„ყოველდღიურად ქალაქში დაახლეობით 400 ათასამდე ავტომობილი მოძრაობს. აქედან გამომდინარე თბილისს სასწრაფოდ სჭირდება ათასამდე ვერტიკალური პარკინგის მოწყობილობა, სადაც ერთი ავტომობილის ადგილზე ათი ავტომობილი მაინც განათავსდება“. ამის შესახებ კომპანია „რევერსის“ დირექტორმა მალხაზ ცისკარიშვილმა ტელეკომპანია „მაესტროზე“, გადაცემა „ბიზნეს კონტაქტის“ ეთერში ისაუბრა.
„ქუჩები, რომლებშიც სულ რაღაც 50 წლის უკან კონკა და ფაიტონი დადიოდა, ისევ იმავე სიგანის დარჩა, გამტარუნარიანობა იგივეა, მაგრამ ათასჯერ უფრო მეტი ტრანსპორტი მოძრაობს. უნდა დაველოდოთ ნიმუშის შექმნას, რომლის შენებაც დაწყებულია, ეს ნიმუში გვაჩვენებს ქართული პატენტით გაკეთებული ვერტიკალური პარკინგის სიკეთეებს. გამოვლინდება ყველაფერი, ხომ არ არის შესაცვლელი კონსტრუქციები. შემდეგ მზად ვიქნებით მივიღოთ შეკვეთები კერძო პირებისგან. ქალაქის მერიასთან ერთად ლოკაციების განსაზღვრა ჯერ არ დაგვიწყია. ჩვენი ძირითადი მიზანი ამ ეტაპზე არის ის, რომ გავამართლოთ მთავრობის მიერ დანერგილი სიახლე, ქართული პატენტების სარისკო კაპიტალით უზრუნველყოფა.
პროექტის პრეზენტაცია თავდაპირველად მოხდება დამფინანსებლებთან, ეს არის ეკონომიკის სამინისტრო და საპარტნიორო ფონდი. შემდეგ პრეზენტაციაზე მოწვეული იქნება ყველა, ვისაც ამ პროექტთან სოციალური თუ ეკონომიკური კავშირი გააჩნია. იმედი გვაქვს, ქალაქის მერიაც შეგვიწყობს ხელს იმისთვის, რომ ქალაქში პროექტის განხორციელებისთვის ადგილები გამოყოს. რა თქმა უნდა პროექტის ვადები გაწერილია, შედგენილია საწარმოო გრაფიკი და ველოდებით, რომ იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში მაინც ნიმუში გამოცდილი იქნება და მზად ვიქნებით საზოგადოების წინაშე პრეზენტაციისთვის,“–განაცხადა მალხაზ ცისკარიშვილმა.
მანანა ღოღობერიძე