„ „ისთფეისის“ პროექტით დავინტერესდით და გვინდა რაც შეიძლება სწრაფად განვავითაროთ ეს მიმართულება. ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში ასამდე ქუჩის ელექტრო დამტენი უნდა განთავსდეს საქართველოს მასშტაბით“. ამის შესახებ კომპანია „ემ კვადრატი“–ს გენერალური დირექტორის მოადგილემ შორენა დარჩიაშვილმა „რუსთავი 2“–ზე, გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ისაუბრა.
„ჩვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკა გარემოზე ზრუნვასაც ითვალისწინებს. ამ მიმართულებით არა ერთი პროექტი გვაქვს განხორციელებული, მათ შორის ხეების დარგვა, გამწვანების აქციები, რაც ზღვაში წვეთია. ძირითადად ეს იქნება თბილისში, თუმცა ასევე იქნება ბათუმი, სხვა მსხვილი ქალაქები და საკურორტო ზონები, სადაც ადამიანებს ხშირად უწევთ მანქანით გადაადგილება.მიგვაჩნია, რომ მთავარი ამ მიმართულებით არის ინფრასტრუქტურის შექმნა, სხვანაირად ელექტრომანქანები ვერ განვითარდება. 100 დამტენი საკმაო რაოდენობაა იმისთვის, რომ ელექტრომობილის მფლობელმა თავისუფლად მოახდინოს თავისი მანქანით სარგებლობა. შესაბამისად უფრო სწრაფად განვითარდება მეორადი ბაზარიც“.
ინიციატივის შესახებ კომპანია „ისთფეისის“ განვითარების დირექტორმა ნატა კასრაძემაც ისაუბრა.
„ჩვენ ვართ პირველები, ვინც დამტენთა ქსელის შექმნა დავიწყეთ. ზაფხულის სტატისტიკით იყო 50 ელექტრომობილი, ახლა უკვე 60–ია. ქუჩის დამტენებით ელექტრომობილების დატენვის პროცესი სახლის პირობებთან შედარებით, ბევრად სწრაფია. სახლის დატენვის პროცესს შვიდი, რვა საათი სჭირდება. ქუჩის დანადგარებით კი მომხმარებელი საკუთარი ელექტრომობილის დატენვას მაქსიმუმ 2 საათნახევარში შეძლებს. ამ ეტაპზე ელექტრომობილი მაინც ქალაქის ავტომობილია. თუმცა მომავალ გეგმებში შედის სწრაფი დამტენების დაყენება თბილისი–ბათუმის გზაზე. სწრაფი დამტენებით ელექტრომობილის სრულად დატენვა 40 წუთშია შესაძლებელი“.
მანანა ღოღობერიძე