ევროპარლამენტის თავმჯდომარე მარტინ შულცი აცხადებს, რომ თანამდებობას ტოვებს და სათავეში ჩაუდგება გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის საარჩევნო სიას ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიში 2017 წლის არჩევნებზე.
„მივიღე გადაწყვეტილება, კენჭი არ ვიყარო ევროპარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე, შემდეგ წელს ბუნდესტაგის არჩევნებზე ჩემი პარტიის საარჩევნო სიას ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში სათავეში ჩავუდგები და მონაწილეობას მივიღებ არჩევნებში“, – განაცხადა შულცმა თავის განცხადებაში.
19 ნოემბერს Frankfurter Allgemeine Zeitung-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარტინ შულცმა გერმანიის ფედერალური კანცლერის პოსტზე მისი კანდიდატურის წარდგენა “გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის” ლიდერს ზიგმარ გაბრიელს სთხოვა.
თავის მხრივ, ზიგმარ გაბრიელმა მარტინ შულცს სთხოვა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ჩაენაცვლებინა, – ამის შესახებ გერმანულ გამოცემას წყარომ ”სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან” განუცხადა.
გამოცემის ინფორმაციით, მარტინ შულცი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იმ შემთხვევაში დათანხმდება თუ ”სოციალ-დემოკრატიული პარტია” მას გაისად საპარლამენტო არჩევნებზე პარტიის ფედერალური კანცლერის პოსტზე კანდიდატად წარადგენს.
მარტინ შულცი ევროპარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას 2012 წლის იანვრიდან იკავებს.