მაშინ, როდესაც ევროკავშირმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხთან მიმართებით თანხმობა განუცხადა და 2017 წლიდან ეს პროცესი გარდაუვლადაა მიჩნეული, მოსახლეობას უამრავი კითხვის ნიშანი უჩნდება. მათ შორის, საინტერესოა, როგორ იმოქმედებს  უვიზო რეჟიმი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე და იქ მცხოვრებ ადამიანებს რამდენად შეეძლებათ ამ უპირატესობის გამოყენება.

,,თბილისი თაიმსი” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა:

 

  • რამდენად გავრცელდება ვიზალიბერალიზაცია კონფლიქტურ რეგიონებზე  და როგორ დარეგულირდება ეს საკითხი?

 

ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლით სარგებლობას შეძლებს  ბიომეტრიული პასპორტის მფლობელი ნებისმიერი საქართველოს მოქალაქე. შესაბამისად, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი გავრცელდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებზეც. საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის მიღება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებთან ახლოს მდებარე გორისა და ზუგდიდის იუსტიციის სახლებში, ასევე საზოგადოებრივ ცენტრებში სოფელ ორსანტიაში, მეჯვრისხევსა და რუხში.

 

  • წინასწარ თუ არის განსაზღვრული პოტენციური რისკები და შედეგები?

 

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შესაძლო რისკების თავიდან ასაცილებლად საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს მთელ რიგ პრევენციულ ღონისძიებებს. მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინტენსიური საინფორმაციო კამპანია უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ, რომელიც  მიზნად ისახავს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმის დარღვევებისა და არალეგალური მიგრანტებისა და თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდის თავიდან აცილებას. საინფორმაციო კამპანია ხორციელდება კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებებით (ტელევიზია, რადიო, ინტერნეტი, პრესა, საინფორმაციო ბროშურები) და ინფორმაცია ხელმისაწვდომია უმცირესობათა ენებზე – მათ შორის აფხაზური და ოსურ ენებზე. ეს ღონისძიებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უვიზო მიმოსვლის შეჩერების განახლებულ მექანიზმის კონტექსტში, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებასთან ერთად შევა ძალაში და მესამე ქვეყნიდან მიგრაციული ნაკადების მნიშვნელოვანი ზრდისა და ამასთან დაკავშირებული რისკებისა და საფრთხეების  შემთხვევაში უვიზო მიმოსვლის შეჩერების გამარტივებულ პროცედურას ითვალისწინებს.

 

რაც შეეხება უვიზო მიმოსვლის შედეგებს, ზოგადად, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია ერთ-ერთი ყველაზე კონკრეტული, ხელშესახები სარგებელის მომტანი იქნება საქართველოს მოქალაქეებისათვის. უვიზო მიმოსვლის შემოღება ხელს შეუწყობს ტურიზმის და კულტურული კავშირების, სტუდენტების გაცვლითი პროგრამებისა და ბიზნესის, ისევე როგოც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა შორის პარტნიორობის განვითარებას. გააქტიურებული მიმოსვლა, ამასთანავე, ხელს შეუწყობს საქართველოში ევროპული ფასეულობების განმტკიცებას. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული ყველა სარგებელი ხელმისაწვდომი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისათვის და შეუქმნის მათ მოტივაციას ისარგებლონ საქართველოს პასპორტებით.

 

ნატალია ჯალაღონია

 

 

 

 

 

 

Please follow and like us: