,,ირლანდია არის ღორი, რომელიც საკუთარ შვილებს ჭამს” მთელი დღე ამ სიტყვებაკვიატებული დავდივარ,- ვერ ამოვიგდე ჯოისი თავიდან… გონებიდან… დღეს, ზუგდიდში პატარა გოგონამ, 16 წლის მოზარდმა თავი ჩამოიხრჩო სამი წლის წინ, იგივე მცდელობა ქონდა ჩემ 15 წლის ძმისშვილს, რომელსაც 24 წლის (მაშინ 21 წლის) ეპილეფსიანი ძმა, უეცარი ცეცხლისგან დამწვარი სახლი, გაყრილი დედ-მამა და 1000 პრობლემა ერთად ქონდა ოჯახში…

წუხელ ინსულტიან დედას ექიმი მოვუყვანე შინ, როგორც იქნა, და… ახლა ძვირადღირებულ წამლებით აჭრელებული რეცეპტი უნუგეშოდ დევს მაგიდაზე. მერიის დახმარების იმედი მქონდა. მერიდებოდა, მაგრამ მაინც ძალიან დიდი კაციც შევაწუხე.

წლის ბოლოა და სახსრები არ გვაქვსო. დედის თვალები სულ უფრო ჩაქრა, გუშინს მერე. თვალს ვერ ვუსწორებ… ხელზე ხელს მიჭერს დღეს მერამდენედ და მეუბნება, – ნუ დარდობ, მე მაინც არაფერი მიშველისო… დილას, ბებია უფროსმა შვილიშვილმა ინახულა, მეუღლესთან ერთად, მესამე ბავშვზეა ორსულად…. უნდა გვიხაროდეს, ანგელოზი მობრძანდება… სიხარულს კი ვერგამხელილი, ვერამოთქმული საფიქრალი ამწარებს: როგორ, რანაირად უნდა გაზარდონ სამი შვილი … ის ხომ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ბიჭის მეუღლეა და ჯერჯერობით საკუთარი ჭერი არა აქვთ… ბინა ვერ მიიღეს, სავარაუდოდ, იმიტომ რომ სახელმწიფოს მათზე უფრო გაჭირვებულები ათასობით ყავს… ,,ირლანდია არის ღორი, რომელიც საკუთარ შვილებს ჭამს”… საღამოს, დეიდაშვილი გვესტუმრა მეზობელი სოფლიდან – 39 წლის ახალგაზრდა ქალია, 4 შვილის, ერთი გოგოსა და სამი ბიჭის დედა. ორს სამხედრო სამსახური მოხდილი აქვს, მესამე – ჯარში ყავს, ნაბოლარა გოგო 12 -ე კლასელია.

თხილის იმედად ვიყავით, მაგრამ 400 კილო მოვიწიეთ მხოლოდ, ისიც ნახევრად უვარგისი, ლარნახევრად ჩავაბარეო ადრევე… წარმოდგინეთ, სამი დასაოჯახებელი ბიჭი, ერთიც გასათხოვარი გოგო… როგორ, რანაირად…. ,,ირლანდია არის ღორი, რომელიც საკუთარ შვილებს ჭამს”… რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ემიგრანტი ქალის წერილი დავარდა სათაურით: ,,იტალიამ სიცილი მასწავლა”… დააცხრნენ ამ ქალბატონს, შეარცხვინეს, თავს ლაფი დაასხეს, როგორ თუ კანფეტზე და მაძღარ კუჭზე გაცვალა სამშობლოო?… და სადაა სამშობლო, სად გაქვს სამშობლო, მაშინ როცა ადამიანს კულტურული და სულიერი მოთხოვნილებები დავიწყებული გაქვს: თეატრის აფიშებთან ზურგშექცევით გარბიხარ, რომ თვალში არ მოგხვდეს და არ წაიკითხო, როდისა აქვს ახალი სპექტაკლის პრემიერა, შენ რომ ოდესღაც გიყვარდა იმ თეატრს და საერთოდაც, როდის იყავი ბოლოს თეატრში, როდის იყიდე ბოლოს წიგნი, როდის შეიარე მუზეუმში, საგამოფენო დარბაზებში?..

,,ირლანდია არის ღორი, რომელიც საკუთარ შვილებს ჭამს…” გუშინ, 15 წლის ობოლმა ძმისშვილმა გამომიცხადა, რომ ,,სადმე სამუშაო უნდა ააგდოს”. მაინც სად?, ვეკითხები… არ ვიცი, მამიდა, იქნებ შენ გვერდზე დაპოსტო, რა იცი, ვინმეს კომპიუტერზე რამე მასალა ქონდეს ასაკრეფი, ერთ ოც ლარს ხომ ავიღებ… წუხელ თეთრად გავათენე ღამე… როგორია ობოლი, 15 წლის გოგონა ამას რომ გეტყვის მამიდას… ეს არაფერი… სადაურ თეატრზეა საუბარი და კინოზე, როცა ბავშვები თვეობით არ ჭამენ ხორცს, კარაქს, ყველს, ნადუღს, ხილს…. როცა, ,,ღარიბთა საავადმყოფოში” (მე ასე დავარქვი ჩვენს საავადმყოფოს … სავადმყოფოს, რომელსაც განყოფილებებში ძლივს ერთი, სამუზეუმო ექსონანტად ქცეული, წნევის აპარატი და მხოლოდ ორად-ორი თერმომეტრი აქვს) – ყოველდღე, მინიმუმ, 2 პაციენტი უკვდებათ არასწორი მკურნალობით, როცა, პენსიონერს პენსია მხოლოდ ერთი თავი წამლის საყიდლად ყოფნის და…. როცა მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობა ბანკის სესხებსგან სულს ღაფავს…

,,ირლანდია არის ღორი, რომელიც საკუთარ შვილებს ჭამს”… დღეს (უკვე გუშინ) 16 წლის მოზარდმა თოკზე ჩამოიხრჩო თავი… ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე… როგორ მიყვარდა ეს ბაღი… განსაკუთრებით შემოდგომობით, – ყვითელი ფარჩა რომ მოედებოდა იქაურობას. წლევანდელმა შემოდგომამ ჩუმად ჩაიარა ჩემთვის. მთელი სამი თვე, თითქმის, ოთახში, დედის სასთუმალთან გავატარე. ვიწრო ფანჯარაში შემოდგომის ,,ნაფლეთები” გაიელვებდა ხოლმე, როცა ქარი ყვითელ ფოთლებს ამოყრიდა… და ვფიქრობდი; ნეტა როგორია წელს ჩემი ბოტანიკური ბაღი… როგორ ანთია უჩემოდ ბაღში ნეკერჩხლები…. ნაზი ზმანება გაქრა. მძულს იქაურობა. ახლა მხოლოდ ბაღში, ხის ტოტზე მოქანავე მოზარდის სილუეტი მეზმანება…. ვიშლები ნაწილ-ნაწილ…

,,ირლანდია არის ღორი, რომელიც საკუთარ შვილებს ჭამს” და საქართველო ვინაა, ან რაა ნეტავ? ხოოოო….. დამესიეთ… მასწავლეთ ჭკუა…. დავიღალე ურა პატრიოტიზმით.

p. s. ჩემი,, მშობლიური” ,,ეგრისი” გამახსენდა. ბოლო ნომერი. წარმატებული ქალების რუბრიკა… რას ყელყელაობს ერთი ქალბატონი თავისი ნიჭით, საქმეებით, ოჯახით, შვილითა და შვილიშვილებით… უვარგის კომბლეს კი თურმე მხოლოდ ორი ცხვარი ყავს… უვარგისია და იმიტომ… ვაი, ჩვენს პატრონს. საით მიდიხარ, მართლაცდა, შენ, საქართველოვ??

ფატი ნაჭყებია

Please follow and like us: