საქართველოში განათლების კუთხით უამრავი რეფორმა განხორციელდა. დღეს ქვეყანაში ბევრი უმაღლესი სასწავლებელია, არსებულ სასწავლებლებში მხოლოდ ქართველი სტუდენტები არ სწავლობენ. სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდებს საშუალება აქვთ ჩამოვიდნენ და შესაბამისი განათლება მიიღონ.

საქსტატის ინფორმაციით, 2015-2016 სასწავლო წელს საქართველოში არსებულ უნივერსიტეტებში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა – სახელმწიფო სასწავლებლებში – 3049, ხოლო კერძოში – 3594 სტუდენტს შეადგენდა.

studentebi

ალბათ, ხშირად შეგხვედრიათ ჯგუფებად მოსიარულე უცხოელი ახალგაზრდები – საზოგადოებრივ ტრანსპორტში ან უბრალოდ ქუჩაში.  უცხო ქვეყანაში ცხოვრება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. საინტერესოა, რა პრობლემებს აწყდებიან უცხოელი სტუდენტები საქართველოში. ამის გასარკვევად „თბილისი თაიმსი“ რამდენიმე უცხოელ სტუდენტს ესაუბრა.

სტუდენტი ინდოეთიდან : „საქართველო იმიტომ ავირჩიე, რომ აქ სწავლა იაფია. რაც შეეხება სწავლის ხარისხს, კმაყოფილი ვარ. პრობლემა მხოლოდ ამინდი და საკვებია. აქ ვერ ვშოულობთ ისეთ პროდუქტებს, რომლებიც ჩვენთან არის. ქართულს ვსწავლობ და მალე საუბარსაც შევძლებ. სტუდენტებთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს. მინდა, რომ სწავლა აქ გავაგრძელო.“

სტუდენტი ერაყიდან: „სამედიცინოზე სწავლა მინდოდა და საქართველო ამისთვის კარგი ვარიანტი იყო. მომწონს აქ. ერთადერთი პრობლემა ქართული ენაა, ძალიან რთულია. აქაურებს კარგად შევეწყვე. ინტეგრაცია არ მიჭირს, მეგობრებიც მყავს და მეგობარი გოგონაც. ასე რომ, ეს ჩემთვის არაა პრობლემა. სამომავლოდაც თუ სწავლას აქ გავაგრძელებ ჯერ არ გადამიწყვეტია, ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული. სურვილი ნამდვილად მაქვს. ვნახოთ.“

სტუდენტები ინდოეთიდან: „ აქ სწავლა იაფია და შესაბამისად ამიტომ ავირჩიეთ საქართველო. სწავლის ხარისხიც გვაკმაყოფილებს. აქ კარგად ვართ. თუმცა ქართული არ ვიცით და ეს პრობლემაა. ქართველ სტუდენტებთანაც არ გვაქვს ურთიერთობა. სავარაუდოდ, სწავლას აქ გავაგრძელებთ.“

სტუდენტი რუსეთიდან: „პირველ კურსზე ვარ. საქართველოში ნამდვილად არაფერი პრობლემა არ მაქვს. ყველაფერი კარგია.“

სტუდენტი ინდოეთიდან: „საქართველოში სწავლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ამ ქვეყანას კარგი რეპუტაცია აქვს. აქ უსაფრთხოა. სწავლის ხარისხს რაც შეეხება, კარგია, მაგრამ პრაქტიკა გვაკლია. უკეთესი იქნება თუ უფრო მეტი პრაქტიკა გვექნება. პრობლემა? – ენა, ქართული ენა ძალიან რთულია. გარდა ამისა, მართალია ზოგი ადამიანი თავაზიანია, მაგრამ ზოგი ძალიან უხეშია. ქართველი მეგობრები არ მყავს. ისინი ცალკე არიან და ჩვენ – ცალკე. ყველგან დაყოფილები ვართ. ეს უმეტესად ენის ბარიერის გამოა. სწავლის გაგრძელებას რაც შეეხება, თუ ყველაფერი კარგად იქნება და მოვიპოვებ ბაკალავრის დიპლომს, ვაპირებ გავაგრძელო საქართველოში სწავლა.“

სტუდენტი სამხრეთ კორეიდან: „ ქართველ სტუდენტებთან ინტეგრაცია არ მიჭირს. მეგობრებიც მყავს. მათ ინგლისურად ვესაუბრები. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ქართული არ ვიცი. მეტი არაფერი. ყველაფერი მომწონს. “

სტუდენტი ერაყიდან: „ ჩემი ძმა სწავლობს საქართველოში და მეც ამიტომ ვარ აქ. სწავლის ხარისხი კმაყოფილი ვარ. ზოგადად საქართველოში არანაირი პრობლემა არ მაქვს, მაგრამ უნივერსიტეტში და სწავლასთან დაკავშირებით დიახ. ინგლისურიდან ვთარგმნი არაბულად, რომ კარგად გავიგო. ამას ძალიან დიდი დრო მიაქვს. შესაბამისად, ესაა ჩემთვის პრობლემა. საქართველოში სწავლის გაგრძელება მინდა და ალბათ, გავაგრძელებ კიდეც. ყველაფერს დრო გვიჩნებს.“

როგორც უკვე აღვნიშნე, უცხო ქვეყანაში ცხოვრება სირთულეებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, იმ სტუდენტებს, რომლებმაც არ იციან ქვეყნის კულტურა და ენა, რომელშიც სასწავლებლად მიდიან, ბევრი პრობლემები ექმნებათ. ეს ჩვენი გამოკითხვიდანაც გამოიკვეთა. ამ პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, უცხოელ სტუდენტებს სჭირდებათ გზამკვლევი, რომელიც მათ დააკვალიანებთ და ხელს შეუწყობს მათ ინტეგრაციას გარემოსთან.

„თბილისი თაიმსი“ ორგანიზაცია ,,კავკასიის ახალგაზრდული კავშირს’’ დაუკავშირდა, რომელიც ახორციელებდა პროექტს სახელწოდებით – „უცხოელი სტუდენტების უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის ცენტრი“. პროექტი მიმდინარე წლის ივლისში დასრულდა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში მათ 12 უცხოელი სტუდენტი დაუკავშირდათ სხვადასხვა პრობლემების მოგვარების თხოვნით.

caynex-ge„კავკასიის ახალგაზრდული კავშირის“ პრეზიდენტმა გიორგი აზარიაშვილი: „უცხოელი სტუდენტების უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის ცენტრმა“  ფუნქციონირება 2015 წლის 7 სექტემბერს დაიწყო. ცენტრის ფუნქციებში შედიოდა: უფლებათა დარღვევის ფაქტების გამოვლენა, სტუდენტებისთვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა, სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის პრევენცია ცნობიერების ამაღლების გზით,  სტუდენტებისთვის საინფორმაციო სახის დახმარების გაწევა და უცხოელი სტუდენტების დაახლოება ქართველ ახალგაზრდებთან სხვადასხვა ინტერკულტურული ღონისძიებების საშუალებით.

ერთწლიანი პროექტის ფარგლებში გამოკვეთილი პრობლემატური საკითხების საფუძველზე „კავკასიის ახალგაზრდულმა კავშირმა“ შეიმუშავა დოკუმენტი, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა. ამ დოკუმენტის მიზანია ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და შესაბამის უწყებებს უცხოელი სტუდენტების პრობლემებზე. საინტერესოა რა იყო ის ძირითადი პრობლემები, რომლებიც გამოვლინდა უცხოელი სტუდენტების პრაქტიკაში. დოკუმენტში საუბარია შემდეგ პრობლემებზე.

  1. საქართველოს ვიზის და ბინადრობის პრობლემები

„იმ გამოცდილების საფუძველზე, რომელიც ჩვენმა ცენტრმა ერთწლიანი მუშობის შედეგად მიიღო, გამოიკვეთა უცხოელი სტუდენტების კრიტიკული პრობლემები. პირველ რიგში, ეს უკავშირდება ვიზისა და სასწავლო ბინადრობის ნებართვის მიღების პროცესს.“

2კომუნიკაციასთან დაკავშირებული პრობლემები სტუდენტებსა და სამინისტროებს, სამინისტროებსა და ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა შორის

„მიუხედავად საგარეო საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდებზე ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევისა და სხვადასხვა დამხმარე დოკუმენტებისარსებობის, სტუდენტებს მაინც აწუხებთ ინფორმაციის ნაკლებობა. ასევე ხშირადაა სამინისტროსთან კომუნიკაციის პრობლემა, რაც ენობრივი ბარიერიდან გამომდინარეობს… ასევე არ არის მჭიდრო კავშირი სამინისტორებსა და საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის.  იმ შემთხვევაში თუ სტუდენტი მიმრთავს სამინისტროს, ისინი ამისამართებენ ისევ უნივერსიტეტთან იმ მიზეზით, რომ არ ერევიან უნივერსიტეტის საქმიანობაში“.

 3უნივერსიტეტთან დაკავშირებული პრობლემის აღწერა

„უცხოელი სტუდენტები ხშირად მოგვმართავენ პრობლემებით, რომელიც დაკავშირებულია სწავლის პროცესთან , მათი ყოფნის პერიოდში დასაგროვებელი კრედიტების სწორად გადანაწილებასთან, გადასახადის გადახდასთან, დაბალ სტიპენდიებთან, უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან,   თუ სხვა პრობლემებთან. ბევრი სტუდენტი უკმაყოფილოა კულტურული შესაძლებლბების არარსებობით, არ ტარდება ექსკურსიები, ღონისძიებები, შეხვედრები და 4–5 წლის გასვლის შემდეგ მათ არ აქვთ ცოდნა საქართველოსა და მისი ღირშესანიშნაობების, კულტურის შესახებ.

ცენტრისთვის ეს პრობლემა ინდივიდუალურად არავის არ წამოუყენებია, რადგან ეს არ არის საკითხი, რომელიც იურისტის დახმარებას საჭიროებს, თუმცა ყველა ღონისძიებაზე, რომელიც ცენტრის ფარგლებში ჩატარებულა (მრგვალი მაგიდა, ინტერკულინარიული საღამო, ფილმის ჩვენება – დისკუსია, ინტერკულტურული დიალოგი)  ერთხმად გამოთქვამდნენ პრეტენზიას აღნიშნულთან დაკავშირებით.“

4საპატრულო პოლიციასა და უცხოელ სტუდენტებს შორის არსებული პრობლემები

„ხშირად უცხოელი სტუდენტები აწყდებიან პრობლემებს საპატრულო პოლიციასთან ურთიერთობისას.  აღნიშნული ძირითადად ეხება ენობრივი ბარიერის პრობლემას და ზოგ შემთხვევაში არაპროფესიონალურ დამოკიდებულებას სამართალდამცავების მხრიდან.  უმეტეს შემთხვევაში პატრული ვერ ახერხებს სტუდენტებისთვის დახმარების გაწევას, რადგან ენის არცოდნის გამო ვერ ხდება სწორი კომუნიკაცია. ასევე ხშირია გულგრილი დამოკიდებულება უცხოელებისა და მათი პრობლემების მიმართ. ეს ყველაფერი უცხოელ სტუდენტებს დაუცველობის გრძნობას აღუძრავს და კრიტიკული პრობლემის არსებობის შემთხვევაშიც თავს იკავებენ საპატრულო პოლიციასთან დაკავშირებისგან.

აღნიშნული პრობლემით ცენტრს დაუკავშირდა 12 სტუდენტი, რომელთა დახმარებას ცენტრი იურისტისა და სახალხო დამცველის აპარატის მეშვეობით.

„ეს პროექტი ივლისში დამთავრდა, ცენტრმა აგვისტოდან შეწყვიტა მოქმედება. ამჟამად, ვმუშაობთ მის გაგრძელებაზე. ჯერჯერობით ხელჩასაჭიდი არაფერი გვაქვს, თუმცა გაგრძელებას ვგეგმავთ და ვნახოთ შემდეგ რა იქნება,“ – განაცხადა  „კავკასიის ახალგაზრდული კავშირის“ პრეზიდენტმა.

ნინო მაზიაშვილი

Please follow and like us: