%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%93%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში არეულობების სეზონი განახლდა. თუკი, ერთი შეხედვით, მარტში დაწყებული საპროტესტო აქციები მომდევნო სემესტრში აღარავის ახსოვდა, უკვე ნოემბერი აღმოჩნდა არანაკლებ ცხელი და მე-6 კორპუსიც კვლავ პიკეტირებული.

ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებს ლექციები არ უტარდებათ, როგორც ,,აუდიტორია #115-ის“  აქტივისტები ამბობენ, ისინი კვლავ დარჩებიან ამ მიმართულების სასწავლო კორპუსში და იქამდე არ დაუშვებენ სწავლის გაგრძელებას, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

როგორც აღმოჩნდა, მე-6 კორპუსის პიკეტირების თავდაპირველი მიზეზი გაურკვევლობა იყო, რადგანაც, ,,აუდიტორია #115-ის“ ნაწილს  (რესპონდენტების იდენტიფიცირებისგან თავს შევიკავებთ)  ეგონა, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საარჩევნო უბანი სწორედ ამ კორპუსში იქნებოდა განთავსებული, თუმცა რეალურად არჩევნების ჩატარება პირველ კორპუსში   იყო გათვალისწინებული. ამან ნაწილობრივი არეულობა გამოიწვია, როდესაც ვკითხეთ სტუდენტებს, თუ რატომ დაიკავეს აღნიშნული შენობა, მათ სხვადასხვა პასუხი ჰქონდათ. ზემოთ აღნიშნულის გარდა, ამბობდნენ, რომ ამ კორპუსში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანატია, ხოლო თავად აქტივისტების დიდი ნაწილი ამ მიმართულების სტუდენტია. ასევე, ერთ-ერთი პროტესტანტის თქმით, მე-6 კორპუსი გზასთან ახლოს მდებარეობის გამო შეირჩა. ასეა თუ ისე, როგორც ჩანს, თავად აუდიტორიაში თავიდანვე შეინიშნებოდა ურთიერთკომუნიკაციის პრობლემა.

საპროტესტო ტალღა, რომელიც თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებას მოჰყვა,  24 ნოემბრის საღამოს დაიწყო, როდესაც 30-ზე მეტმა  პროტესტანტმა სტუდენტმა მე-6 კორპუსის დაკავება მოახერხა და უნივერსიტეტის კარები მერხებით ჩახერგა. როგორც სტუდენტები აცხადებდნენ, ისინი მოითხოვდნენ  უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებებს, სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების გაუქმებასა და განათლების ფუნდამენტურ რეფორმას.  ისინი პირობას დებენ, რომ  პარალამენტში მათი მოთხოვნების შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღებამდე შენობის დატოვებასა და პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

,,აუდიტორია #115-ის“ წარმომადგენლები  პასუხს პრემიერსა და განათლების მინისტრს სთხოვენ, რომლებიც, მათი თქმით,  რეფორმებს დაჰპირდნენ, მაგრამ დაპირება დაპირებად დარჩა.

,,როგორც ჩანს, პრემიერმა ჩვენ მოგვატყუა და წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოგვიყენა,“-ასეთია აქტიური აუდიტორიელის, ნათია ქარჩილაძის განცხადება.

რაც შეეხება დაპირისპირებულთა მეორე მხარეს – სტუდენტურ თვითმმართველობას, მისი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი – ბახვა კვირიკაშვილი ,,აუდიტორია #115-ის“ რამდენიმე წევრის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს:

„მოვუწოდებ ყველა უფლებამოსილ პირს, უნივერსიტეტში არის საკმაოდ ბევრი კამერა, შეგვიძლია ამოვიღოთ ვიდეომასალა და ფაქტები. მოვითხოვთ ამ ადამიანების პასუხისმგებლობას, რადგან ადამიანები კანონის დარღვევის შემთხვევაში წახალისებული არ უნდა იყვნენ.

ორგანიზებულმა დანაშაულებრივმა ჯგუფმა არ მისცა დამოუკიდებელ სტუდენტებს საშუალება საკუთარი პოზიცია გამოეხატათ, მათ შეაფარხეს არჩევნები.“

უნივერსიტეტში ნეიტრალური სტუდენტების საკმაოდ დიდი ნაწილია, რომელიც, მათი განცხადებით, ამ დაპირისპირების გამო ზარალდება.

,,არცერთ მხარეს არ წარმოვადგენ. მიმაჩნია, რომ განათლების სისტემას რეფორმა მართლაც სჭირდება. თუმცა, არ ვიზიარებ პროსტესტის ასეთ ფორმას. ლექციები თუ არ ჩატარდება, როგორც 115-ელები უწოდებენ, ,,უხარისხო” განათლებასაც კი ვეღარ მივიღებთ. ამიტომ, ჩემი აზრით, მეექვსე კორპუსს პიკეტი აუცილებლად უნდა მოხსნას. გარდა ამისა, ჩემთვის გაუგებარია, რატომ მიიჩნია ცესკომ ლეგიტიმურად ის არჩევნები, რომელშიც მონაწილეობის მიღება სტუდენტების ძალიან მცირე ნაწილმა შეძლო. ვფიქრობ, რომ, უპირველეს ყოვლისა,  პროტესტის რადიკალური ფორმა მოლაპარაკების რეჟიმით უნდა შეიცვალოს,”- აცხადებს ,,თბილისი თაიმსთან” საუბარში თსუ-ის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტი, მარი წაქაძე.

სიტუაციის დაძაბვასთან ერთად, რექტორმა გია შარვაშიძემ აღნიშნულ თემებთან მიმართებით რამდენიმე  განცხადება გააკეთა. მისი თქმით,  პარლამენტმა ახლა დაიწყო მუშაობა და არის საშუალება, რომ გაუმჯობესდეს კანონმდებლობა.

,,ხაზს გავუსვამ, რომ პრივილეგირებული ჯგუფები უნივერსიტეტში არ იქნება, 2017 წლიდან სტუდენტებს თანაბარი წვდომა ექნებათ უნივერსიტეტის ბიუჯეტთან. პროექტების შეფასების პროცესში სავარაუდოდ არ ჩაერთვება უნივერსიტეტის ადმინისტრაცია,“- ეს განცხადება უნივერსიტეტის რედაქტორმა – გია შარვაშიძემ აუდიტორიელებთან შეხვედრისას გააკეთა, თუმცა, მიუხედავად შეპირებისა,  მე-6 კორპუსის პიკეტირება გაურკვეველი ვადით კვლავ გრძელდება.

რაც შეეხება ლექცია-სემინარების ჩატარებას, თუ ,,აუდიტორია #115“ არ  მოხსნის პიკეტის, რექტორის თქმით, სწავლა აუცილებლად გაგრძელდება. ყველა სტუდენტს ჩაუტარდება ლექცია, თუმცა სხვა კორპუსებში.

,,არცერთი სტუდენტი არ დარჩება ლექციის გარეშე. ყველა ლექტორს ექნება საშუალება ჩაატაროს შუალედური გამოცდები, თუ ჩვეულებრივი სემინარი. სად და როგორ, ამაზე დეკანატი ზრუნავს და გადანაწილდება”,- აღნიშნა შარვაშიძემ.

როგორც ინფორმაციამ გაჟონა, ლექციების ჩატარების ალტერნატიულ კორპუსად ,,მაღლივი“ განიხილება.

ამ ფაქტმა ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებში უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი აპროტესტებენ, რომ სტუდენტების სხვა ჯგუფის ქმედებების გამო ,,ისჯებიან“.

,,მესმის 115-ელების პოზიცია, ათასჯერ დანაპირებს არ უსრულებს არც მთავრობა და არც რექტორატი, მაგრამ ისიც საკითხავია, სტუდენტურ მოძრაობას თავისი რატომ ვერ გააქვს. ყველა კარგად ხედავს, რომ ,,აუდიტორია #115″ რამდენიმეკაციან დაჯგუფებადაა გადაქცეული და მათ არათუ მთლიანი სტუდენტობის, თსუ-ის მხარდაჭერაც არ აქვთ. არასწორი ტაქტიკა აირჩიეს, როცა ხელი შეუშალეს სხვებს სწავლაში და კორპუსების პიკეტირებით დისკომფორტი შექმნეს. ჟურნალისტიკის სტუდენტებს ჩვენი კამერების, ხმისჩამწერებისა და აპარატურის გარეშე მუშაობა არ შეგვიძლია, რითაც გვეზღუდება გამოხატვის თავისუფლებაც.
 სტუდენტი სტუდენტს წესებს არ უნდა უწესებდეს, ამის გასაპროტესტებლად დაიწყეს ზუსტად აქციები თვითმმართველობის წინააღმდეგ და დღეს ისინიც ზუსტად იმავეს აკეთებენ,”-ასეთია ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტის, ქეთი გოგუაძის პოზიცია, რომელსაც ამავე მიმართულების სტუდენტების უმეტესობა იზიარებს.

რაც შეეხება წინმსწრები მოვლენების ქრონოლოგიას – 25 ნოემბერს, არჩევნების პარალელურად,  პირველ საათზე თსუ-ის ეზოში „აუდიტორია #115-ის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა აქციას გამართეს, შემდეგ კი თსუ-ის პირველ, მეორე და მესამე კორპუსში საარჩევნო უბნების პიკეტირება მოახდინეს. „აუდიტორია 115-ის“ წარმომადგენელთა განმარტებით, მათი  ერთ-ერთ მიზანი სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლა იყო.

თუმცა, საარჩევნო უბნებთან განლაგებულ პროტესტანტთა ნაწილი გვეუბნებოდა, რომ მათ უბრალოდ დაურეკეს და მოვიდნენ, არ იცოდნენ, რა ხდებოდა. ასეთი სიტუაცია მე-2 კორპუსში დაგვხვდა, სადაც #011-ე აუდიტორიასთან სიტყვიერი დაპირისპირება გაიმართა თვითმმართველობისა და აუდიტორიის წარმომადგენლებს შორის.

იქამდე კი სანამ უნივერსიტეტი გაურკვეველ მდგომარეობაშია, პროტესტისა და შეჩერებული არჩევნების მიუხედავად, ცესკომ არჩევნები ლეგიტიმურად სცნო.

სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა სიაში 20 615 აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი იყო, მათთგან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2436 სტუდენტმა.  არჩეულია 140 დელეგატი.

არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურს უწოდებენ  ,,აუდიტორია #115-ის” წევრები.

სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში 174 კანდიდატი მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ 174 კანდიდატიდან ყველა დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით იყო რეგისტრირებული. ხმის მიცემა თსუ-ის სასწავლო კორპუსებში განთავსებულ 13 უბანაზე მიმდინარეობდა.

ამის ფონზე კი მაინც  გაურკვეველია, რა ბედი ელის მე-6 კორპუსსა და სასწავლო სივრცისა და ინვენტარის   გარეშე დარჩენილ სტუდენტებს.

ნატალია ჯალაღონია

Please follow and like us: