„ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს მიეცემათ საშუალება,რომ მართვის მოწმობის გამოცდის პრაქტიკული კომპონენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ადაპტირებული ავტომობილის გამოყენებით ჩააბარონ. აქამდე მათ თავად უნდა მოეყვანათ ადაპტირებული ავტომობილი. ჩვენ უკვე დავასრულეთ ამ პროექტზე მუშაობა. უახლოეს მომავალში მოვიცავთ აბსოლიტურად ყველა კატეგორიის შშმ პირებს. 2017 წლამდე ეს აუცილებლად მოხდება“. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვალერი ლომუაშვილმა ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა „იმედის დილის“ ეთერში ისაუბრა.
„ამ ეტაპზე მართვის მოწმობის პრაქტიკული კომპონენტის ჩაბარების შესაძლებლობას მხოლოდ ერთი კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შევთავაზებთ. უახლოეს მომავალში ვაპირებთ თითქმის ყველა კატეგორიის შშმ პირებისთვის შევიძინოთ ავტომობილები და ავტო–პარკის სრულად ადაპტირება მოვახდინოთ.საზოგადოება ამ პროექტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას უახლოეს მომავალში გაიგებს. ჩვენ შევისწავლეთ საერთაშორისო პრაქტიკა, ავიღეთ რამდენიმე ქვეყნის გამოცდილება და მოვარგეთ ჩვენს რეალურ საჭიროებებს.
ყველა ახალი გახსნილი შენობა არის ადაპტირებული. შშმ პირს თავისუფლად შეუძლიათ მიიღონ ყველა ის სერვისი, რასაც სამინისტრო თავაზობს. მინისტრის გადაწყვეტილებით ფართოდ გაიღო კარები თავად ჩვენს სისტემაში შშმ პირების დასაქმებისთვის. ისინი დასაქმებულები არაინ როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, ასევე 112–ის დეპარტამენტში. მნიშვნელოვანია 112–ის პროექტი, რომ დაამყარონ კომუნიკაცია ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებთან. რამდენიმე კვირის უკან გაიხსნა ერთობლივი ოპერაციების ცენტრი, აქ უკვე ჩატარდა გასაუბრება და შშმ პირების დასაქმება ამ დეპარტამენტშიც იგეგმება. ვიკვლევთ თუ რისი გაკეთება შეუძლიათ და შემდეგ ვიღებთ გადაწყვეტილებას,“–განაცხადა ვალერი ლომუაშვილმა.
მანანა ღოღობერიძე