ტრამპის ყველასთვის ცნობილი განცხადება, სადაც ის თავისი მიზნების შესახებ საუბრობს და ამერიკის ხელახალ დიდებაზე ამახვილებს ყურადღებას, კიდევ ერთი ფაქტორის გამო გახდა მნიშვნელოვანი.
დასავლელი ექსპერტების თქმით, ბუნებრივია რომ საშინაო პოლიტიკის გარდა, ქვეყნის საგარეო ორიენტირიც შეიცვლება. საინტერესოა, ეს ცვლილებები რომელ ქვეყნებს შეეხებათ.
ტრამპი ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის პერიოდში უშიშრად საუბრობდა თავის დამოკიდებულებაზე მექსიკელებთან, რუსეთთან, ჩინეთთან, ისლამური სახელმწიფოსთან, მუსლიმებთან, ნატოსთან, ისრაელთან და სხვათა შესახებ. რა თქმა უნდა, ტრამპის დამოკიდებულებებს საარჩევნო პროგრამაში სამოქმედო გეგმის სახე ჰქონდა, ზოგს შეფარულად, ზოგსაც კი ღიად.
თუმცა ტრამპი იშვიათად და მიზანმიმართულად, თითქმის არასდროს საუბრობდა აფრიკის კონტინენტის შესახებ. დასავლეთში წერენ, რომ აფრიკა უკანასკნელი რვა წელიწადია აშშ-ს საგარეო პოლიტიკური რუკიდან გამქრალია. ოპონენტები ამ ფაქტს არ ეთანხმებიან, მათი თქმით ობამას გაპრეზიდენტება, რომელიც წარმოშობით კენიელია, თავიდანვე ქმნიდა იმის განწყობას, რომ იგი აფრიკის ინტერესებს გაატარებდა.
მართლაც პრეზიდენტის ინიციატივით და მხოლოდ ერთხელ, 2013 წელს 7 მილიარდი გადაირიცხა აფრიკაში რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტისთვის, რომელიც 2030 წელს დასრულდება. შეიძლება ეს ბევრისთვის ცოტაა, თუმცა ობამამ მაინც „დაგვანახა“, რომ მისი სამშობლო აფრიკაა.
რაც შეეხება ტრამპს, მოსალოდნელია რომ ის გააგრძელებს მისი წინამორბედის და ზოგადად, თეთრი სახლის მინიმალისტურ პროტექციონიზმს აფრიკაში. CNN-ი ტრამპისა და აფრიკის სამომავლო ურთიერთობებს „არარსებულს“ უწოდებს. მათი თქმით, ტრამპის აფრიკისადმი სამომავლო „მზრუნველობა“ შესაძლოა მოჩვენებითი იყოს.
საინტერესოა რატომ? რატომ იზრუნებს ტრამპი აფრიკაზე? რატომ არ არის ტრამპის ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანი, რომ გზები და ხიდები აიგოს ჩრდილოეთ კაროლინაში და არა სუდანში? ამ კითხვებზე პასუხი არის ჩინეთი.
თუ ტრამპს სურს, რომ აშშ ისევ ძლიერი გახდეს, მაშინ ის ჩინეთს უნდა დაუპირისპირდეს. ჩინეთისთვის და მისი ეკონომიკისთვის დღეს ყველაზე მნიშვნელოვან როლს აფრიკა ასრულებს. აფრიკა უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში არის კონტინენტი, რომელიც ჩინეთს საწვავითა და ძვირფასი ქვებით, მადნეულითა და სხვა მნიშვნელოვანი რესურსით ამარაგებს.
ტრამპმა უნდა შეაჩეროს აფრიკის კონტინენტზე „წითელი დრაკონის“ აღზევება. შეიძლება ითქვას რომ ჩინეთმა აფრიკის ეკონომიკური ოკუპაცია მოახდინა, ის თითქმის ყველა წარმატებული კომპანიის მფლობელია, მათ შორის ევროპული ინვესტორების. ჩინეთმა წარმოუდგენლად სწრაფი ტემპებით უზრუნველყო გზებისა და ხიდების გამართვა კაიროდან კეიპ-თაუნამდე. მიზანი მადნეულით მდიდარი აფრიკის გულია.
ათასობით ჩინური კომპანია აკეთებს ბიზნესს აფრიკის 50 ქვეყანაში. 2015 წელს ამ ერთობლივმა მუშაობამ ჩინეთს სამასი მილიარდი მოუტანა. ამავე წელს, ჩინეთი-აფრიკის ერთობლივ მე-6 ეკონომიკურ ფორუმზე, იოჰანესბურგში, ჩინეთის პრეზიდენტმა ჯამში 60 მილიარდი აშშ დოლარი გადასცა აფრიკის ქვეყნებს.
ამ ფაქტებმა განაპირობა ტრამპის დიდი ინტერესი აფრიკის მიმართ, და არამხოლოდ ტრამპის, აქ ყურადღება უნდა გავამახვილოთ აშშ-ს ეროვნულ უსაფრთხოებაზეც. რომელიც აქტიურად ადევნებს თვალყურს აფრიკაში მიმდინარე პროცესებს. ისლამური ტერორისტული ჯგუფები მათ შორის, ალ შაბააბი და ალ-ქაიდა აქტიურად იჭრებიან და ძარცვავენ აფრიკულ ღარიბ ქალაქებს. ეს ფაქტი აშშ-ს მხრიდან, აფრიკისადმი ინტერესების კლებამ გამოიწვია. დასავლეთში წერენ, რომ თუ სასწრაფოდ არ მოხდა ამ ფაქტების აღკვეთა, განმეორდება ნაირობისა და ბენგაზის შემთხვევები.
ტრამპის სამომავლო გეგმები, პირველ რიგში,სავარაუდოდ, ტერორისტული დაჯგუფებებისგან ქალაქების გაწმენდვას ემსახურება. ეს მიზანი აფრიკელების „გულის მოგებას“ ემსახურება. მეორე ეტაპისთვის კი ამერიკის ახალი პრეზიდენტი – აფრიკის ახალი ეკონომიკური გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას შეუდგება.
ნათია კეკენაძე