საქართველოში საკმაოდ ბევრი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის არიან ბავშვებიც. ცხადია, ამგვარ პიროვნებებს გვერდში დგომა და სიყვარული ყველაზე მეტად ესაჭიროებათ, განსაკუთრებით კი, თუ საქმე პატარებს ეხებათ.
სამწუხაროდ, საზოგადოების უმეტესი ნაწილი, ასეთი ადამიანების პრობლემებს ყურად არ იღებს. მაგრამ, არიან გამონაკლისებიც. თუ კეთილ საქმეს ცნობილი ადამიანი აკეთებს, ხალხს თვალში მეტად ხვდება და გამორიცხული არაა ბევრ მათგანსაც იმავეს გაკეთების სურვილი გაუჩნდეს.
„თბილისი თაიმსი“ გიტარისტ, ტარიელ სუარს ესაუბრა. იგი 2016 წლიდან, ბავშვთა საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტია და ამგვარი პრობლემის მქონე პატარებისთვის ბევრი კეთილი საქმის გაკეთებას გეგმავს.
მოგვიყევით როგორ გახდა წარმატებული მუსიკოსი, გიტარისტი უსინათლო ბავშვთა საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი. ეს რამ განაპირობა? საიდან წამოვიდა იდეა?
– ვინც ერთხელ მაინც შეაბიჯებს 202-ე სკოლა-პანსიონში, მიხვდება, რატომ გადავწყვიტე ფონდის დაარსება. იგი ჩემი ცხოვრების ყველაზე დადებითი მხარეა.
დადებით მხარეზე როცა ვსაუბრობ, ვგულისხმობ იმ დღეს, როდესაც პატარა ლუკამ ჩემთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა, რამაც ჩემთვის პანსიონის კარი გააღო. ამ ყველაფერს სათავე სწორედ ყოველივე იქ ნანახმა და განცდილმა დაუდო.
გვიამბეთ უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლა–პანსიონისა და ზოგადად ფონდის შესახებ. პანსიონში რამდენი ბენეფიციარია? იქვე ცხოვრობენ თუ როგორც საჯარო სკოლაში, ისე ეუფლებიან განათლებას?
– 202-ე უსინათლო და მცირედმხედველ ბავშვთა სკოლა პანსიონატი საქართველოში არსებული ერთადერთი საჯარო სკოლაა, რომელიც უსინათლო ბავშვებისთვის შესაბამისი განათლების მიცემაზე ზრუნავს. სკოლაში 50–მდე პატარა სწავლობს , აქედან 20–მდე პანსიონური მომსახურებით სარგებლობს, რაც კვებასა და 24 საათის განმავლობაში სპეციალურ მეთვალყურეობას გულისხმობს.
ამ პანსიონის უნიკალურობას განაპირობებს ის, რომ აქ არა მარტო დედაქალაქიდან, არამედ რეგიონებიდან ჩამოსული ბავშვებიც სწავლობენ. ბევრი მათგანისთვის სწავლა–განათლების პერიოდში სკოლა–პანსიონი მათ საცხოვრებელსაც წარმოადგენს.
ბენეფიციარებს პედაგოგებთან ერთად სპეციალისტები ემსახურებიან. მათი მომზადება უსინათლო და მცირედმხედველ ბავშვებთან ადაპტირებულ სასწავლო პროგრამებს მაქსიმალურად შეესაბამება. განვითარება სხვადასხვა მიმართულებით ხდება, ეს არა მარტო აკადემიურ უნარებს, არამედ იმ საყოფაცხოვრებო უნარებსაც ეხება, რომლებსაც პატარები სკოლის მიღმა იყენებენ.
უსინათლო ბავშვთა საერთაშორისო ფონდის უმთავრეს მისიას, ამ ეტაპზე, 202-ე სკოლა–პანსიონში თითოეული მოსწავლისთვის იზოლირებული სივრცის დამონტაჟება წარმოადგენს, თუმცა ფონდის მისია და მიზნები, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დიდია.
როგორ ფიქრობთ, დღეს, საქართველოში უსინათლო პირთათვის საზოგადოებაში ინტეგრირების პირობები რამდენადააა შექმნილი?
– ვფიქრობ, იმდენად, რამდენადაც თითოეულმა ჩვენგანმა იცის, იცნობს და ხედავს უსინათლო ადამიანებს ჩვენს ყოველდღიურობაში.
სკოლაში არსებული ადაპტირებული გარემოს მიუხედავად, ასეთი პატარების კომფორტი სკოლიდან გასასვლელ ზღურბლზევე სრულება, ვინაიდან პირველივე გაჩერება, რომლითაც ისინი სარგებლობენ, მათ შესაძლებლობებს არ ითვალისწინებს.
იგივე ეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც, საბანკო თუ სავაჭრო მომსახურეობას.
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, ასეთი ადამიანების საჭიროებებს საერთოდ არ იზიარებს.
უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო, უსინათლო და მცირედმხედველთა 202-ე საჯარო სკოლის დირექტორს, ქალბატონ ხათუნა ჯალაღონიას, რომელიც ჩვენი უნიჭიერესი პატარების კეთილდღეობისთვის ყველაფერს აკეთებს.
როგორც ცნობილია, უსინათლო ბავშვთა დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტები გამართეთ, მოგვიყევით მათ შესახებ. მსგავსი სახის საქველომოქმედო კონცერტების ჩატარებას კიდევ ხომ არ გეგმავთ?
– რა თქმა უნდა, საქველმოქმედო კონცერტები კვლავ გაიმართება და საზოგადოებას არა ერთი ცნობილი მუსიკოსის ნახვის შესაძლებლობა მიეცემა.
საქართველოს მასშტაბით, 2016 წელს 5 ღონისძიება გაიმართა.
ჩემთვის განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართული კონცერტი იყო, რომელმაც სრული ანშლაგით ჩაიარა, რისთვისაც განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას, განსაკუთრებით ქუთაისის მერ, ბატონ შოთა მურღულიას, რომელსაც ასეთი ბავშვების პრობლემები ყოველთვის გულთან ახლოს მიაქვს.
აგრეთვე, დიდ მადლობას ვუხდი, კომპანია მკითხველსა და მის დამფუძნებელ, გიორგი ხელაძეს. ასევე, ყველა იმ კომპანიას,რომლებიც ამ კეთილი საქმის განხორციელებაში მხარში გვიდგანან( ჯეოსთილი, ბეკო, ახალ ნათება, ბრავო ორიათასრვაასი, ანაგი, არქი ჯგუფი) და რა თქმა უნდა, ტელეკომპანა, რუსთავი ორს, იმედსა და რიონი ტივის. ზოგადად, თვითოეულ იმ ადამიანს, ვისაც უსინათლო ბავშვთა პრობლემები გულთან ახლოს მიაქვს.
ასევე, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ, იმის გამო, რომ ამ თემით დაინტერესდით.
სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ 2017 წელს ღონისძიებები საქართველოს კიდევ 16 ქალაქში გაიმართება. მინდა გაგანდოთ, რომ მე და ესპანეთის სამეფო კარის ელჩ, ბატონ ვიქტორ მურსია გარზონს, საქართველოში დიდი უსინათლო ესპანელი კომპოზიტორის, ხოაკინ როდრიგოს სახელობის უსინათლოთა ფესტივალის დაარსება გვსურს.
ცნობილი გახდა თქვენი კიდევ ერთი წამოწყების შესახებ, როგორც თავად აღნიშნეთ, უსინათლოებს გიტარაზე დაკვრას სრულიად უფასოდ შეასწავლით, გვიამბეთ ამ ინიციატივის შესახებ. მსურველები რამდენად არიან?
– მე ვიტყოდი, რომ ეს არის ის, რაც ერთმა რიგითმა მოქალაქემ, ტარიელ სუარმა, რომელსაც მოდით ასე ვთქვათ, გიტარაზე დაკვრა, როგორც ამბობენ კარგად გამოსდის, როგორც პიროვნებამ უსინათლო ბავშვებს შესთავაზა. მსურველები, რა თქმა უნდა, არიან და მე იმედს ვიტოვებ, რომ კიდევ გამოჩნდებიან.
რას ეტყოდით ქართველ საზოგადოებას? რით შეგვიძლია დავეხმაროთ უსინათლოებს?
– იმით, რითაც ცხოვრებაში დახმარება ყველას გვჭირდება-ეს სიყვარულია. ჩვენი პატარების თვალებშიც ვარსკვლავები ციმციმებენ, შესაძლოა, ცოტათი ნაკლები, მაგრამ უფრო გულწრფელი. მათი მარადიული ციმციმისთვის კი, სულ ცოტა სიკეთეც საკმარისია.
ნინო ზარიძე