საქართველოს სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა 2016 წლის ანგარიში ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ, რომელშიც ასევე განხილულია რელიგიის თავისუფლების მიმართულებით არსებული პრობლემები. The Tbilisi Times გთავაზობთ სახალხო დამცველის ანგარიშიდან იმ ნაწილს, რომელიც „რელიგიის თავისუფლებას“ ეხება:
„რელიგიის თავისუფლების, ტოლერანტობის და თანასწორუფლებიანობის კუთხით არაერთი სისტემური პრობლემა არსებობს, რომელთა დასაძლევად სახელმწიფოს მხრიდან მიმდინარე წელსაც არ გადადგმულა ქმედითი ნაბიჯები.
ამ მხრივ, მთავარი გამოწვევა რელიგიური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილ სამართალდარღვევებზე სახელმწიფოს ადეკვატური და ეფექტური რეაგირების არარსებობაა. მათი უმრავლესობა იეჰოვას მოწმეების მიმართაა ჩადენილი. ბოლო წლებში მუსლიმთა წინააღმდეგ ჩადენილ არცერთ ქმედებაზე არ დამდგარა კონკრეტული სამართლებრივი შედეგი.
მიმდინარე წელსაც შენარჩუნდა რელიგიური გაერთიანებების დაფინანსების უთანასწორო და არასამართლიანი წესი.
რელიგიურ უმცირესობებს საკულტო თუ სხვა ტიპის ნაგებობების მშენებლობისას, რიგ შემთხვევებში კვლავ ექმნებათ ბარიერები მშენებლობის ნებართვის გაცემაზე პასუხისმგებელი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მხრიდან.
ბათუმში მცხოვრები მუსლიმებისათვის კვლავ პრობლემად რჩება ახალი საკულტო ნაგებობის მშენებლობის საკითხი, ვინაიდან ქალაქში არსებული ერთადერთი მეჩეთი ვერ უზრუნველყოფს მლოცველებს საკმარისი სივრცით.
სახელმწიფოს მხრიდან კვლავ არ გადადგმულა ნაბიჯები რელიგიური გაერთიანებებისთვის საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების დასაბრუნებლად საკანონმდებლო რეგულაციების შექმნის მიზნით.
ამ საკითხის საკანონმდებლო რეგულირების აუცილებლობაზე ნათლად მეტყველებს სოფელ მოხეში მდებარე სადავო ნაგებობის მუსლიმი თემისათვის გადაცემის გადაწყვეტილების მიუღებლობა. მნიშვნელოვანია, მსგავსი საკითხების განხილვისას თემის უშუალო ჩართულობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა, რაც მოხის მეჩეთის საკითხზე მომუშავე კომისიის შემთხვევაში უზრუნველყოფილი არ ყოფილა.“-წერია სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშში.
შეგახსენებთ, რომ ყოველი წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობის შეჯამებას სახალხო დამცველი 2013 წლიდან ახდენს.
სოფიკო ნინიკაშვილი