ალბათ, იცით, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში რაგბს საერთოდ არ თამაშობენ. ჩვენ ამ ქვეყნების სიაში ნამდვილად არ შევდივართ. რაგბი საქართველოში საქვეყნო თამაშად იქცა. სპორტის სხვა სახეობებისგან განსხვავებით, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უამრავი ადამიანი გულშემატკივრობს. „ბორჯღალოსნები“ საკმაოდ წარმატებულად ასპარეზობენ და თამაშის მოსაგებად ყველაფერს აკეთებენ. რაგბი სპორტის ის სახეობაა, რომელშიც ერთობის გარეშე უბრალოდ არაფერი გამოვა. არ აქვს მნიშვნელობა გუნდი გაიმარჯვებს თუ დამარცხდება, მოთამაშე ერთიანობის ნაწილია და ის ამისთის ყველაფერს აკეთებს. სწორედ ამ ერთიანობის ნაწილია გიორგი ნემსაძე.
გიორგი ნემსაძე საქართველოს ნაკრების მორაგბეა. პირველად მან ეროვნული ნაკრების მაისური 21 წლის ასაკში მოირგო, 2005 წელს, ჩილეს წინააღმდეგ მატჩში. რაც შეეხება მის საკლუბო კარიერას, 22 წლის ასაკში საფრანგეთში გადაბარგდა. 2012 წელს ის მეორე დივიზიონის “ტარბში” ჩაირიცხა, სადაც 86 მატჩში შვიდი ლელო დადო. წლევანდელი სეზონის დასაწყისიდან ის ინგლისურ კლუბ „ბრისტოლში“ თამაშობს. მის სპორტულ კარიერაზე, გეგმებზე, საკუთარ პიროვნულ თვისებებზე და სხვა საინტერესო საკითხებზე “თბილისი თაიმსს” მორაგბე გიორგი ნემსაძე ესაუბრა.
მოგვიყევით თქვენს შესახებ…
– ვარ ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ქუთაისიდან, დავიბადე ქუთაისში. დავამთავრე წმინდა ნინოს სახელობის N3 სკოლა, შემდეგ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ფაკულტეტი – ეკონომიკური. სხვათაშორის, ჯერ უნივერსიტეტი დავამთავრე და მერე წავედი საფრანგეთში სათამაშოდ. არ მინდოდა, როგორც ჩვენთან იტყვიან, „უდიპლომო“ ვყოფილიყავი. რაგბს ვთამაშობ 1999 წლიდან. ამის შემდეგ იყო საფრანგეთი და ახლა უკვე ინგლისი.
ვინ იყო ის ადამიანი, ვინც გიბიძგათ, რომ მორაგბე გამხდარიყავით? რაგბით პირველად როდის დაინტერესდით?
– ჩემმა ძმამ მიმიყვანა რაგბზე. ადრე ხელბურთს ვთამაშობდით ერთად. შემდეგ, როგორც იმ დროს გუნდების უმრავლესობას, ხელბურთის გუნდსაც ფინანსური პრობლემები ჰქონდა. ეს გუნდი დაიშალა, თითქმის აღარ არსებობდა და ჩემი ძმა წავიდა რაგბში. მეც მითხრა, რომ დიდი ბიჭი ხარ და წამოდი შენც ცადეო. ამის შემდეგ „მომეწამლა სისხლი“ (ასე ვეძახით).
როგორც ვიცი, სარაგბო კარიერა ქუთაისის „აიაში“ დაიწყეთ. გაიხსენეთ ეს პერიოდი, რა მოგცათ „აიაში“ თამაშმა?
– ხშირად ვიხსენებ ამ დროს. გაჭირვების პერიოდი იყო, ყველამ კარგად ვიცით. არანაირი პირობები არ გვქონდა. გასახდელი ოთახიც კი არ გვქონდა. ღია ცის ქვეშ გვიწევდა გამოცვლა. ზოგჯერ წვიმაშიც ვტოვებდით ტანსაცმელს. იყო მხოლოდ ენთუზიაზმი, მეგობრული გუნდი. ის, რაც რაგბს საერთოდ ახასიათებს. მეგობრობის გარეშე რაგბი არ გამოდის. სწორედ ასეთი სიტუაცია იყო . იმ პერიოდში ჩვენი უფროსი თაობა საფრანგეთში დადიოდა. ეს იყო ერთადერთი სტიმული – უკეთ თუ ითამაშებდი, იქ წასვლის შანსი ჩნდებოდა.
ახალი სეზონიდან ინგლისის „ბრისტოლში“ გადახვედით. ადაპტაციის პერიოდზე რას იტყვით, როგორ შეეგუეთ ახალ გარემოს და თანაგუნდელებს?
– ადაპტაციას ჯერ კიდევ გავდივარ. უპირველეს ყოვლისა – ენის ბარიერი. ძალიან ბევრის სწავლა მიწევს. სკოლაშიც გერმანულს ვსწავლობდი. თუმცა ინგლისურის სწავლა „ნულიდან“ არ მომიწია. ჩემი ძმის მეუღლე ავსტრალიელია და მასთან კონტაქტი მაქვს, მწვრთნელებიც გუნდში ინგლისურენოვანი მყავს.
თანაგუნდელებთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს, უცხოელებთან უფრო. რამდენიმე ჩამოსულიც იყო სამოასთან თამაშისთვის (სამოელი გუნდელებიც მყავს ამას ვგულისხმობდი). ასე რომ, ადაპტაციას ჯერ კიდევ გავდივარ და ეს პროცესი არ გამივლია.
„ბრისტოლის“ პირველ გუნდთან დებიუტი (ანგლო-უელსის თასზე) წაგების მიუხედავად თქვენთვის მაინც წარმატებული იყო. ლელო დადეთ და მატჩის საუკეთესო მორაგბედაც დაგასახელეს. როგორ გგონიათ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ მწვრთნელის ნდობა მოიპოვოთ და პირველ გუნდში ადგილი დაიმკვიდროთ?
– ვთვლი, რომ ყველანაირ პრობლემას, მაინც, ენის ბაიერი ქმნის. მწვრთნელთან კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის, ალბათ, პირველი ბარიერი. მგონია, რომ ეს ბოლო მატჩი „ბრისტოლთან“ ერთად, რაღაც დონეზე, წინ წაწევს ჩემს საქმეს და მწვრთნელის ნდობას გააღრმავებს. მართალია, ის მწვრთნელი აღარაა ახლა, რომელიც ამ თამაშის დროს იყო, გაანთავისუფლეს, მაგრამ ახალი ვინც არის, ისიც სამწვრთნელო შტაბში იყო და ამ ყველაფერს უყურებდა. ახლა დასვენება გვაქვს და ვნახოთ შემდეგ რა იქნება.
რას ფიქრობთ საქართველოს რაგბის ნაკრების მომავალზე?
– ვფიქრობ, რომ საქართველოს ნაკრებს ძალიან დიდი მომავალი ექნება. იმიტომ, რომ 5 წლის წინ, როდესაც ამ გუნდში ვთამაშობდი, ვერც კი ვიფიქრებდი, რომ დღეს უკვე იაპონიასთან წაგების შემდეგ ამდენ საყვედურს მოვისმენდით. სამოასთან მოგება უკვე უბრალო მოგება გახდა. შოტლანდიასთან დამარცხების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმი რთული იყო და მეორეში კარგად ვითამაშეთ, მაინც ამდენი საყვედური წამოვიდა ჩვენს მიმართ. არ ვთვლი, რომ ეს საყვედური დაუმსახურებელია. შეიძლება, რაღაც დონეზე გვეკუთვნოდა ან რაღაც დონეზე – არც, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ გავლილ 5 წელს, რომ გადავხედოთ, დიდი ნახტომი გავაკეთეთ და სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ საქართველოს ნაკრებს ძალიან დიდი მომავალი ელის.
საქართველოს ნაკრების წაგებას შოტლანდიასთან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ექვსი ერის გაფართოების თემა და საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ამ ტურნირზე მოხვედრა კვლავ აქტუალური თემაა. თქვენ რას ფიქრობთ, რამდენად რეალური შეიძლება იყოს ექვსი ერის გაფართოება და რა უნდა გააკეთოს ჩვენმა ნაკრებმა იმისთვის, რომ ამ ტურნირზე მოხვდეს?
– ეს არის კომერციული ტურნირი და იმაზე არ არის დამოკიდებული რამდენად წარმატებული ვიქნებით. ბიზნესმენი არის, არ ვიცი კონკრეტულად სახელი და გვარი, ვისიც არის და მის ფინანსურ ინტერესებში ამ ეტაპზე არ შედის ამ ტურნირში საქართველოს შეყვანა. მთავარი პრობლემა ეს არის. საქართველოს ნაკრებმა კი ჩვეულებრივ უნდა გააგრძელოს თამაში. იმასაც ვფიქრობ, ამ ტურნირში რომ შეგვიყვანონ, ვიცი ჩვენი გულშემატკივრების პრეტენზიულობა, კარგი გაგებით… ვთქვათ და შევედით ამ ტურნირში, ჩემი პროგნოზი ასეთია: პირველი სამი-ოთხი წელიწადი, შეიძლება მეტიც, მოგება გაგვიჭირდება. ვნახეთ შოტლანდია, რომელიც არ არის ექვსი ერის მოთავე გუნდი. მათთან თამაში კი გაგვიჭირდა. ამიტომ, მგონია, რომ პირველი ხუთი წელიწადი ამ ტურნირებზე თამაშების მოგება გაგვიჭირდება. ჩვენ შეიძლება ამისთვის ფსიქოლოგიურად მზად ვიყოთ, მაგრამ გულშემატკივარი არის იმისთის მზად, რომ 5-6 წელიწადი თამაში ვერ მოვიგოთ და კვლავ ჩვენი გულშემატკივრობა გააგრძელონ?! ამ მხრიდანაც ვუყურებ ყველაფერს. ალბათ, ჯერჯერობით, რაღაც შუალედური უნდა მოიძებნოს. მაგალითად, ხშირი თამაშები იაპონიასთან, სამოასთან, ამერიკასთან, კანადასთან… უპირველეს ყოვლისა, იმისთვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ ექვს ერში ,ვთვლი, რომ შიდა ჩემპიონატის დონე უნდა განვითარდეს და ევროტურნირების თამაშები უნდა დაიწყოს.
მოედანზე გასვლამდე, თამაშის წინ თუ გაქვთ რაიმე ტრადიცია, რიტუალი, რაც მოგებაში გეხმარებათ?
– როგორც ყველა ქრისტიანი ადამიანი, ღმერთს ვთხოვ, რომ ყველაფერი ჯანმრთელად დასრულდეს. მოგება არასდროს მითხოვია. მოიგებს ის, ვინც იმ მომენტში უკეთესი და ღირსეული იქნება. ეროვნულ ნაკრებს რაც შეეხება, გასვლის წინ „მამაო ჩვენოს“ ვამბობთ ერთად.
რა არის რაგბის თამაშში ყველაზე დიდი სირთულე?
– რაგბის თამაში, ალბათ, ამიტომაცაა საინტერესო, რომ ერთი დიდი სირთულეა. ყველა პოზიციაზე მყოფ მორაგბეს თავისი ფუნქცია აქვს, მაგრამ ნებისმიერ მათგანს უნდა შეეძლოს ყველაფრის გაკეთება. ძალიან საინტერესო თამაშია. ერთი შეხედვით ჩანს, რომ დიდი ბიჭების ფიზიკური შეჯახება და დაპირისპირებაა, მაგრამ, ვფიქრობ, რაგბი ძალიან დიდ ინტელექტსა და აზროვნებას მოითხოვს. უინტელექტო ადამიანი ამ სპორტში წარმატებული ვერ იქნება.
დიდი ხანია, რაც რაგბს თამაშობთ. ჩატარებული მატჩებიდან თქვენთვის რომელია ყველაზე დასამახსოვრებელი და გამორჩეული და რატომ?
– რა თქმა უნდა, ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი არის ჩემი პირველი თამაში ეროვნულ ნაკრებში, როცა ეროვნული მაისური პირველად ჩავიცვი. მაგრამ ერთს ვერ გამოვყოფდი. უბრალოდ პირველი დარჩება ყოველთვის პირველად. ამ თამაშში თან ლელო დავდე, იღბალიც ჩემკენ იყო… ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში ჩვენთვის, საქართველოსთვის, მაყურებლისთვის იყო მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვება ტონგის ნაკრებთან, რასაც, ალბათ, ჩვენს მეტი არავინ ელოდა.
რომ არა მორაგბე ვინ იქნებოდით? სხვა პროფესიაზე არასოდეს გიფიქრიათ?
– ალბათ, ეკონომისტი ან არქიტექტორი. ჩემი დიდი გატაცება იყო ხაზვა, ყოველთვის მიყვარდა. ბავშვობაში არქიტექტურა ძალიან მაინტერესებდა. იმ დროს, როცა სკოლა დავამთავრე, რთული პერიოდი იყო. ქუთაისში არ არსებობდა არქიტექტურული ფაკულტეტი. მათემატიკა შედარებით კარგად ვიცოდი და ამიტომ ეკონომიკურზე ჩავაბარე.
როგორია გიორგი ნემსაძე მოედნის მიღმა, რაგბის ბურთის გარეშე?თავისუფალ დროს რას აკეთებთ?
– საკუთარ თავზე საუბარი რთულია. წყნარი, მშვიდი ადამიანი ვარ. ზოგჯერ- ფეთქებადი, მაგრამ მთელი ცხოვრება ვცდილობ,რომ ჩემზე ნაწყენი ადამიანი არ დარჩეს.
ისეთი რთული ვარჯიშები გვაქვს, რომ ჩემი თავისუფალი დრო ძირითადად დასვენებას უკავშირდება. სხვა მხრივ – ოჯახი და მეგობრები. თუ დრო გამომიჩნება, იმ წუთში ქუთაისში მივდივარ მათთან, ვისთან ერთადაც გავიზარდე… დასვენება, მეგობრები, მსუბუქი გართობა (კლუბური გართობა არ მიზიდავს) – ესაა ჩემი თავისუფალი დრო.
რამდენად მნიშვნელოვანია გულშემატკივრების დასწრება მატჩებზე და რა შეგრძნება გეუფლებათ, როდესაც უამრავი ადამიანი გამხნევებთ?
– უმნიშვნელოვაიესია მათი დასწრება. ბოლო ორ მატჩზე ვისაუბრებ. როდესაც ჩვენ იაპონიასთან დავმარცხდით, ტრაგედიასავით იყო, პირადად ჩემთვის. სამი თუ ოთხი დღით ადრე ყველა ბილეთი გაყიდული იყო, ხალხი ამდენი ხანი ჩვენს თამაშს ელოდა და რაღაც მომენტში იმედები გავუცრუეთ, მათი გადმოსახედიდან რომ შევხედოთ. მეორე თამაშზე ცოტა გულიც დამწყდა. არ მითქვამს არსად და ახლა ვამბობ. ბილეთები ბოლო დღემდე არ გაიყიდა. ყველაფერი გავაკეთე მე პირადად და ყველა მოთამაშემ იმისთვის, რომ მოგვეგო ეს თამაში და პატივი მეცა მათთვის, ვინც სტადიონზე მოვიდა. მაყურებელი ჩვენთვის ყველაფერს ნიშნავს. დამიჯერეთ, აზრი არ აქვს, არანაირ გამარჯვებას თუ არავინ გიყურებს, შენი ქვეყანა თუ შენს გვერდში არ დგას.
გამიჭირდება იმის ახსნა, თუ რა შეგრძნებაა, როდესაც უამრავი ადამიანი გვამხნევებს. წარმოიდგინეთ, 75-ე წუთია და ძალიან დაღლილი ხარ, ყველაფერი გტკივა, ამდენი დატაკება, დაჯახება, სირბილი… ძალიან დაღლილი ხარ. გინდა, რომ გახვიდე და დაისვენო. მაგრამ ამ დროს უცებ გუგუნის ტალღა მოდის ტრიბუნებიდან. მეორე ძალა გეძლევა… არა, მეორე ძალაც დახარჯული გაქვს… მაყურებლის ძალა გეძლევა. რაც გულშემატკივარს აქვს იმ მომენტში ენერგია, ძალა, სწორედ ეს ძალა გეძლევა.
– როგორ გგონიათ, მიზნის მისაღწევად რა არის საჭირო?
– თავდაუზოგავი შრომა. ალბათ, პატარა გამართლებაც, მაგრამ შრომას აუცილებლად მოჰყვება გამართლება. როდესაც იშრომებ და თავს დადებ, დარწმუნებული ვარ დღეს თუ არა, როდესმე მაინც გაგიმართლებს. 31 წლის ვიყავი, როდესაც „ბრისტოლში“ მოვხვდი. მაშინ 28 წლის ასაკში ხელები უნდა ჩამომეყარა და მეთქვა, რომ არ გამიმართლა, მორჩა და ჩაიარა ჩემმა კარიერამ. მაგრამ შრომა გავაგრძელე, ბევრი ტრავმის მიუხედავად არ დავნებდი.
ყველას ვურჩევ, რომ არასდროს გადაუხვიონ მიზანს. მიზანი, მიზნის მიღწევა არის ცხოვრებაც.
– რას ურჩევდით ახალგაზრდებს, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ რაგბში?
– იგივეს. უპირველეს ყოვლისა, ძალიან ბევრი შრომა. სწორი ვარჯიში, კვება და ძილი – ამ სამ კომპონენტს გამოვყოფდი. ეს არის, ალბათ, წარმატების მიღწევის სამი უმთავრესი საიდუმლო.
– როგორ ფიქრობთ, რა არის ცხოვრებაში ის მთავარი ლელო, რომელიც ადამიანმა აუცილებლად უნდა დადოს?
– მთავარი ლელო, ოჯახია. ჩემი მთავარი ლელო სწორედ ეს არის. ასევე, რაც უკვე ვთქვი, ირგვლივ ვინც გყავს, არავინ არ უნდა იყოს შენზე ნაწყენი. ცხოვრება ისე უნდა გაატარო, რომ ეცადო არავის აწყენინო.
ნინო მაზიაშვილი