საქართველოში ამერიკელი მილიარდერის, დონალდ ტრამპის, მიმართ ნეგატიური განწყობა ჯერ კიდევ მაშინ შეინიშნებოდა, სანამ ის პრეზიდენტი გახდებოდა. ტრამპის დაუფარავი პოზიტიური განწყობა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინის, მიმართ, მხარდამჭერი განცხადებები, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ამას მოწმობს საქართველოში დაწყებული მსჯელობა – რას უქადის დონალდ ტრამპის პრეზიდენტობა ჩვენს ქვეყანას. პოლიტოლოგი ბიძინა ლებანიძე „თბილისი თაიმსთან“ ინტერვიუში საუბრობს, თუ რა მოლოდინები შეიძლება ჰქონდეს საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ, დონალდ ტრამპის, საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით.

ბიძინა ლებანიძევლადიმირ პუტინმა კამპანიის დროს დონალდ ტრამპი დადებითად დაახასიათა მილიარდელისგან საპასუხო „კომპლიმენტიც“ მიიღო. როგორ ფიქრობთ მსგავსი პოზიტიური მინიშნებები პუტინის მიმართ, აისახება თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკაზე, გეგმავს თუ არა ტრამპი მოსკოვთან დაახლოებას?

მოსკოვთან დაახლოების სურვილი ტრამპს ნამდვილად აქვს, თუმცა რამდენად გამოუვა ეს, სხვა საკითხია. უახლოესი ისტორია რომ გავიხსენოთ, ტრამპის წინამორბედებიც ზუსტად მასე იწყებდნენ. გაიხსენეთ თუნდაც ბუშის მიერ პუტინისთვის „თვალებში ჩახედვის“ მომენტი ან ობამას გადატვირთვის პოლიტიკა. თუმცა საბოლოოდ ვერცერთმა ექს-პრეზიდენტმა თავის საწადელს ვერ მიაღწია.

ამასთან მნიშვნელოვანია რამდენიმე შიდაპოლიტიკური ფაქტორი. უპირველეს ყოვლისა, გადამწყვეტი იქნება, ვინ ეყოლება ტრამპს საგარეო-პოლიტიკურ გუნდში, ვინ იქნება სახელმწიფო მდივანი, საგარეო-პოლიტიკური და უსაფრთხოების მრჩევლები და ა.შ. მაგალითად, ნიუ-იორკის ყოფილი მერი რუდოლფ ჯულიანი, რომელიც ბოლო დრომდე სახელმწიფო მდივნობის ერთ-ერთ კანდიდატად განიხილებოდა, რუსეთის მიმართ საკმაოდ კრიტიკული პოზიციით გამოირჩევა, და მისი დანიშვნა ამ პოზიციაზე ტრამპის პოლიტიკას დააბალანსებს.

მოსალოდნელია, რომ ტრამპის საგარეო პოლიტიკას ერთგვარ ჩარჩოებში მოაქცევს ამერიკის კონგრესი, რომელსაც რუსეთის მიმართ კრიტიკული განწყობის მქონე რესპუბლიკელების უმრავლესობა მართავს.

ანალიზისა და კონსულტაციების სააგენტო „აისეთმა“ „ფეისბუქის“ მეშვეობით გამოკითხვა ჩაატარა, მასში მონაწილეობა საქართველომაც მიიღო. კითხვა შემდეგი იყო– ვის მისცემდნენ ხმას ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში. აღმოჩნდა, რომ საქართველოს მოსახლეობას არა დონალდ ტრამპის, არამედ ჰილარი კლინტონის პრეზიდენტობა სურდა. თქვენი აზრით, რით არის გამოწვეული საქართველოში ასეთი შედეგი, რატომ არ სურს ქართველ ხალხს ტრამპის პრეზიდენტობა?

– ამ კითხვაზე პასუხი მარტივია: ტრამპი საარჩევნო პერიოდში მუდმივად ხაზს უსვამდა რუსეთთან თანამშრომლობის მნიშვნელობას, ახდენდა ვლადიმირ პუტინის პიროვნების გლორიფიცირებას, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა ნატო-ს მნიშვნელობას და ა.შ. ბევრი ამ პუნქტთაგანი საარჩევნო კამპანიას სტრატეგიის ნაწილი იყო, თუმცა მისმა ასეთმა რიტორიკამ საკმაოდ დააშინა და გაანაწყენა აღმოსავლეთ ევროპის დიდი ნაწილი, რომელიც რუსეთის მიმართ კრიტიკულადაა განწყობილი. მათ შორის უნდა მოვიაზროთ საქართველოც.

მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების 45–ე პრეზიდენტი გახდა, ქართველმა პოლიტიკოსებმა აქტიურად დაიწყეს ტრამპთან და მის გარემოცვასთან მჭიდრო კავშოირებზე საუბარი. როგორ ფიქრობთ, საზოგადოებას ხელოვნურად უქმნიან წარმოდგენებს ტრამპთან დაკავშირებით, რამდენად დაინტერესებულია ამერიკის მოქმედი პრეზიდენტი ჩვენი ქვეყნით?

საქართველო  არც ისე მნიშვნელოვანი ქვეყანაა აშშ-თვის, რომ ტრამპის საგარეო-პოლიტიკურ სტრატეგიაში რაიმე გადამწყვეტ როლს თამაშობდეს. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში, ურთიერთობები ორი ქვეყნის ხელმძღვანელობას შორის ერთგვარად პერსონიფიცირებული იყო, ნაწილობრივ ვარდების რევოლიციიდან მომდინარე ინერციის გამო და ნაწილობრივ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების ჰიპერაქტიურობის წყალობით. ამან ჩვენს მოსახლეობაში შექმნა გადაჭარბებული წარმოდგენები საქართველოს მნიშვნელობის შესახებ. დღეს, საქართველო სავარაუდოდ იქნება აშშ-ს აღმოსავლეთ-ევროპული და ევრაზიული სტრატეგიის ნაწილი. თუმცა არა მგონია ჩვენს ქვეყანაზე ვაშინგტონში ცალკე დესკი მუშაობდეს.

ბატონო ბიძინა, იმ შემთხვევაში, თუ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის კონსტრუქციული დიალოგი შედგა, ჩვენს კონფლიქტებთან დაკავშირებით რა მოლოდინები შეიძლება გაჩნდეს?

– რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებას აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია ჩვენს კონფლიქტებთან დაკავშირებით, რომელსაც უკან არ წაიღებს. ამას ვერანაირი დიალოგი ვერ უშველის. ზოგადად, სანამ ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტია, მოქმედებს ერთი უნივერსალური ფორმულა: რაც მეტად დათბება ურთიერთობები რუსეთსა და დასავლეთს შორის, მით უფრო მეტად დაზარალდება ამით საქართველო, და პირიქით.

ნანუკა მაღლაკელიძე

ნანუკა

Please follow and like us: