8 დეკემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, პირველ მოადგილე აკაკი ლოდიასთან და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი გიორგაძესთან ერთად, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტ ზურაბ აზმაიფარაშვილს და ფიდეს (ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია) აღმასრულებელ დირექტორს, ჯეფრი ბორგს სამინისტროში შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებს შორის საუბარი იყო საქართველოში დაგეგემილ ორ უმაღლესი დონის საერთაშორისო ტურნირზე – 2017 წელს თბილისში გასამართ მსოფლიოს თასსა და 2018 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის შესახებ, რომელსაც ბათუმი უმასპინძლებს.
ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენელმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრისგან მსოფლიო თასისა და ოლიმპიადის მაღალ დონეზე ორგანიზების მხარდაჭერა მიიღო.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საერთაშორისო ტურნირების საუკეთესოდ მასპინძლობისათვის ფიდესთან კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა და კოორდინირებული მუშაობაა საჭირო. ითქვა, რომ სამინისტრო კიდევ უფრო აქტიურად განაგრძობს ქვეყანაში ჭადრაკის მხარდაჭერასა და მის პოპულარიზაციაზე ზრუნვას.