შინაურ ცხოველებთან დაკავშირებით უამრავ კვლევებს გადააწყდებით. მაგალითად, ვისაც შინაური ცხოველი ჰყავს, უფრო ბედნიერი და ჯანმრთელია ან ცხოველებს აქვთ შესაძლებლობა თქვენს ჯანმრთელობაზე გავლენა მოახდინონ.  ასევე – სიყვარული და სითბო, რომელსაც გასცემ ოთხფეხა მეგობრის მიმართ, ორმაგად გიბრუნდება უკან, ეს კი ამცირებს სტრესს, დეპრესიასა და ბრაზს… არ აქვს მნიშვნელობა თქვენ რატომ გადაწყვიტეთ (ან გსურთ) შინაური ცხოველის სახლში მოყვანა, ნებისმიერ შემთხვევაში მათი მოვლა ნამდვილად საპასუხისმგებლოა.

პასუხისმგებლობასთან ერთად კიდევ ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. ოთხფეხა მეგობართან ერთად ცხოვრებას თან ახლავს გარკვეული სირთულეები.

რა უნდა ვიცოდეთ, თუ შინაური ცხოველის სახლში მოყვანა გადავწყვიტეთ, როგორ უნდა მოვუაროთ შინაურ ცხოველს, რა სიფრთხილე გვმართებს მათთან კონტაქტისას? ამ და სხვა საკითხებზე „თბილისი თაიმსს“ ვეტერინარი და სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე ვახტანგ მამალაძე ესაუბრა.

რა უნდა ვიცოდეთ, თუ შინაური ცხოველის სახლში მოყვანა გადავწყვიტეთ?

– ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა ცხოველის სახლში მოყვანა, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა,  ყველა ოჯახის წევრებმა თანხმობა უნდა თქვას. ასევე უნდა ვიცოდეთ ვინმე ხომ არ არის ალერგიული ან ცხოველის შიში ხომ არ აქვს.

რამდენად უსაფრთხოა ოჯახში შინაური ცხოველი? რამდენად უსაფრთხოა შინაური ცხოველის ბეწვი ბავშვისთვის?

– იმისათვის, რომ ცხოველი ვიყოლიოთ ოჯახში, საჭიროა ვეტერინარი ექიმის კონსულტაცია, პროფილაქტიკური ღონისძიება დეჰელმინტიზაცია ( ჭიაზე დამუშავება), ვაქცინაცია, ცოფის საწინააღმდეგო აცრები, ასევე კომპლექსური ვაქცინაცია. სწორედ ვაქცინირებული და დეჰელმინტიზირებული  ცხოველი ( და ცხოველის ბეწვი) არ  წარმოადგენს საფრთხეს. ვეტერინარის მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი ცხოველი ბავშვისთვის არ  არის საშიში.

რამდენად მიზანშეწონილია შინაური ცხოველისა და ადამიანის ერთ საწოლში ძილი?

– დიახ, ეს საკმაოდ  ხშირი პრობლემაა. მოგეხსენებათ ჰიგიენური თვალსაზრისით ეს არ არის მიზანშეწონილი, მითუმეტეს  ბავშვებისთვის. ამიტომ, უკეთესი იქნება ჩვენს ოთხფეხა მეგობარს შევუქმნათ სათანადო პირობები – რბილი საწოლი, რომ თავი კომფორტულად იგრძნოს და არ ჩაგიწვეთ ლოგინში.

როგორია შინაური ცხოველის იმუნიტეტი ცივი ზამთრის დროს? რა იწვევს ცხოველებში ვირუსს ან იმუნური სისტემის დაქვეითებას?

-სწორი კვება და კარგი მოვლა ჯანმრთელობის საწინდარია. თუ ცხოველს ვაწვდით სრულყოფილ და ხარისხიან რაციონს, მისი იმუნური სისტემა ჯანმრთელი იქნება.  ბუნებრივია ვიტამინები, სეირნობა და სუფთა ჰაერი. ასევე საჭიროა დროული აცრები.  მინდა შეგახსენოთ, რომ სტრესი ცხოველებში აქვეითებს იმუნურ სისტემას და რეზისტენტობა ორგანიზმის ქვეითდება. ამიტომ, შევეცადოთ ცხოველს არ მივაყენოთ სტრესი და გავუფრთხილდეთ მის ჯანმრთელობას.

როდესაც ჩვენი შინაური ცხოველი ავად ხდება, მას წამლებს უნიშნავენ. როგორ ვაიძულოთ ჩვენი ოთხფეხა მეგობარი, რომ  გადაყლაპოს  წამალი?

– დიახ, ამ შეკითხვას ხშირად გვისვამენ პაციენტის პატრონები. ჩვენს პაციენტებს არ მოსწონთ აბების გადაყლაპვა. ამიტომ, პატრონმა პირის ღრუში ღრმად უნდა ჩაუდოს აბები და შემდეგ კისერზე გარედან მასირებით გავაყოლოთ ხელი, რომ ჩაყლაპოს ის.

რა დაავადებები შეიძლება გადასდოს ადამიანს შინაურმა ცხოველმა და რა სიფრთხილე გვმართებს მათთან კონტაქტისას?

– ალბათ, თქვენ კომპანიონ ცხოველს გულისხმობთ, ძაღლს და კატას. მოგეხსენებათ, თუ ვეტერინარის გარეშე მოიყვანთ სახლში, ეს დიდი რისკია, რადგან დაავადებული ცხოველი მრავალი დაავადების გადამტანია. მათ შორის, ყველაზე საშიშ დაავადებად მაინც გამოვყოფ  ცოფ. ცოფი ანთროპოზოონოზური დაავადებაა, რომელიც ვრცელდება დაკბენით ან დადორბვლით. ცოფის აღმძვრელი არის ნეიროტროპული ვირუსი, რომელიც ადამიანში ლეტალურ დასასრულს იწვევს (ადამიანისთვის სასიკვდილოა). სწორედ ამიტომ, მსგავსი შემთხვევის დროს, თუ ადგილი ჰქონდა დაკბენას ან დადორვბლას, ჭრილობის არსებობის შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმ რაბიოლოგს, რომ მოხდეს დროული პრევენცია, ვაქცინაცია და . . ცხოველი კი ვეტერინარის მეთვალყურების ქვეშ უნდა იყოს საკარანტინო იზოლატორში.

ასევე მინდა შეგახსენოთ, ვაქცინირებული  ცხოველი ჯანმრთელია და მისი დაავადების ალბათობა მინიმალურია.

როგორ უნდა მოვუაროთ შინაურ ცხოველს, თქვენი რეკომენდაცია

– ოთხფეხა მეგობარი ოჯახში  დიდი სიხარულია. მას დადებით ენერგეტიკა შემოაქვს და თქვენ წარმოიდგინეთ ოჯახის წევრებიც  პოზიტიურად იქცევიან. ოჯახის ახალ წევრს  სჭირდება თბილი და ალერსიანი მოპყრობა , სწორი კვება , ჰიგიენა – თბილ პერიოდში თვეში ერთხელ დაბან , ცივში სამთვეში ერთხელდავარცხნა დღეში ერთხელ. ასევე : დროული პროფილაქტიკური ვიზიტი ვეტერინართან, პროფილაქტიკური ღონისძიებავიტამინები, სეირნობა დღეში მინიმუმ ორი საათი და . .

ასევე მინდა გითხრათ, თუ ცხოველის ყოლას გადაწყვეტთ, გირჩევთ აიყვანოთ თავშესაფრიდან ან ქუჩიდან. ბუნებრივია, ვეტერინარული კონტროლის შემდეგ.  დამერწმუნეთ, თქვენ საკმაოდ კეთილშობილურ ნაბიჯს გადადგამთ, გააბედნიერებთ კიდევ ერთ სულიერ არსებას, რომელიც მთელი ცხოვრება ერგულებასა და სიყვარულში შემოგწირავთ თავს.

ნინო მაზიაშვილი

 

(Visited 587 times, 1 visits today)

კომენტარები