თბილისში დღეს, ფრანგულ-გერმანული რეგიონული ამბასადორიალი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლები, ასევე, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩები საქართველოში, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, სომხეთში, თურქეთის რესპუბლიკასა და რუსეთში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გერმანულ-ფრანგული ამბასადორიალი თბილისში პირველად იმართება. ღონისძიების გახსნით ცერემონიაზე ამბასადორიალის მონაწილეებს სიტყვით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მიმართავს.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ოთხი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომლის დროსაც ყურადღება გამახვილდება რეგიონში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, უსაფრთხოების გარემოზე, ეკონომიკურ შესაძლებლობებსა და მასთან მიმართებაში გერმანია-საფრანგეთის პოლიტიკაზე. ამბასადორიალის მონაწილეები ასევე იმსჯელებენ აღნიშნულ რეგიონში სხვადასხვა სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივებსა და სამომავლო გეგმებზე.