,,თბილისი თაიმსი” საახალწლო ბაზრობებსა  და მაღაზიებს ესტუმრა და დაითვალა, თუ რა შეიძლება დაჯდეს საახალწლო სუფრა. მაშ ასე, გთავაზობთ რამდენიმე აუცილებელი პროდუქტის ფასს:

თუკი გადაწყვიტეთ, ინდაურის საცივი გქონდეთ, მაშინ გეტყვით, რომ, საშუალოდ, მისი ყიდვა 50-დან 110 ლარამდე დაგიჯდებათ. ხოლო, თუ ამდენს ვერ გასწვდებით და ქათამს დასჯერდებით – ერთი კილოგრამს ფასი 6-დან 8ლარამდე მერყეობს.

ნიგვზის ფასი წლიდან წლამდე მზარდია – ბაზარში საშუალოდ 23 ლარად შეხვდებით, თუმცა, ხარისხიდან გამომდინარე, 22-დან 30-ლარამდეც მერყეობს.

ნივრის ფასი  – 7-დან 10-ლარამდე მერყეობს,  ბადრიჯნის –  3-ლარიდან 4-ლარამდე, ხოლო  იმერული სახაჭაპურე ყველი  8-10 ლარი ღირს.

თუკი თავად გინდათ დააცხოთ ხაჭაპურები და სხვა ცომეული – ბაზრობებზეც და სუპერმარკეტებშიც საკმაოდ მისაღებ ფასად შეიძენთ ფქვილს -ერთ კილოგრამს –  80-თეთრიდან 1-ლარამდე. თუმცა, ზოგ სავაჭრო დაწესებულებაში 2-ლარამდეც შეხვდებით.

სულუგუნი 12-დან 15-ლარამდე მერყეობს.  რაც შეეხება ხორცეულს – ერთი კილოგრამი ძროხისა და ღორის  ხორცი თითქმის იდენტური ღირებულებისაა  და  15-ლარამდე დაგიჯდებათ. თუმცა, გააჩნია, რა კატეგორიის ხორცის კერძს ამზადებთ – თუ მწვადი გსურთ გქონდეთ ახალ წელს, ფასი შედარებით მეტია და  17-დან 20-ლარამდეც კი შეიძლება დაგეხარჯოთ.

გოჭის ხორცით სიამოვნებაც 80 ლარზე ნაკლებად არ დაგიჯდებათ და შეიძლება ერთ ასეულ ლარსაც კი გადააჭარბოს, გააჩნია ზომასა და სისქეს.

1 კილოგრამი თაფლი 25-ლარამდე ღირს, თუმცა, ბაზრებში, დიდი ძებნის შემდეგ,  20 ლარადაც შეიძლება შეხვდეთ.  თქვენს საახალწლო სუფრას ჩურჩხელაც დაამშვენებს –  1,5 ლარიდან 3-ლარამდე  დაგიჯდებათ ეს სიამოვნება.

რაც შეეხება სასმელს –  ოჯახის ღვინო 2,5 ლარიდან 5-ლარამდე დაგიჯდებათ, ხოლო არაყი – 3,5-ლარიდან 4,5-ლარამდე.

ბანანის ფასმა საგრძნობლად მოიმატა და 1 კილოგრამი 4-ლარიდან 5-ლარამდე ღირს, ფორთოხალი  1,5-ლარიდან 2-ლარამდე, ხოლო მანდარინი – 1-ლარიდან 1,5-ლარამდე.

 

ნატალია ჯალაღონია

 

Please follow and like us: