენტირებული კონტენტი დროთა განმავლობაში იწვევს აუდიტორიის მასზე დამოკიდებულებას. საბოლოოდ, ეს განწყობები აკუმულირდება და მოთხოვნის სახეს იძენს. განსაკუთრებით ეს კიჩურ პროდუქციაზე ითქმის, რომლის მოჭარბებაც ასე აშკარაა ქართულ მედიაბაზარზე. გამოსავალი კვლავ და კვლავ მედიაწიგნიერი საზოგადოების გაძლიერებაშია.. ამერიკულ გამოცდილებას თუ დავეყრდნობით, პულიცერი/ჰერსტის „ყვითელი ჟურნალისტიკის“ ზეობის ხანა სწორედ მაშინ დასრულდა, როცა თავად საზოგადოებამ თქვა უარი ამგვარ პროდუქციაზე. ასე რომ, სენსაციის მორიგი „ულუფის“ ლოდინს, სჯობს დროულად გავაცნობიეროთ, რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი და მედია ჩვენს სამსახურში ჩავაყენოთ.

ნანუკა მაღლაკელიძე

ნანუკა

Please follow and like us: