„საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გვაქვს კონკრეტული მიზანი, საქართველოს კონსტიტუციის დახვეწა. თითოეული ინიციატივა უნდა იყოს ინდივიდუალურად განხილული. ჩვენ გვჭირდება ისეთი ფორმატი, რომელიც ამ მიზნის მიღწევისთვის ეფექტიანი იქნება“. ახალი მოწვევის პარლამენტის სამომავლო გეგმების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა ღია ეთერში“ ისაუბრა.
„ეს მისია საკმაოდ რთულია და მინდა საქართველოს პარლამენტს ნდობისთვის დიდი მადლობა გადავუხადო. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში არა ერთ გამოწვევას უნდა შევეჭიდოთ. ზოგადი ამოცანაა რომ გავაღრმავოთ ინსტიტუტებს შორის ურთიერთობები და ერთად ვიმუშაოთ, მაქსიმალური გავაკეთოთ ქვეყნის სასიკეთოდ. დღევანდელი დღის მნიშვნელობიდან გამომდინარე თავს შევიკავებ პრეზიდენტის გამოსვლის კონკრეტული დეტალების შეფასებისგან. პრეზიდენტთან და პრემიერ–მინისტრთან საუბარი იყო ზოგადი და არა კონკრეტული, განვიხილეთ სამომავლო გეგმები.
იყო გარკვეული სირთულეები ურთიერთობებში, თუმცა გასული ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ მივაღწიეთ ფუნდამენტურ წინსვლას ხელისუფლების დანაწილების სისტემის გაძლიერების თვალსაზრისით. მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, შევეცდები ურთიერთობები გავხადო კონსტრუქციული ყველა კონსტიტუციურ ორგანოს შორის. თუმცა დღევანდელმა დებატებმა გამოავლინა, რომ სირთულეები გვექნება. თვისებრივად განსხვავებულ განვითარების რელსებზე უნდა გადავიდეთ. დღეს არჩევნების შემდეგ მნიშვნელოვანია, რომ ჩამოყალიბდეს კონსტრუქციული თანამშრომლობა პარლამენტის შიგნით. მმართველი ძალა ამისთვის ყველაფერ გააკეთებს. ჩვენი მიდგომა იქნება პოზიტიური, მომავალზე და განვითარებაზე ორიენტირებული.
საკონტროლო ფუნქციები პარლამენტისთვის არის ერთ–ერთი მთავარი. გვახსოვს როგორი ორგანო იყო პარლამენტი 2012 წლამდე და მას შემდეგ როგორ განვითარდა საკონტროლო ფუნქციები. ის, რომ გვაქვს საკონსტუტუციო უმრავლესობა და შესაბამისად ვაკომპლექტებთ პარლამენტს, არ ნიშნავს იმას,რომ არ იქნება გამიჯვნა სახელისუფლებო ორგანოების ფუნქციებს შორის. ეს არის ნებისმიერი საპარლამენტო სისტემისთვის დამახასიათებელი მოვლენა. ნებისმიერ შემთხვევაში მთავრობას აკომპლექტებს საპარლამენტო უმრავლესობა. მართლმსაჯულების მიმართულებითაც გვაქვს მნიშვნელოვანი წინსვლა, გასული ოთხი წლის განმავლობაში ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ გაზრდილიყო სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა. სასამართლო სისტემის დაწყებულ რეფორმას ახალი მოწვევის პარლამენტიც გააგრძელებს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში პარლამენტი იყოს ძლიერი ორგანო,“–განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მანანა ღოღობერიძე