“ზოგადად მაწუხებს ქვეყანაში მერიის კულტურის სამსახურის მიდგომები და მუშაობის ფორმა. მე მაქვს ერთადერთი პრეტენზია, რომ თვითონ ამ სამსახურის უფროსი, როგორც პერსონა უნდა იყოს შემდგარი პროფესიონალი. ეს განყოფილება რეაბილიტაციაზეა გასაშვები, აუცილებლად გადასახალისებელია”. საახალწლო სახალხო კონცერტის ორგანიზების პრობლემებზე და მერიის კულტურის სამსახურის მიმართ უკმაყოფილებაზე მომღერალმა და პროდიუსერმა კახა ცისკარიძემ “ტვ პირველზე”, გადაცემა “დიანა ტრაპაიძის დღის ამბების” ეთერში ისაუბრა.
“ვერ ვიტყოდი, რომ საყოველთაო საახალწლო კონცერტებს მილიონობით აუდიტორია ჰყავს. ბოლო ოთხი წლის პერიოდში ჩატარებული კონცერტების ოფიციალური მონაცემები არსებობს, ყველაზე კარგ შემთხვევაში შეგვიძლია მაქსიმუმ 5 ათასი ადამიანი დავასახელოთ. როცა მე ვიყავი ამ კონცერტების ერთ-ერთი მთავარი პროდიუსერი, მაშინ გვქონდა ორ და სამ მილიონიანი აუდიტორიის ყურებადობა და დასწრებადობა მინიმუმ 30 ათასი. ეს არის ხალხის მიერ თავისივე სიამოვნებისთვის გამოყოფილი თანხა და ყველაფერი უნდა იყოს ხარისხიანი. თუმცა არ მინდა მოხდეს დაპირისპირება მომღერლებს შორის.
პრეტენზიები აუცილებლად ექნებათ არტისტებს, ისინი ხალხმა გახადა პოპულარული და არ უნდა ხდებოდეს მთავრობების მიერ მიკერძოება. ბუნებრივია მომღერლებს უნდა ჰქონდეთ პრეტენზია. აქ ფინანსური ხიბლი იმდენად არ არის არტისტისთვის, რამენადაც ფართო აუდიტორიასთან შეხება. მთავარი პროდიუსერი და განყოფილების უფროსი ვალდებულია , რომ გააკეთოს განმარტებები საზოგადოების წინაშე. თუმცა ის საერთოდ არ ესწრება არც ერთ ეთერს არც ახალი წლის შემდეგ.
სხვა საკითხია როგორ შეიძლება სახალხო ზეიმი კომპანიას უტენდეროდ ჩააბარო . ეს სისტემა კარგად იყო გამართული და მსგავს წარმატებებს ახალმა სამსახურმა ვერ მიაღწია. როდესაც შარშან კონცერტზე მილიონნახევარი დახარჯეს და სახალხო ზეიმს მხოლოდ ათასამდე ადამიანი ესწრებოდა, ეს არის ფუჭად დახარჯული დრო და თანხები,”-განაცხადა კახა ცისკარიძემ.
მანანა ღოღობერიძე