აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში წელს აჯამებს:

,,2016 – წელი, რომელიც არასდროს დამავიწყდება. ამ წელში ცოტას კი არა, ასობით ადამიანს ვაჩუქეთ თავისი წილი ბედნიერება.  ამონაწერი რომ ავიღე ბანკიდან, აი,  სული შემიგუბდა, ვერც წარმოვიდგინე რომ ამდენი ფული ასე უბრალოდ მანდეთ და ეჭვიც არ შეგიტანიათ ჩემში და უამრავი მადლობა.  ჩემი პირადი თანხის  გარდა, გასულ წელში, სულ ჩემს ანგარიშზე ჩაირიცხა 92870 ლარი. ამ ფულით გავაკეთეთ 14 ოპერაცია, მათ შორის,  8 სიცოცხლე გადავარჩინეთ, რეაბილიტაციის ფული გადავუხადეთ 8 ადამიანს და ამ წელში აუცილებლად გაივლის ყველა.  გადავიხადეთ 32 ბინის ქირა და ბავშვები და მოხუცები არ დავტოვეთ ქუჩაში, გადავხურეთ და გავარემონტეთ 5 სახლი, დავარიგეთ 50000მდე პური, 12 ტონაზე მეტი სხვადასხვა საკვები პროდუქტი, შევაგროვეთ და რეგიონებში ჩავიტანეთ 21 ტონა ტანსაცმელი და დაახლოებით 50 000 ადამიანს ჩავაცვით.შევაგროვეთ და ვიყიდეთ საოჯახო ნივთები და ინვენტარი, სულ თავიდან ცხოვრება დავაწყებინეთ 14 ადამიანს, სამსახური ვუშოვეთ 8-ს. შემწეობა გავუწიეთ 30 მარტოხელა მშობელს, ავეჯით და ყველა საჭირო ნივთით ავავსეთ 7 ცარიელი სახლი, ვუყიდეთ ადამიანებს შინაური ცხოველები და ფრინველები, მიწის ნაკვეთები, 10 შშმ პირისთვის განკუთვნილი ეტლი, გადავიხადეთ 34 გათიშული დენის და ჩაჭრილი გაზის გადასახადი. 6 ადამიანი აღარ იმათხოვრებს ქუჩაში, 3 ადამიანი აღარ იდგება პანელზე და აქვს ნამდვილი სამსახური. შევაჩერეთ 30-ზე მეტი ოჯახური ძალადობა, შევარიგეთ ცოლ-ქმარი, შეყვარებულები და რძალ-დედამთილიც კი.  ამის გარდა ასობით ადამიანს დავუბრუნეთ და გავუჩინეთ სიკეთის კეთების გრძნობა, ბედნიერების ცრემლებით ვატირეთ და დავუბრუნეთ იმედი, რომ სიკეთე მართლა არსებობს. ქუჩებში ვიპოვეთ და ვუმკურნალეთ 14 ადამიანს, სასწრაფოდ საავადმყოფოში გადავიყვანეთ 50ზე მეტი.  მთავარი ამბავი მგონია, რომ დავაჯარიმეთ და დავხურეთ ორასზე მეტი ფსიქოტროპული აბებით უკანონოდ მოვაჭრე აფთიაქი, რომლების ნამუსზეა ბევრი არასრულწლოვანის სიცოცხლე. ახლაც პერიოდულად ვამოწმებთ.  ვიტაქსავეთ 78 ღამე, ვიყავით სულ ყველა რეგიონში, სხვადასხვა მანქანით გავიარეთ 82000 კილომეტრი, მეტი მანქანა აღარ გვყავს, ორივე გავაფუჭეთ სექტემბერში თორემ მეტს გავივლიდით. ერთხელ, ორ დღეში ვიყავით ბათუმში, ლაგოდეხში, წალკასა და სამეგრელოში.  ჩემთან ყველაფერი შეიცვალა, ჩემს დანახვაზე იღიმებიან, მეხუტებიან და ტირიან.  დავიკელი 12 კგ, გავიცანი და შევიძინე ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრება მეყვარება. ორჯერ გამიხეთქეს თავი.  ენა მებმის და არ შეგეშინდეთ ვისაც დიდი ხანია არ გინახავართ.  სამაგიეროდ, მაქვს ასობით ადამიანის სიყვარული და პატივისცემა, რაც არაფერში არ გავცვალე და არც არაფერში გავცვლი.  გუშინ პრეზიდენტმა დაგვიბარა მე ლევან დევაძე, ლევან გოგინაშვილი და მადლობა გადაგვიხადა პირადად. ეს ყველაფერი ჩვენ ყველამ ერთად გავაკეთეთ და ყველას ვაჩვენეთ რომ #სიკეთეგადამდებია და თავისუფლად შეგვიძლია #ჩვენთვითონმივხედოთერთმანეთს . ცოტა არეულად დავწერე და ბევრი რამე გამომრჩა და ბოდიშს ვიხდი.
ხვალიდან ახალი წელი იწყება, ახალი შესაძლებლობებითა და ახალი იმედებით. გილოცავთ ახალ 2017 წელს და გისურვებთ ყოველ დღე თითო ბედნიერებას.  მადლობა თქვენ სათითაოდ ყველას, დიდი მადლობა!”

Please follow and like us: