25 ნოემბერს საქართველოსა და მთელ მსოფლიოში აღნიშნავენ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს, რომელიც ხსნის 16-დღიან კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ. პროტესტის მიზეზი მრავალფეროვანია: ოჯახური ძალადობიდან დაწყებული, სოციალური უთანასწორობით დამთავრებული. 2015 წელს ქართველმა ფემინისტებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს არასრულწლოვან გოგონათა ნაადრევი ქორწინების პრაქტიკასა და აქედან მომდინარე პრობლემებზე, რასაც შემდგომ მოჰყვა არასრულწლოვანთა ქორწინების რეგისტრაციის შეზღუდვის შესახებ კანონის მიღება. ამ თარიღთან დაკავშირებით სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია აქციათა ციკლს მართავს. კამპანიაში აქტიურ მონაწილეობას იღებს სახალხო დამცველის აპარატიც.

რა შეიცვალა ერთი წლის განმავლობაში? რა თემა იქნება პრიორიტეტული 2016 წლის 25 ნოემბერს? ამ და სხვა საკითხებზე “თბილისი თაიმსს“ საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე ესაუბრა.

15139703_567914440077195_2117047947_n25 ნოემბერს, ტრადიციულად, იწყება 16-დღიანი კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ. რა ღონისძიებებს გეგმავს სახალხო დამცველის აპარატი, რის გაკეთებას აპირებს ამ ციკლის განმავლობაში?

– საქართველოს სახალხო დამცველი 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში მუდმივად ახორციელებს სხვადასხვა აქტივობებს. მიმდინარე წელს დაგეგმილია საჯარო დებატები, რომელიც 25 ნოემბერს, თელავში გაიმართება. დებატების მთავარი თემაა – ტრადიციით გამართლებული ძალადობა გოგონებსა და ქალებზე. ამასთან, გავრცელდება სახალხო დამცველის სპეციალური განცხადება, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საკითხებზე.

16-დღიანი კამპანიის მიღწევად შეიძლევა მივიჩნიოთ კანონში შეტანილი ცვლილება, რომლის მიხედვით, 2017 წლის 1-ლი იანვრიდან არასრულწლოვან პირთა ქორწინება უკანონოდ ჩაითვლება.  მიუხედავად ამისა, არის საშიშროება, რომ რეგიონებში ისევ განხორციელდება მსგავსი პრაქტიკა. რა მექანიზმები უნდა შეიმუშავოს სახელმწიფომ, რათა მოხდეს ადრეული ასაკის პირთა იძულებითი ქორწინების პრევენცია?

 – საქართველოს სახალხო დამცველის  აპარატის სიღრმისეული შესწავლის  შედეგების და ინდივიდუალური  საქმეების განხილვის შედეგად  მიღებული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ აღნიშნული წინადადება კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოს კანონმდებლობის დახვეწისა და  ზოგადად, ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციისათვის. თუმცა, აქვე მნიშვნელოვანია, რომ  საკანონმდებლო ცვლილებას თან სდევდეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და პრაქტიკაში განხორციელების ხელშეწყობისაკენ მიმართული სხვა ღონისძიებები. გამომდინარე იქიდან, რომ ქორწინების რეგისტრაციას განსაკუთრებული გავლენა აქვს ქალთა ქონებრივ უფლებებზე, საქართველოს სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებითაც გადაიხედოს და დაიხვეწოს საქართველოს კანონმდებლობა.

 წინა წლის 25 ნოემბერს წამყვან საკითხად გამოიტანეთ ნაადრევი, იძულებითი ქორწინება არასრულწლოვან გოგოებში. რა თემას გამოიტანთ პირველ პლანზე 2016 წელს?

წელს, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ქალის გენიტალიების დასახიჩრების მავნე პრაქტიკასა და სავალალო შედეგებზე.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2015 წელი ქალთა წლად გამოაცხადა. რა შეიცვალა ქართველი ქალებისთვის ამ ერთი წლის განმავლობაში იმავე საკანონმდებლო დონეზე? როგორ აისახა წინა წლის შედეგები 2016 წელზე?

 – გარდა იმისა, რომ 2015 წელი ქალთა წლად გამოცხადდა,  მნიშვნელოვანი იყო კვოტირების მექანიზმის შემუშავებასთან დაკავშირებით წამოწყებული საპარლამენტო განხილვები. საქართველოს პარლამენტს ამ საკითხთან დაკავშირებით წარედგინა პარლამენტის წევრის, ნანა ყეინიშვილის და ქალთა მოძრაობის ინიციატივები. საქართველოს სახალხო დამცველმა მხარი დაუჭირა ქალთა მოძრაობის ინიციატივას 50/50, რომელიც გულისხმობს კანდიდატთა სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის წარმომადგენელს. სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა კვოტირებასთან დაკავშირებულ არცერთ ინიციატივას.  ამასთან, საკმაოდ მაღალია პარლამენტის წევრთა რიცხვი, რომლებიც არ იზიარებენ ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის მიერ, საქართველოს მე–4 და მე–5 პერიოდული ანგარიშების განხილვის შემდეგ მიღებულ რეკომენდაციას, რომლის მიხედვითაც  კომიტეტმა სახელმწიფოს მოუწოდა მიიღოს დროებითი სპეციალური ზომები, მათ შორის რეგლამენტირებული კვოტები, კონვენციის მე–4 მუხლის (1 პარაგრაფის) მე–7 მუხლის და კომიტეტის 23–ე და 25-ე ზოგადი რეკომენდაციის შესაბამისად. 

გარდა ამისა, პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ინიციატივას, რომელიც სისხლის  სამართლის კოდექსში ფემიციდის დეფინიციას შეეხებოდა. ასევე, კანონპროექტს, რომლის მიხედვით სექსუალური შევიწროება ადმინისტრაციული სამართალდარღვევად მიიჩნეოდა.

რა სახის დარღვევები ჭარბობს ქალთა უფლებების კუთხით? რა ტენდენცია გამოვლინდა 2016 წელს?

– 2016 წელს კვლავ გამოწვევას წარმოადგენდა ქალთა მიმართ ძალადობა, ოჯახში ძალადობა, ადრეულ ასაკში ქორწინება, სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულები და საკანონმდებლო კუთხით არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით გადადგმული ნაბიჯების სიმცირე.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგს თუ ახორციელებდით გენდერული კუთხით? რამდენად ჩართული იყვნენ ქალები ამ პოლიტიკურ პროცესში?

– საქართველოს სახალხო დამცველი თვალყურს ადევნებდა და მონიტორინგს უწევდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პროცესებს. სამწუხაროა, რომ ქალთა წარმომადგენლობა ძალიან მცირედით გაიზარდა. კერძოდ, 4 %-ით.

თავის მხრივ, რა მნიშვნელოვან ღონისძიებებს/აქტივობებს გამოჰყოფთ, რომელიც სახალხო დამცველის გენდერული თანასწორობის აპარატმა განახორციელა ქალთა უფლებების კუთხით?

  • ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ გაეროს სპეციალურ მომხსენებლის ვიზიტი საქართველოში;
  • რეკომენდაცია/წინადადების მომზადება ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით;
  • საჯარო დებატები: ადრეულ ასაკში ქორწინება – გამოწვევები და გადაჭრის გზები;
  • საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრების მონიტორინგის განხორციელება;
  • ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა სომხეთის ომბუდსმენის წარმომადგენლებთან;
  • გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კომიტეტში შუალედური ანგარიშის წარდგენა;

ბოლო დროს გახმაურდა ამბავი საქართველოში ქალთა წინდაცვეთის შესახებ. რას გეგმავს სახალხო დამცველის აპარატი ამ საქმესთან დაკავშირებით?

 – საქართველოს სახალხო დამცველმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო ყვარლის მუნიციპალიტეტში ქალის გენიტალიების სავარაუდო დასახიჩრების შემთხვევათა შესწავლა. 2016 წლის 24–25 ოქტომბერსა და 9 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში შეხვდნენ და გაესაუბრნენ ადგილობრივ მოსახლეობას, სკოლის მასწავლებლებს, გამგებლის რწმუნებულის თანამშრომლებს, შსს ყვარლის რაიონული სამმართველოს უფროსს და თელავში მდებარე ერთ-ერთი სამშობიარო სახლის მორიგე ექიმ–გინეკოლოგს.

საკითხის შესწავლის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია სახალხო დამცველმა 2016 წლის 11 ნოემბერს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავარ პროკურატურას მიაწოდა. საქართველოს სახალხო დამცველი თვალს მიადევნებს შესაბამისი ორგანოების მხრიდან რეაგირებას, ამასთან გააგრძელებს მუშაობას მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.

 მედიას ძალიან დიდი როლი ენიჭება მოსახლეობის აღქმის ფორმირებაში.  რამდენად საფუძვლიანად და ხშირად აშუქებენ ქართული მედიასაშუალებები ქალთა პრობლემებს? თუ ატარებთ სპეციალურ ტრეინინგებს ჟურნალისტებისთვის?

 – გენდერული უთანასწორობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის პროცესში მედიასაშუალებებს უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭებათ, მნიშვნელოვანია მათ მიეწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების შესახებ, რათა მოხდეს პირველ რიგში ჟურნალისტების, ხოლო შემდგომ საზოგადოების სწორად ინფორმირება. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველის ადამიანის უფლებების აკადემია დიდ ყურადღებას უთმობს მომავალშიც განაგრძნობს ჟურნალისტების გადამზადებას აღნიშნული მიმართულებით.

  • 2015 წლის 3 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ადამიანის უფლებათა აკადემიის ფარგლებში, მეორე ტრენინგი გაიხსნა. რეგიონული მედიასაშუალებების წარმომადგენლების მონაწილეობით დაგეგმილ 5 დღიან ტრენინგს „გენდერული საკითხების გაშუქება და ჟურნალისტური ეთიკა“ ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები გაუძღვებიან.
  • 2016 წლის 29 თებერვლიდან 4 მარტის ჩათვლით სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიამ თბილისის და რეგიონული მედიასაშუალებების 20 დამწყებ ჟურნალისტს ტრენინგი ჩაუტარა თემაზე „გენდერული საკითხების გაშუქება და ჟურნალისტური ეთიკა“.
  • 2016 წლის 19-23 სექტემბერს სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიამ თბილისისა და რეგიონის უნივერსიტეტების ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და სამაგისტრო პროგრამის 15 სტუდენტისათვის ტრენინგი ჩაატარა თემაზე: „გენდერული საკითხების გაშუქება და ჟურნალისტური ეთიკა“. ამ მიმართულებით მედიის წარმომადგენლებისთვის აკადემიის ფარგლებში რიგით მესამე ტრენინგი ჩატარდა.
  • 2016 წლის 10-13 ნოემბერს, ყვარელში საქართველოს სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა ტრენინგი თემაზე – „გენდერული საკითხების გაშუქება და ჟურნალისტური ეთიკა“, სადაც განხილული იყო გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების სხვადასხვა ასპექტები. ტრენინგს ცენტრალური და რეგიონული მედიის 15 წარმომადგენელი დაესწრო.

ანა მებურიშვილი

Please follow and like us: