„წელიწდნახევრის წინ გამოვაცხადეთ მასშტაბური ინფრასტრუქტურული რეფორმები და ისეთი ობიექტების რეაბილიტაცია დავგეგმეთ, რომლებზეც დაახლოებით ორმოცი წელია თითი არავის დაუკარებია. ერთ–ერთი მათგანი არის სამხატვრო აკადემია, რეაბილიტაციის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და გეგმით 2018 წელს დასრულედება.“. კულტურის სფეროს ძირითადი გამოწვევების და დაგეგმილი პროექტების შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხელ გიორგაძემ ტელეკომპანია „GDS“–ზე, გადაცემა „2030“–ის ეთერში ისაუბრა.
„ბოლო 50 წელია არაფერი გაკეთებულა თეატრალურ უნივერსიტეტში,სადაც უკვე სახიფათო გარემო იქმნებოდა და მისი რეაბილიტაციაც იგეგმება. წლების განმავლობაში ქუჩაში იყო დარჩენილი თოჯინების თეატრი, უკვე დავიწყეთ მუშაობა და ნულიდან ვაშენებთ ახალ თოჯინების თეატრს განახლებულ მარჯანიშვილის გამზირზე.
სამინისტროს პრიორიტეტები გარდა ტრადიციული სფეროებისა, ითვალისწინებს რეფორმების ოთხ პუნქტიან გეგმას. გველოდება მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმა, ვაძლიერებთ საგანმანათლებლო კომპონენტს, სახელოვნებო განათლების და კულტურის სფეროში მომუშავე ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლებს თვალსაზრისით. თავიდან უნდა იყოს გააზრებული კულტურის სამინისტროს ფუნქცია. ამაში ჩვენ უცხოელი პარტნიორები , ბალტიისპირეთის ქვეყნების ექსპერტები გვეხმარებიან.
საბოლოოდ შევქმნით ისეთ გარემოს, სადაც ნებისმიერი კულტურის ნებისმიერ დარგს ექნება შესაძლებლობა გამოავლინოს თავისი პოტენციალი და განვითარდეს. არ ვსაუბრობთ კერძოდ თეატრალური ხელოვნების, კინოს, მუსიკის განვითარებაზე. ამ საკითხს სფეროს სპეციალისტებს ვუტოვებთ. სამინისტროს მისიაა დარგის წარმომადგენლებისთვის შექმნას ნაყოფიერი და ხელშემწყობი გარემო თავისი დარგის განსავითარებლად“.
მიხეილ გიორგაძემ საყდრისთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესზე და ვარძიის მონასტრის ხანძრის შემდგომ დაგეგმილ სამუშაოებზეც ისაუბრა.
„მიხეილ გიორგაძეს ეს პასუხისმგებლობა აღებული აქვს და გამოიხატება იმაში, რომ ამ თემაზე ყველა ფორმატში არა ერთხელ მისაუბრია. სამართლებრივი პროცესიც მიმდინარეობს, ერთი სასამართლო პროცესი ჩვენ უკვე მოვიგეთ, იმდენად მყარი იყო სამინისტროს არგუმენტები, რომ გასაჩივრებასაც არ დაექვემდებარა.
პირველადი დათვალიერებით ჩანს, რომ კატასტროფული მდგომარეობა ნამდვილად არ არის, აღდგენა შესაძლებელია. ამ შეფასების პროცესში და მომავალი საკონსერვაციო ნაბიჯების განსაზღვრაში ჩართულია ერთ–ერთი ყველაზე ავტორიტეტული, ლონდონის კურდოს ინსტიტუტი. სპეციალისტები მესამე დღიდან იყვნენ ვარძიაში. ნიმუშები არის წაღებული ლონდონში, ტექნოლოგიურად ყველაზე თანამედროვედ აღჭურვილ ლაბრატორიაში. კეთდება ანალიზი და პასუხის შემდეგ გვეცოდინება კონკრეტულად რა გეგმით მივდივართ. ამ მიზეზით სამუშაოები დროებით შეჩერებულია“.
მანანა ღოღობერიძე