თბილი დღეა, ნოემბრისთვის უჩვეულოდ. ბადრი კი ჩვეულებისამებრ ზის სკვერში და ტიტველქალებიანი ბანქოთი ჯოკერს თამაშობს.
ცოტა ანერვიულებულია, დარიგება მოუწია და მისდაუნებურად ერთი ათქმევინეს, სამოცდაათი პროცენტი “ხიშტზეა”. ასე, რომ შეიძლება ითქვას, ახლა ის მისი მეუღლის – თამილას ბედს იზიარებს; თამილაც “ხიშტზეა”, ოღონდ ბადრისგან განსხავებით ის უფრო ადამიანურ “ხიშტზეა” (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით). ჰო, კიდევ ერთი განსხავება ის არის, რომ ბადრი მშვენივრად თამაშობს ჯოკერს და იშვიათად არის “ხიშტზე”, თამილა კი პირიქით – მშვენივრად თამაშობს “ხიშტზე”, მაგრამ ჯოკერი ახლახანს მოუვიდა…
თამილა თურქეთშია, აქსარაიში; ფაბრიკაში სამუშაოდ წაიყვანა მისმა მეზობელმა, უთხრა მაისურები უნდა დააუთოვო, საქმე ძნელი არ არის, ჭამა-სმა და ბინაც უფასო იქნებაო. თუმცა სულ მცირე ხანი მოუწია უთოს ტრიალი, მერე ისმაილ ბეი – უფროსი – ესტუმრა ფაბრიკას და თამილას გაბარიტებმა ისე მოხიბლა ეს შავულვაშაშლილი თურქი, რომ… მოკლედ, ასე დაიწყო თამილას ყოველდღიური და ზოგჯერ დღეში ორჯერ “ხიშტზე” ყოფნა. თუმცა ბადრისგან განსხვავებით თამილას ძალიან არ უნერვიულია “ხიშტის” გამო, მალევე შეეგუა და ბადრიც კი გაახარა – სხვა ფაბრიკაში გადავედი და ხელფასი მომიმატესო. აგაშენა ღმერთმა, ბადრიმაც მოუმატა ტოტალიზატორში სიარულს და ოჯახშიც იმატა ჰარმონიამ, ოღონდ უკვე “სკაიპით”.
ყოველ საღამოს თბილი ცოლ-ქმრული საუბრები გაჩაღდებოდა ხოლმე აქსარაიდან პლეხანოვზე. გავიდა სამი თვე და ჩამობრძანდა ქალბატონი თამილა, ჩამობრძანდა მაგრამ რა ჩამობრძანდა, გაავსო სახლი სურსათ-სანოვაგით და ახალი, ორსართულიანი მაცივარიც მოაგუგუნა მეორე დღესვე. მაგრამ ბადრი მაინც, ყველაზე მეტად, ტყავის ქურთუკმა და ტყავისვე წვეტიანმა ფეხსაცმელებმა გაახარა. ბედი რომ გექნება კაცს, ისმაილ ბეი და ბადრი ერთი და იგივე ზომისანი აღმოჩნდნენ. ალბათ თამილაც ამიტომაც მოერგო ასე კარგად ისმაილ ბეის…
მალე ისევ მიეცა წასვლის საშუალება თამილას და ახლა უკვე ხანგრძლივი ვადით წავიდა აქსარაიში თავის შავულვაშაშლილ ისმაილ ბეისთან. ასე გაჩაღდა საქართველოში თურქული ინვესტიციის და თურქეთში ქართული პროსტიტუციის კიდევ ერთი კერა… ჰოდა, ზის ჩვენი ქართველი “ინვესტორი” ეფენდი ბადრი სკვერში და აფრიალებს ტიტვექალებიანი ბანქოს ბანკნოტებს, ზოგჯერ “ხიშტზეა” და ზოგჯერაც ცხრიდან ცხრავე აჰყავს, მაგრამ გულის სიღრმეში მუდამ კმაყოფილია რადგან ქალბატონი თამილა და ისმაილ ბეი არაფერს აკლებენ აქსარაიდან.
ერთადერთი რაც აწუხებს მისი ძმისშვილის ლევანის ჩაცმულობა და ყურის უკიდურეს ზედა ნაწილში ვერცხლისფრად შეფერილი საყურეა, დაიკარგა ქართველობა და ქართული ჟინიო ამბობს.
ამბობს და თქვას! ეფენდი ბადრის მაინც აღარავინ უსმენს “სკაიპში” თამილას გარდა და ისიც მხოლოდ მაშინ, როცა ისმაილ ბეის უნდა…
თქვენ კი ღრმადპატივცემულო, თავკისერფეხტვინგულგაყინულო და ილიასებური ბედნიერებით გაბადრულო ერო, მოარიდეთ შავულვაშაშლილ ისმაილებს, მუჰამედებს, ქასიმებს და ქემალებს ქართველი ქალები და მოერიდეთ თქვენც სანამ მთელი ერი არ “გახიშტულა”! საყურადღებოა კიდევ ერთი ფაქტი – დღეს მსოფლიოში ცნობილი და ნობელის პრემიის მფლობელი, თურქი მწერალი ორჰან ფამუქი თავის ერთ-ერთ რომანში “თოვლი”, საქვეყნოდ გვჭრის ქართველებს თავს, საუბრობს არა ვინმე ინდივიდზე, არამედ ქართველებზე, როგორც ერზე, გვიწოდებს წურბელებს, ღატაკებს და ყოველგვარ მორალდაკარგულებს! “ქალი – იქა, ფული – აქა, ხიშტი იქა – ბადრი აქა”
რომა ვაწაძე