დღეს, “თიბისი ბანკის” სათაო ოფისში პრესკონფერენცია გაიმართა. მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორმა, ალექსანდრე ონოფრიშვილმა და თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ, სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.
თანამშრომლობა სამთო კურორტებზე გადახდის ინოვაციური სისტემების შექმნასა და ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს, რომლითაც დამსვენებლები და სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულები უკვე ამ სეზონიდან ისარგებლებენ.
პრესკონფერენციის მსვლელობისას, მამუკა ხაზარაძემ და ალექსანდრე ონოფრიშვილმა, 25 დეკემბერს კოხტა-მიტარბის საბაგირო ხაზის გახსნა დააანონსეს. მათივე თქმით, სამომავლოდ მიტარბის კურორტი მსოფლიო დონის კურორტების რიცხვში შევა. კურორტი საბოლოო სახეს 5-7 წლის ვადაში მიიღებს.
როგორც მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, “თიბისი ბანკის” მხარდაჭერით უკლებლივ ზამთრის ყველა კურორტზე გადახდის სისტემა გაუმჯობესდება, კერძოდ, ხელმისაწვდომი იქნება ახალი ბარათები(Multi Card), რომელებიც საბაგიროთი მოსარგებლე ადამიანებს რიგში დგომის გარეშე დისტანციურად-ინტერნეტბანკით, ბარათით ან ფეიბოქსით გადახდის საშუალებას მისცემს.
ასევე ცნობილი გახდა, რომ სულ მალე Multi Card-ის ბარათებზე ანგარიშის შევსება თიბისი ფეის აპარატითაც იქნება შესაძლებელი.
გარდა ამისა, თიბისი ბანკი მთის კურორტებზე მომსახურებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს, რაც მომხმარებლისათვის მოქნილი სერვისებისა და დამატებითი კომფრტის შეთავაზებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ თიბისი ბანკი მთის კურორტების განვითარების კომპანის მხარდაჭერას 5 წლიანი პარტნიორობის ფარგლებში განახორციელებს.
ნინო ზარიძე