„დღევანდელი მდგომარეობით ფქვილის ღირებულება ორი ლარით გაძვირდა. თუ ფქვილის ღირებულება 40 ლარს ასცდა, პურის ფასის მატება გარდაუვალია. სხვა შემთხვევაში ვერც ერთი მეწარმე მისი დამზადების თვითღირებულებაში ვერ ჩაეტევა“. ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან ერთად საკვებ პროდუქტებზე ფასების შესაძლო ზრდაზე „პურპროდუქტების ასოციაციის ხელმძღვანელმა“ მალხაზ დოლიძემ ტელეკომპანია „მაესტროზე“, გადაცემა „ბიზნეს კონტაქტის“ ეთერში ისაუბრა.
„პურის ღირებულებაში მთავარი ფქვილია, მაგრამ არანაკლებად მოქმედებს ენერგომატარებლების ფასი. წარმოებისთვის საწარმოო ტარიფები უკვე გაორმაგებულია. ეს არის ბუნებრივი აირი, წყალი, ელექტროენერგია. პური პირველადი მოხმარების პროდუქტია და მისდამი დამოკიდებულებაც პირველადი უნდა იყოს. თუ საბაზრო ეკონომიკის პრინციპები იმუშავებს და მეწარმეს როგორც ფასში, ისე ხარისხში არჩევანის საშუალება ექნება, შედარებით უკეთეს პირობებს მივიღებთ. პურის დამზადება საკმაოდ გამჭვირვალე დარგია, თუმცა რაც შეეხება ფქვილის დამზადებას, მისი შემოტანის და გადამუშავების პროცესს, ეს ცალკე თემაა. ჩვენი დარგი საკმაოდ სენსიტიურია, თითოეული 3 თეთრის მატებას აჟიოტაჟი მოჰყვება ხოლმე
გამოსავალი რა თქმა უნდა არის. ბათუმიდან თბილისამდე ერთი ტონა ხორბლის ჩამტანა 36 დოლარი ჯდება, რაც საკმაოდ დიდი თანხაა. რუსეთი მსოფლიოში ხორბლის ექსპორტით პირველ ადგილზეა. რატომ არ უნდა გამოიყენოს ჩვენმა ქვეყანამ ეს სიკეთე, რომ ხორბალი რუსეთიდან შემოვიდეს. საქართველოს წელიწადში დაახლოებით მილიონი ტონა ხორბალი სჭირდება, ხომ შეიძლება რომ ეს გარანტირებულად იქნას შეძენილი. ჩვენთან წელს კარგი მოსავალი იყო, 300 ათასი ტონა ხორბალი ავიღეთ, მაგრამ აქედან სასურსათო იყო მხოლოდ 20 %,“–განაცხადა მალხაზ დოლიძემ.
მანანა ღოღობერიძე