ქართველები გურმანი ერი ვართ. ძირძველი ქართული ტრადიციული კერძები თუ ნებისმიერი სახის პროდუქტი ჩვენში განსაკუთრებული სიამაყისა და სიყვარულის გრძნობას აღძრავს. ერთ-ერთი მათგანი ქართული ჩურჩხელაა. მოგეხსენებათ, კახელებს ჩურჩხელის დამზადებაში ბადალი არ ჰყავთ. თუმცაღა, ჩურჩხელა, როგორც კახეთის, ასევე მთლიანად საქართველოს მასშტაბით ოდითგანვე პოპულარობით სარგებლობს.
რაც გიყვარს, ის მეტად ფასობსო, ნათქვამია. ამ შემთხვევაშიც ასეა. საქართველოში „ბადაგის“ ჩურჩხელების მაღაზიათა ქსელი კარგა ხანია პოპულარობით სარგებლობს. ამ ქსელზე უფრო მეტის გასაგებად, „თბილისი თაიმსი“ კომპანიიის დამფუძნებელსა და იდეის ავტორ, ვახტანგ ყაჯრიშვილს ესაუბრა.
მოგვიყევით თქვენი კომპანიის შესახებ, იდეა საიდან წამოვიდა, რამდენი ხანია, რაც ბადაგი არსებობს?
– წარმოშობით კახელი ვარ, შესაბამისად, მქონდა სურვილი ქართველი ხალხისთვის ჭეშმარიტად ქართული პროდუქტი შემეთავაზებინა. კომპანიის დაარსების იდეა დაახლოებით 17-18 წლის წინ გაგვიჩნდა.
მოგეხსენებათ, ყოველივე ამას გარკვეული პროცედურები სჭირდება. ერთი-ორი წელი შეჩერებულები ვიყავით, შემდეგ ისევ განვაგრძეთ. რაც შეეხება, თავად მაღაზიების ქსელს, 5 წელია რაც არსებობს.
ჩურჩხელის გარდა რა ტრადიციულ ტკბილეულს აწარმოებთ?
– ჯერ-ჯერობით მხოლოდ ჩურჩხელას ვაწარმოებთ. მომავალი წლიდან კომპანია “ბადაგი” ტყლაპისა და ჩირის წარმოებას გეგმავს.
როგორ, სად ხდება პროდუქტის რეალიზაცია, შეკვეთებს თუ იღებთ და ფასები როგორია?
– პროდუქტის რეალიზაცია ჩვენს მაღაზიებსა და კარფურში ხდება. რა თქმა უნდა, კერძო შეკვეთებსაც ვიღებთ. ჩვენს მაღაზიის ქსელში, დაახლოებით 12 სახეობის ჩურჩხელას შეხვდებით. რაც შეეხება ფასებს, სტანდარტული რქაწითელის ნიგვზის ჩურჩხელა 2.80 ლარი ღირს, თხილის ჩურჩხელა კი 2.40 ლარი.
რა გამოარჩევს თქვენს პროდუქტს?
– ჩვენს პროდუქტს, უპირველეს ყოვლისა, ხარისხი გამოარჩევს.
საახალწლოდ მომხარებლებთან რა შეთავაზებები გაქვთ?
– საახალწლოდ, კომპანია „ბადაგს“ მომხმარებლებთან ყოველთვის სხვადასხვა შეთავაზებები აქვს. ყოველივე მომხმარებლების სურვილზეა გათვლილი, ისინი თავად მოდიან და მათთან ერთად ვარჩევთ, ვის როგორი საჩუქარი სჭირდება. გვაქვს, როგორც სასაჩუქრე, ასევე საცალო პაკეტებიც. სასაჩუქრო ვარაინტებია: ჩირი, ჩურჩხელა, სხვადასხვა ტკბილეული და აგრეთვე ღვინო.
როგორც ცნობილია, „ბიზნეს დაჯილდოება 2016-ზე“ „წლის ქართული პროდუქტის“ ტიტული მიიღეთ, რას ნიშნავს ეს თქვენი კომპანიისთვის, მსგავსი ღონისძებები რამდენად მნიშვნელოვანია?
– ჩვენი კომპანიისთვის მსგავს პროექტებში მონაწილეობის მიღება, რა თქმა უნდა, ძალზედ მნიშვნელოვანია. მართალია, „ბადაგს“ დაჯილდოებამდეც ბევრი იცნობდა, მაგრამ ამ პროექტის შემდეგ ჩვენი კომპანიის ცნობადობა კიდევ უფრო ამაღლდა.
კონკურენციაზე რას გვტყვით, ვინ არის თქვენი მთავარი კონკურენტი?
– ამ სფეროში „ბადაგს“ კონკურენტი არ ჰყავს. ეს საქმიანობა დიდი ხნის დაწყებული გვაქვს, შესაბამისად დროში საკმაოდ წინ ვართ, მაგრამ თუ კონკურენტი გამოგვიჩნდება, ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნება.
პროდუქტის ექსპორტზე გატანა თუ გიფიქრიათ, როგორია თქვენი გეგმები?
– ჯერ-ჯერობით „ბადაგი“ ექსპორტზე არ გადის. თავდაპირველად, ვფიქრობდით, რომ რახან ქართული პროდუქტია, რეალიზაცია მხოლოდ საქართველოში უნდა მომხდარიყო, მაგრამ იმხელა მოწონება დაიმსახურა, გეგმები შეგვეცავალა და სამომავლოდ ექსპორტზე გასვლასაც ვგეგმავთ.„ბადაგით“ სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები არიან დაინტერესებულნი. ჩვენი პროდუქტი ქართველებს უცხოეთში საჩუქრად ხშირად მიაქვთ, ასევე იქაურ ლაბორატორიებშიც არის გასინჯული და საკმაოდ დიდ მოწონებასაც იმსახურებს. შესაბამისად, ყველა პირობაა იმისთვის შექმნილი, რომ „ბადაგის“ პროდუქცია საქართველოს ფარგლებს გასცდეს.
ნინო ზარიძე