ლევან ვარშალომიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობაზე უარს აცხადებს. მის ნაცვლად უმაღლეს საბჭოში, “ნაციონალური მოძრაობის” სიის მე-5 ნომერი, ასმათ დიასამიზე შევა.
“მე არ შევდივარ უმაღლეს საბჭოში, არც როგორც ლიდერი და არც როგორც დეპუტატი. ეს მომცემს საშუალებას, უფრო აქტიურად შევხვდე ხალხს და ვიმუშავო იმ პროექტებზე, რომელიც მნიშვნელოვანია ხალხისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ მე მივდივარ პოლიტიკიდან ან ვტოვებ ჩემს მხარდამჭერებს. ეს ნიშნავს, რომ მთელი ჩემი ძალისხმევა მოხდეს გუნდის განახლებაზე” – განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.
დღესვე ლევან ვარშალლომიძემ ელგუჯა ბაგრატიონი, „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარედ დაასახელა. ლევან ვარშალომიძის განცხადებით, ის არ აპირებს აჭარიდან წასვლას.
დღესვე ვარშალომიძემ არჩევნები შეაფასა.
“დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩართული იყო საარჩევნო პროცესში და ჩემს გვერდით იდგა, მარწმუნებდა, რომ არ უნდა დავნებებულიყავი. მტკიცედ ვარ დარწმუნებული, ჩემი გუნდის გარეშე ვერაფერს გავაკეთებდი. ამასთან, ბოდიში მინდა მოვუხადო ჩვენს ამომრჩეველს, რომ ვერ დავაკმაყოფილეთ მათი მოთხოვნები და გაფრთხილება, რომ არჩევნები გაყალბდებოდა. მე ვერ დავიცავი მათი ხმა” – განაცხადა ვარშალომიძემ.