„გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიში“ (2016-2017 წლები) უკვე ცნობილია. საქართველო რეიტინგში 59-ე ადგილზეა და წინა წლის ანგარიშის შედეგებთან შედარებით, მისი პოზიცია 7 საფეხურითაა გაუმჯობესებული.
„თბილისი თაიმსი“ დეტალურად გაგაცნობთ საქართველოს პოზიციებს.
გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშში 138 ქვეყანაა მიმოხილული შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით: 1 ინსტიტუტებია, აქ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გულისხმობს იმ ინსტიტუტებს, რომლებიც გავლენას ახდენენ საინვესტიციო გადაწყვეტილებებსა და წარმოების ორგანიზებაზე. მნიშვნელოვანია კონკრეტული ქვეყნის მთავრობის ლიბერალური დამოკიდებულება ბაზრისა და მისი თავისუფლების მიმართ. ამ ფაქტორში იგულისხმება საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ჩარჩოც. საქართველო ამ ნაწილში 43-ე ადგილს იკავებს.
მე-2 კატეგორიაა ინფრასტრუქტურა – ის, თუ როგორ ამცირებს რეგიონებს შორის მანძილს ქვეყანაში არსებული ინფრასტრუქტურა, არის კი იგი იმდენად განვითარებული, რომ მოხდეს ნაციონალური ბაზრის ინტეგრირება და მცირე ხარჯით მისი დაკავშირება სხვა ქვეყნებისა და რეგიონების ბაზრებთან. ამ შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა 65-ე ადგილს იკავებს.
მე-3 ფაქტორი, რომელშიც საქართველომ 137 ქვეყანას უწევდა კონკურენციას მაკროეკონომიკური სტაბილურობაა. მისი დარღვევის შემთხვევაში კომპანიებს გაუჭირდებათ ეფექტური საქმიანობა მაღალი ინფლციის პირობებში. ეკონომიკის ზრდა მდგრადი ვერ იქნება, თუ მაკროეკონომიკური გარემო სტაბილური არ იქნა. საქართველო მე-40 ადგილს იკავებს (2009-2010 წელს 117-ე ადგილზე იყო).
მე-4 კატეგორიაა ჯანდაცვა და დაწყებითი განათლება – ჯანმრთელი სამუშაო ძალა მწარმოებლურობისა და პროდუქტიულობის საზომია. განათლებული მუშახელი უკეთ ითვისებს თანამედროვე ტექნოლოგიებს და ხელს უწყობს ბიზნესის ხარისხის განვითარებას. საქართველო ამ კატეგორიაში 64-ე ადგილს იკავებს.
უმაღლესი განათლება და ტრენინგი მე-5 ფაქტორია. იმისთვის,რომ მუშახელის უნარები ეფექტურად მოერგოს ეკონომიკის მუდმივად ცვალებად მოთხოვნებს, საჭიროა განათლება. ჩვენი ქვეყანა რიგით 89-ეა.
სასაქონლო ბაზრის პროდუქტიულობა წარმოადგენს შემდეგ მე-6 კატეგორიას. საქონლის გაცვლისთვის საუკეთესო პირობები ბიზნესაქტივობაში მთავრობის ჩაურევლობას მოითხოვს. საქართველოს 46-ე ადგილი უკავია.
ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხი წარმოადგენს მე-7 ფაქტორს, შრომითი ბაზრის ეფექტურობა გულისხმობს იმას, რომ მას უნდა შეეძლოს მუშახელის სწრაფად და მინიმალური ხარჯით გადანაცვლება ერთი ეკონომიკური აქტივობიდან მეორეზე. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ შრომითი ბაზრის ეფექტურობა დამოკიდებულია მუშახელის მოტივაციასა და ძალისხმევაზე. ჩვენი ქვეყანა 43-ეა.
მე-8 კატეგორიაა ფინანსური ბაზრის სრულყოფა – აქ იგი მნიშვნელოვანია კერძო სექტორში ინვესტიციების განსახორციელებლად საჭრო კაპიტალის დასაგროვებლად. 58-ე ადგილს იკავებს საქართველო.
ტექნოლოგიური მზაობის ფაქტორი გულისხმობს იმას,თუ რამდენად მიუწვდებათ ხელი ქვეყანაში მოქმედ კომპანიებს განვითარებულ პროექტებსა და პროდუქტებზე. იმაზე,თუ რამდენად აქვთ ამ ფირმებს მათი გამოყენების უნარი. საქართველო მე-9 კატეგორიაში 65-ე ადგილს იკავებს.
მე-10 ფაქტორს წარმოადგენს ბაზრის ზომა . ეს კატეგორია საინტერესოა მცირე ქვეყნების შემთხვევაში,სადაც დიდ ქვეყნებთან შედარებით გლობალიზაციის ეპოქაში საერთაშორისო ბაზრების მიერ ადგილობრივი ბაზრების ჩანაცვლების პროცესი უფრო მასშტაბური იყო. ქვეყანა 101-ე ადგილზეა.
ბიზნესის ხარისხი მე-11 კატეგორიაა. იგი დამოკიდებულია ინდივიდუალური კომპანიებისა და ბიზნესქსელების მუშაობაზე და სტრაგერგიებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით. საქართველო 102-ე ადგილზეა.
ბოლო, მე-12 ფაქტორია ინოვაცია. ეს კატეგორია ასახავს ქვეყნებში არსებულ მაღალი ხარისხის კვლევით ინსტიტუტებს, უნივერსიტეტებისა და ბიზნესპროფესიონალების ერთობლიც კვლევებს, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მექანიზმებს. ჩვენი ქვეყანა 116-ე ადგილზეა.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მიიჩნევს,რომ საქართველოში ბიზნესის უკეთ კეთებას ხელს უშლის შემდეგი ფაქტორები:
განათლებული სამუშაო ძალა, ფინანსების არარსებობა, ინფლაცია, სახელმწიფო ბიუროკრატია, ინფრასტრუქტურის არქონა, პოლიტიკური არასტაბილურობა, ინოვაციების არქონა, გადასახადები, რეგულაციები, მთავრობის არასტაბილურობა, ლარის კურსი და მასთან დაკავშირებული პრობლემები უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, მკაცრი შრომითი რეგულაციები, კორუფცია, ჯანმრთელობის პრობლემები, კრიმინალი და ქურდობა.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გვაძლევს იმის საშუალებასაც, რომ თითოული კატეგორია ჩავშალოთ და გავიგოთ მათ მიღმა არსებულ სხვა კრიტერიუმებში ჩვენს ქვეყანას მერამდენე ადგილი უკავია.
ჩვენ გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით, შემოგთავაზებთ საქართველოს საუკეთესო მაჩვენებლებს 138 ქვეყანას შორის. მაგალითად, ის მე-4 ადგილს იკავებს არსებული სავაჭრო ტარიფების ქვე-კატეგორიაში, მე-5 ადგილს მოკლე ვადაში ბიზნესის დაწყების (ნაკლები პროცედურები) თვალსაზრისით.
ცალკე გამოვყოფთ, რამდენიმე მნიშვნელოვან ქვე-კატეგორიას და საქართველოს ადგილს 138 ქვეყანას შორის.
- საზოგადოების ნდობა პოლიტიკოსების მიმართ – 77-ე ადგილი.
- სასამართლო დამოუკიდებლობა – 63-ე ადგილი.
- ორგანიზებული დანაშაული – 26-ე ადილი
- ინფლაცია – მე-80 ადილი.
- ცხოვრების ხანგრძლივობა – 62-ე ადგილი.
- განათლების ხარისხი – 95-ე ადგილი.
- ქალთა თანამონაწილეობა, როგორც სამუშაო ძალის ნაწილი – 84-ე ადგილი.
ნათია კეკენაძე