განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა „ილო ბეროშვილის“ შოუში იყო სტუმრად.
წამყვანის რეპლიკას, რომ ქართველი თამადა საზეპიროების გარეშე წარმოუდგენელია, ალექსანდრე ჯეჯელავამ უპასუხა: „მრავალი წელი ვთამადობდი და ამბობენ, რომ კარგადაც გამომდიოდა, ხან საზეპიროებით ხან საზეპიროების გარეშე და ჩემი სუფრიდან წასული ხალხი ხშირად შარშიც გახვეულა“.
წამყვანის ხუმრობას, უბნიდან დამაბარეს, კომბლეს რას ერჩოდაო, მინისტრმა ხუმრობითვე უპასუხა:
„უბანს გადაეცით, ჯერ სად არიან ისეთებს დავცხებ. სინამდვილეში კომბლეს არაფერს ვერჩი, უბრალოდ ახალი კომბლე მინდა, აიფონ შვიდით არა, მაგრამ თავისი შრომით რომ ყველაფერს აღწევს, განათლებულიც რომ არის. ეგეთი ზღაპარი ჯერ არ არსებობს და გვინდა, რომ არსებობდეს“.
„ძალიან გამიჭირდა საჯარო სამსახურზე შეჩვევა. კარიერის დასაწყისში ეროვნულ ბანკში ვმუშაობდი და საინტერესო ისტორია მაქვს. 1996 წელს წავედი უცხოეთში, ავსტრიაში პირველად ჩავედი. საოცრება იყო, რომ მაგიდაზე დევს ქაღალდი და აწერია მისტერ ჯეჯელავა. ამან გამაოცა, საიდან იცოდნენ, რომელ ოთახში შევიდოდი. გადავშალე და წერია, რომ საღამოს არის გაცნობა სემინარის მონაწილეებთან. ნებისმიერი ადამიანი, ოდნავ მაინც გამოცდილი მიხვდებოდა, რომ უნდა ჩაიცვა არაფორმალურად, მე ჩავიცვი კოსტუმი, ვიწვი 40 გრადუსში, ასამდე კაცი დგას და მიყურებს, რომლებიც არიან შორტებში და ფლოსტებში. რა თქმა უნდა ვიწვი სირცხვილით თუმცა არ ვიმჩნევდი. მეორე დღეს ვიფიქრე აღარ შემეშლება–მეთქი, სემინარი რომ იწყებოდა ჩავიცვი ლევისის სპორტული მაისური, გავაღე კარი და ყველა არის ჰალსტუხში. გამომხედეს და ეს ის არისო? ახლაც დაახლოებით ასე გამიჭირდა შეჩვევა საჯარო სამსახურის წესებთან.
პირველ დღეს მივედი სახლში, გარდერობი გავაღე და მივხვდი, რომ ერთი ფერის პერანგი არ მქონდა, ჰალსტუხებიც ძლივს გამოვჩიჩქნე. შაბათ დღეს მქონდა შეხვედრა, მანამ ამაზონზე გამოვწერე სათვალის ხალისიანი ჩარჩო ყვითელი დეტალებით, მინებიც ჩავსვი. გავიკეთე ეს სათვალე შეხვედრაზე და შეამჩნიეს, ერთმანეთს გადახედეს, და ერთმა ანიშნა, ალბათ ეს შაბათ–კვირის სათვალეაო.
ზღაპრის პერსონაჟებს არაფერს ვერჩი, მეც მიყვარდა ეს ხალხი თავის დროზე და ახლაც დანაშაულის შეგრძნება დამრჩა, რამე ფორმა რომ არსებობდეს, გამოვისყიდი დანაშაულს. ამის შემდეგ განათლების მინისტრმა სიმღერა „საზამთრო“ შეასრულა.
მანანა ღოღობერიძე