ბორჯომის ცენტრალური  (ისტორიული)  პარკის ახალი,  #170-ე ბრძანების მიხედვით,  პარკში შესვლის საფასური განისაზღვრა 2 ლარით.

ამან  საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია.

,,10 წელზე მეტია, რაც პარკში მდგარი ატრაქციონების ჩამონათვალს არცერთი ახალი გასართობი ადგილი თუ ატრაქციონი არ შეჰმატებია. მხოლოდ  ფილებს თუ აყრიან ან დააგებენ.   2 ლარის საფასური ძალიან ძვირია, თან მაშინ, როდესაც, რეალურად,  ზამთარში აქ  აბსოლუტურად არაფერი არ მოქმედებს – ის დაძველებული ატრაქციონებიც კი, რომელთა ფასიც ასევე არაადეკვატურია და მინიმუმ 3 ლარიდან იწყება.

ასევე, საბაგირო, რომელიც კერძო საკუთრებაა, ამ დროისთვის არ ფუნქციონირებს. მიუხედავად ტურისტების მოთხოვნისა.

მეორე საკითხია, ადგილობრივებისთვის პარკში შესვლა უფასო რომ არის წესით, მაგრამ მათი  იდენტიფიცირება ხანდახან ნაცნობობით ხდება ან პირადობით, რომელშიც, შესაძლებელია, დაბადების ადგილად სულაც არ გეწეროს ბორჯომი, მაგრამ წლებია, აქ ცხოვრობდე.

ფასები სხვა ,,პროდუქტებზეც“ გაძვირდა. მაგალითად, აუზზე ერთჯერადად შესვლის ფასი 15 ლარი გახდა, მანამდე 10 ლარი  იყო. ამ შემთხვევაში, შეღავათით ადგილობრივები არც ვსარგებლობთ.

იმის მიუხედავად, რომ პარკს პიარსამსახურის შტატი აქვს, შეიძლება ითქვას, რომ მათი მუშაობა არადამაკმაყოფილებელია. თუნდაც მათ ფეისბუკგვერდსა და საზოგადოებასთან ურთიერთობას დავაკვირდეთ,”- აღნიშნავს ,,თბილისი თაიმსთან“ საუბარში ბორჯომელი  გიორგი ოგანესიანი.

,,თბილისი თაიმსი“ ბორჯომის ცენტრალური პარკის დირექტორს – ლადო გელაშვილ ს დაუკავშირდა, თუმცა,  მან აღნიშნულ თემასთან მიმართებით კომენტარი არ გააკეთა და ჟურნალისტს ტელეფონი გაუთიშა.

აღსანიშნავია, რომ აქამდე სეზონზე პარკში შესვლის საფასური 50 თეთრი იყო, ხოლო ზამთრის პერიოდში აბსოლუტურად უქმდებოდა გადასახადი.  იმის გათვალისწინებით, რომ პარკი ბორჯომის მუნიციპალიტეტის ()იპ -ია, ,თბილისი თაიმსი“  გამგებელს – დიმიტრი ყიფიანს დაუკავშირდა.

,,არაფერი კატასტროფული  არ მომხდარა. ადრე შესვლის ღირებულება, სიმბოლურად, 50 თეთრი იყო, ახლა –  2 ლარი გახდა, საჭიროებისამებრ. აუცილებელია, რომ პარკი კეთილმოეწყოს. შეღავათები ისევ არის, ამ მხრივ, არაფერი შეცვლილა. გადახედეთ სხვა პარკებს, მათთან შედარებით, ეს ფასი  სულაც არ არის კატასტროფული,“- აღნიშნავს დიმიტრი ყიფიანი.

რაც შეეხება პარკში არსებულ შეღავათებს:

უფასო ტარიფი იმოქმედებს საქართველოს მოქალაქეთა შემდეგ კატეგორიებზე: 8 წლამდე ბავშვებზე, პენსიონერებზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, ომის ვეტერანებზე, სოციალურად დაუცველებსა და  ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობაზე.

50 %-იანი ფასდაკლება იმოქმედებს  16 წლამდე მოზარდებსა და სტუდენტებზე.

 

ნატალია ჯალაღონია

 

 

Please follow and like us: