„ფედერიკა მოგერინიმ პრემიერთან საერთო კონფერენციაზე აღნიშნა, რომ საქართველომ ყველა ნაკისრი ვალდებულება პირნათლად შეასრულა და არ დგას საკითხი მიიღებს თუ არა საქართველო ვიზალიბერალიზაციას, ეს საკითხი გადაწყვეტილია. ახლა მთავარი არის როდის დასრულდება ევროკავშირის შიდა პროცედურა, რომელიც არ არის დაკავშირებული უშუალოდ საქართველოსთან. ვფიქრობ ეს პროცესი უახლოეს პერიოდში ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება“. საქართველოს ევროკავშირში ვიზალიბერალიზაციის პროცესზე და პრემიერ–მინისტრის ბრიუსელში ვიზიტის დეტალებზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა ტელეკომოანია „GDS”–ზე, გადაცემა „2030“–ის ეთერში ისაუბრა.
„ვფიქრობ წარმატებული ვიზიტი იყო, განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ ის ფაქტი,რომ არჩევნების და პარლამენტის მხრიდან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ ეს იყო საქართველოს პრემიერ–მინისტრის პირველი ვიზიტი. შეხვედრები, რომლებიც შედგა ევროსაბჭოში,ევროპარლამენტსა და ნატოში, ხაზს უსვამს საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს. ეს იყო ვიზიტი, რომელიც ხელშესახები რეალური შედეგებით დასრულდა. გამოქვეყნდა ანგარიში ასოცირების ხელშეკრულების იმპლემნტაციის შესახებ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ანგარიში, რომელშიც სერიოზული გზავნილებია თუ რა უნდა განახორციელოს საქართველომ მომავალში კიდევ უფრო მეტად დაახლოვებისთვის. გვესმის, რომ ასოცირების ხელშეკრულება არ არის ევროკავშირში გაწევრიანების ხელშეკრულება. ეს არის ხელშეკრულება, რომელიც საქართველოს თანმიმდევრულად აკავშირებს ევროპასთან პოლიტიკურ–ეკონომიკური თვალსაზრისით.
ანგარიშში ხაზგასმულია ჩვენი წარმატებული რეფორმები, მათ შორის მართლმსაჯულების რეფორმა. ბუნებრივია რეფორმა არის პროცესი, რომელიც ჯერ არ დასრულებულა და ამას გულისხმობენ ევროპელი პარტნიორებიც, რომ ქვეყანამ სწორი გზით უნდა გაააგრძელოს სვლა. აღნიშნულია ასევე წარმატებები კორუფციის, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. ქართული პროდუქცია ნელ–ნელა შედის ევროპულ ბაზარზე. ეს არის კიდევ ერთი აღიარება იმ რეფორმების, რომლებიც განხორციელდა ეკონომიკური მიმართულებით. იყო საუბარი უსაფრთხოების და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული განმტკიცების კუთხითაც. ჟენევის პროცესში საქართველოს წვლილი ასევე პოზიტიურად არის შეფასებული,“–განაცხად დავით ზალკალიანმა.
მანანა ღოღობერიძე