რამდენიმე დღის წინ რუსულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმისა შესახებ, რომ „იანდექს ტაქსის“ შემდეგ საქართველოში კიდევ ერთი რუსული კომპანია გეგმავს შემოსვლას. ამის შესახებ განაცხადა “ტრანსსოფტის” პრეზიდენტმა. საერთაშორისო აპლიკაციის, ე.წ. “იუბერის” გამოყენებით, საქართველოში საავტომობილო გადაყვანის მომსახურების დანერგვას გეგმავს. ეს სერვისი იყენებს პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც კლიენტთან ყველაზე ახლოს მყოფ მძღოლს გზავნის. მსგავსი აპლიკაციის გამოყენებით საქართველოში უკვე ოპერირებს რუსული კომპანია “იანდექს ტაქსი”. ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრს საუბრობენ რუსული „იანდექს ტაქსის“ დაბალ ტარიფებსა და მის ფარულ გეგმებზე. ასევე ქვეყანაში კვლავ აქტუალურია ტაქსების რეგულირებისა და ლიცენზირების საკითხი.
რუსულმა კომპანიამ “იანდექს ტაქსიმ” თბილისში ტაქსებით მომსახურების სერვისი 23 აგვისტოდან დაიწყო. ბელორუსის, ყაზახეთის, რუსეთისა და სომხეთის შემდეგ საქართველო მეხუთე ქვეყანა გახდა, სადაც რუსული კომპანიის აპლიკაცია ჩაეშვა.
“იანდექს ტაქსის” ქართულ ბაზარზე შემოსვლას საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტი მოჰყვა, რადგან კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს რუკა აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშე იყო წარმოდგენილი. შესაბამისად გამოდის, რომ კომპანია “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონს” არღვევდა. ამის შესახებ “თბილისი თაიმსი” ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარეს, დავით მესხიშვილს ესაუბრა.
მისი თქმით, ახალი ტაქსების შემოყვანის მიზეზი ტაქსიზე დიდი მოთხოვნა არ ყოფილა. რადგან, ჩვენს დედაქალაქში საკმაოდ დიდია ტაქსების რაოდენობა, რომელთა რიცხვი დაახლოებით ორმოცი ათასს ან უფრო მეტს აღწევს.
„შესაძლოა მათი შემოსვლა რაიმე მიზანს ემსახურება. რეალურად ეჭვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები. თუმცა ფაქტია, რომ ისინი დღეს მუშაობენ, ჩვეულებრივად ფუნქციონირებენ და ხელისუფლებასაც არ აქვს მათთან დაკავშირებით რაიმე სახის პრეტენზია და კითხვები ჩვენგან განსხვავებით. ცოტა საეჭვოა ისეთი კომპანიის შემოსვლა და ფუნქციონირება ქვეყანაში, სადაც ამის საჭიროება ნამდვილად არ არსებობს. აღსანიშნავია ის, რომ „იანდექს ტაქსიმ“ ქვეყანაში შემოსვლისთანავე დაარღვია „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონი“ და ამავე დროს, აქვს საკმაოდ დაბალი ტარიფები“-აღნიშნა დავით მესხიშვილმა.
ტრანსპორტისა და გზების ასოციაციების თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა ტაქსების რეგულირებასა და ლიცენზირების საკითხზე. დავით მესხიშვილის განმარტებით რეგულაციების შემოღებას აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარე.
„გარკვევული მოთხოვნები და რეგულაციები უნდა არსებობდეს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ზეწოლის მსგავსი, მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული და დაცული ტაქსის მძღოლების უფლებები. მაგალითად, ტაქსი უნდა იყოს ტექნიკურად გამართული და არ წარმოადგენდეს საფრთხეს მგზავრებისთვის; სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა უნდა იყოს მოწესრიგებული; უნდა ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ტაქსის მძღოლს აქვს კვალიფიკაცია იმისთვის, რომ ერთი ადგილიდან მეორე ადგილამდე მიგვიყვანოს“-აღნიშნა ასოციაციის თავმჯდომარემ.
მისივე განმარტებით, რეგულაციების კიდევ ერთი დადებითი შედეგი იქნება ის, რომ ყოველ მძღოლს მოუწევს წარადგინოს გარკვეული დოკუმენტაცია: „ ჯანმრთელობის ცნობა, ცნობა ნარკოლოგიურიდან (ცნობები არ უნდა იყოს ყალბი და ჩვენ მოვითხოვეთ, რომ ეს საკითხი ჯანდაცვის სამინისტროსთან დარეგულირდეს) და ცნობა ნასამართლობის შესახებ. თუმცა, მას უნდა მიეცეს მუშაობის საშუალება და მაქსიმალურად უნდა მოხდეს მისი ინტეგრაცია.“
თუმცა აღნიშნულ რეგულაციებს აქვს უარყოფითი მხარე,როგორც დავით მესხიშვილმა აღნიშნა, თუ საგადასახადო რეგულაციები ამოქმედდება მგზავრობა გაძვირდება.ეს კი პრობლემა იქნება უფრო მეტად საზოგადოებისთვის, ვიდრე თავად ტაქსის მძღოლებისთვის. რადგან გაზრდილი ფასების გამო,ტაქსით გადაადგილება გახდება ფუფუნების საგანი და მგზავრები ვერ შეძლებენ მაღალი ფასების გადახდას. ასეთ შემთხვევაში კი, გაიზრდება მოთხოვნა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე.
„ახლა, როდესაც მგზავრობა ისედაც ძვირდება მიუღებლად მიმაჩნია საგადასახდო რეგულაციების შემოღება. შესაძლოა, ეს კომპანიებმა ადვილად მოაგვარონ, თუმცა კერძო პირებს ძალიან გაუჭირდებათ. გაძვირების შემთხვევაში ისინი დაკარგავენ კლიენტებს, რაც გამოიწვევს მათ ეკონომიკურ კრიზისს. ეს ადამიანები, დასაქმების გარეშე დარჩებიან. “-აღნიშნა ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარემ.
აღნიშნული რეგულაციების შემოღებას ცალსახად ეწინააღმდეგება ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა HUB Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე. მისი განმარტებით, ლიცენზირებას და ტრანსპორტის რეგულაციებს არანაირი კავშირი არ აქვს მგზავრობის უსაფრთხოებასთან და მოძრაობის განტვირთვასთან.
„დღეს ტაქსების სფერო არის თვითრეგულირებადი, ყოველგვარი ბიუროკრატიული სისტემის გარეშე. ერთადერთი ადგილია, სადაც ათასობით ადამიანი არის თვითდასაქმებული, სწორედ იმიტომ, რომ ამ სატრანსპორტო საშუალებებზე რეალურად არის მოთხოვნა. დღეს თბილისში, ტაქსი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური სატრანსპორტო საშუალებაა, იმიტომ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი ფაქტობრივად არის მწყობრიდან გამოსული, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი არ გვაქვს.“-განაცხარა ვასო ურუშაძემ.
მისი თქმით, ყველაფრის უკან დგას გარკვეული პირების ბიზნეს ინტერესები: „მსგავსი რეგულაციითა და ლიცენზიის შემოღებით თბილისის მერია შექმნის ბიუროკრატიულ მექანიზმებს, რისი გადალახვაც არ შეეძლება ჩვეულებრივ თვითდასაქმებულ მოქალაქეს, მომგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდებიან შედარებით დიდი კაპიტალის მქონე სატაქსო კომპანიები, გაიზრდება მათი შემოსავალი, ხოლო ათასობით თვითდასაქმებული პირი უმუშევარი დარჩება .“
HUB Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი „იანდექს ტაქსის“ შემოსვლას რეგულაციებისა და ლიცენზირების შემოღებას უკავშირებს.
„მას შემდეგ, რაც თბილისის მერიამ დაანონსა სატაქსო ლიცენზირების შემოღება, მაშინვე საინტერეო გახდა საქართველოს ბაზარი “იანდექს ტაქსისთვის”, რომელიც შემოვიდა ქართულ ბაზარზე და ახდენს მის მონოპოლიზებას, იმ იმედით, რომ თბილისის მერია აუცილებლად შემოიღებს ტაქსებზე ლიცენზიებს, რაც“იანდექს ტაქსის“ ვერ შეეხება და დარჩება ერთადერთი მსხვილი მოთამაშე ქართულ ბაზარზე“-განაცხადა ვასო ურუშაძემ.
თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ “თბილისი თაიმსთან” საუბრისას განაცხადა, რომ ამ დროისთვის ტაქსების ლიცენზირებაზე მსჯელობა არ მიმდინარეობს. საუბარია მხოლოდ ისეთი ტიპის რეგულირებაზე, რომელიც ძირითადად იქნება სანებართვო სისტემაზე აწყობილი. ეს იქნება მინიმალური რეგულაციები იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ტაქსი.
„ ჩვენი ამდროინდელი პირველადი შეფასებით, რომელიც გავლილია სპეციალისტებთან. ვფიქრობთ, რომ ის უნდა ემსახურებოდეს უსაფრთხოების საკითხს,რადგან დღეს ტაქსის ბაზარი დაურეგულირებელი სფეროა, რომელსაც საქმე აქვს მგზავრების გადაყვანასთან. სწორედ ამ მიზეზების გამო, ჩვენ ვთვლით, რომ ახალი სანებართვო სისტემა უსაფრთხოების მიზანს უნდა პასუხობდეს . ერთი მხირვ, ეს უნდა იყოს ავტომობილის უსაფრთხოების კომპონენტი, რომელიც უზრუნველჰყოფს ავტომობილის უსაფრთხოებას. ხოლო მეორე ნაწილი იქნება მძღოლის უსაფრთხოების კომპონენტი.“-განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
როგორც თბილისის მერის მოადგილემ აღნიშნა, პირველ ეტაპზე ყველა ტაქსისთვის მინიმალური მოთხოვნები იქნება დაწესებული . რომლებიც დაკავშირებულია ნაკლებ დანახარჯებთან და ისეთი ტიპის ნორმებთან რომლებიც, ნორმალური ავტომობილის მფლობელისთვის პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. რაც შეეხება „იანდექს ტაქსის“ ქართულ ბაზარზე შემოსვლას და ოპერირებას, ირაკლი ლექვინაძის თქმით, ვინაიდან ქართული სატაქსო ბაზარი დაურეგულირებელია ნებისმიერ მსურველს შეუძლია თავისუფლად დაიწყოს ეს საქმე, მათ შორის „იანდექს ტაქსისაც.“
„“იანდექს ტაქსი“ არის კერძო კომპანია. იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ბაზარი არის დაურეგულირებელი, ნებისმიერ მსურველ კომპანიას შეუძლია ბაზარზე შესვლა და მისი დატოვება აბსოლუტურად თავისუფალად. ამიტომ ჩვენ „იანდექს ტაქსისთან“ არანაირი შეხება არ გვაქვს და ნებისმიერი მისი ქმედება, მისი კომერციული პოლიტიკის ნაწილი.“-განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.
დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მგზავრთა გადაყვანის კერძო სატრანსპორტო სფერო არ რეგულირდება. ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რომ ყოველგვარი სალიცენზიო გადასახადის გადახდისა და დაბეგვრის რეჟიმის გარეშე იმუშაოს. ტაქსების ლიცენზირების საკითხი კვლავ აქტუალურ თემად რჩება, რომლის შესახებ ექსპერტებსა და ამ თემაზე მომუშავე სპეციალისტებს სხვადასხვა შეხედულება აქვს. თუმცა უდავოა, რომ ლიცენზირება და რეგულაციები არა მარტო ტაქსის მძღოლებისთვის, არამედ მოსახლეობისთვისაც მძიმე ტვირთად იქცევა.
მარიამ ლეკიაშვილი