ევროკავშირის საბჭოში წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების გადაწყვეტილებით, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საპარლამენტო კენჭისყრებს მწვანე შუქი აენთო, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს ევროკავშირმა ახალი წელი მოგვილოცა. ევროკავშირის საბჭოში წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების გადაწყვეტილებით, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საპარლამენტო კენჭისყრებს მწვანე შუქი აენთო! ახალი წლიდან ველოდებით ევროკავშირის პარლამენტში ასევე აქტიურ პროცესს. ეს რთული და ხანგრძლივი პროცესი მალე დასრულდება”, – წერს ჯანელიძე.
საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი ვროკავშირის საბჭოს მუდმივ წამომადგენელთა კომიტეტმა (Coreper) დღეს განიხილა.
13 დეკემებერს ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ მიაღწიეს არაფორმალურ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობის უფლება. 13 დეკემბერს მიღწეული შეთანხმება ახლა უნდა დაადასტურონ წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა (Coreper) და მხარი დაუჭიროს LIBE-ს კომიტეტმა, ამის შემდეგ საკითხს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე უყრიან კენჭს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს სავარაუდოდ 2 თებერვალს განიხილავენ. უკრაინისთვის სავიზო რეჟმის გაუქმების საკითხის განხილვის სავარაუდო თარიღად კი 3 აპრილია მითითებული.