“ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს იმ გუნდის კომპეტენცია, რომელთანაც ვმუშაობ. ეს არის საპარლამენტო და სამთავრობო გუნდი. 2017 წელი რომ ძალიან მაგარი წელი იქნება, არა მხოლოდ მჯერა, ამას გპირდებით”. 2016 წლის მიღწევებზე და მომავალ სამთავრობო გეგმებზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა “საზოგადოებრივ მაუწყებელზე”, გადაცემა “მოამბის” ეთერში ისაუბრა.
“2016 წელი დატვირთული წელი იყო. ბევრი რამის მიღწევა მოხერხდა. ქვეყანამ არასწორი განვითარების რელსებიდან გადაუხვია და აბსოლიტურად სწორი განვითარების გზაზე დადგა. ეს შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. ბოლო რამდენიმე წელი ქვეყანაში აღარ იცხოვრებოდა. ბევრი ადამიანი ვიცი, ცვლილებები რომ არ მომხდარიყო, ტოვებდნენ ქვეყანას. 4-პუნქტიანი გეგმა მოიტანს გარღვევას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. ადამიანები ამას საკუთარ თავზე იგრძნობენ. საგარეო ფრონტზე მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირთან დაახლოვება. ყველაზე წარმატებული ასოცირების საბჭო ჩატარდა ბრიუსელში, სადაც აღინიშნა საქართველოს წარმატებული ნაბიჯები. ჩვენი ქვეყანა ნამდვილად არის რეგიონის ჩემპიონი რეფორმების თვალსაზრისით.
მნიშვნელოვანი იყო არჩევნების ჩატარების სტილი, 3700-ზე მეტი უბნიდან მხოლოდ 2 უბანზე მოხდა ძალადობა. რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციის პროცესს, პოლიტიკურად ყველა ეტაპი გავიარეთ, დარჩა კენჭისყრები, გადაწყვეტილების თარგმნა და გამოქვეყნება 28 წევრ ქვეყანაში. ბრიუსელში ყველა სტრუქტურა გვალილი გვაქვს. ევროპარლამენტში კენჭისყრის შემდეგ ვიზალიბერალიზაცია ძალაში შევა.
სირთულეებს ვაცნობიერებთ, მაგრამ გვჯერა რომ ეს ნაბიჯები არის აბსოლიტურად სწორი. არ ვგავართ ძალაუფლების უზურპაციისკენ მიდრეკილ პოლიტიკურ ძალას. ერთადერთი რისთვისაც გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, არის მხოლოდ ის, რომ შევასრულოთ გეგმა, გავასწოროთ ის სიმახინჯეები, რომლებიც არის კონსტიტუციაში. ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივიღოთ კონსტიტუცია, რომელიც არავიზე არ იქნება მორგებული”-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მანანა ღოღობერიძე