„მთავრობის განცხადებებში კურიოზული, ვანო ჯავახიშვილის შოუსთვის განკუთვნილი ფრაზებია, ჩემი დახმარება არ ჭირდებათ, ხალხმა უყუროს ვანო ჯაახიშვილის შოუს და მიხვდებიან. კურსის ვარდნა და ასეთი არაპროგნოზირებადი განცხადებები თუ გაგრძელდება, მთავრობის მიმართ ნდობა მაინც არ გაიზრდება“. ამის შესახებ ეკონომისტმა ლადო პაპავამ „ტვ პირველზე“, გადაცემა „დიანა ტრაპაიძის შეკითხვის დროს“ ეთერში ისაუბრა.
„ლარი ეცემა ნახტომისებურად. ეს არის არაპროგნოზირებადი, ბიზნესის დამანგრეველი და სოციალური პანიკის შემქმნელი. მსოფლიოში და ჩვენს გარშემო რეგიონში ობიექტური გარემოა და ბუნებრივია, რომ ლარი უნდა უფასურდებოდეს. თუმცა ნახტომისებურად არ უნდა ეცემოდეს. ეს უკვე ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხია. ეს მათმა გაუაზრებელმა, ნაჩქარევმა და შეუთანხმებელმა განცხადებებმა გამოიწვია. როდესაც ეროვნული ვალუტა უფასურდება, იმ ქვეყანაში ექსპორტი არის წახალისებული. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი იწვევს ლარის გაუფასურება.ს
მნიშვნელოვანია, იყვნენ თუ არა ბანკები ინფორმირებულები ვიცე პრემიერის განცხადებაზე, იპოთეკური კრედიტების გალარების სქემასთან დაკავშირებით. ბანკებისგან ქველმოქმედებას ნუ ველოდებით,ის კომერციული ბიზნესზე ორიენტირებული კამპანიაა. მოწყალების ხელით შეგვიძლია შევხედოთ სახელმწიფოს, რომელსაც შეუძლია გაჭირვებულ ადამიანებს დაეხმაროს. ბანკი დამხმარე სტრუქტურა არ არის.
ეროვნული ბანკის პოლიტიზაცია „ქართულ ოცნებას“ არ დაუწყია. ეს „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დაიწყო. პარტიამ რომან გოცირიძეს აიძულა დაეწერა განცხადება და გადამდგარიყო. დღეს ფაქტია, რომ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობაში არის კომპეტენტური ხალხი, მაგრამ მათ აკლიათ საზოგადოებასთან ურთიერთობა, ღიაობა. უნდა გამოვიდნენ და აუხსნან საზოგადოებას რა კეთდება და რატომ. ქადაგიძეს კარგი ფორმატი ჰქონდა, ექსპერტებთან შეხვედრის და გადაწყვეტილებების მიღების. მთავრობას საერთოდ არ გააჩნია ეკონომიკური საბჭო. ასეთი მრჩეველთა საბჭო ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს, რომელიც შეიკრიბა მხოლოდ ერთხელ, 2005 წელს. სანამ ის პრეზიდენტი იყო, მხოლოდ ქაღალდზე ვითვლებოდით საბჭოს წევრებად. მასაც არ უნდოდა ეკონომისტებს მოსმენა,” – განაცხადა ლადო პაპავამ.
მანანა ღოღობერიძე