თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორანტი, დეკანოზი გიორგი წეროძე „თბილისი თაიმსს“ მკითხველის კონკურსის შესახებ ესაუბრა. „მკითხველის კონკურსი“ რამდენიმე წელია ტარდება საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. მისი მიზანია ქვეყანაში წიგნიერების დონის ამაღლება და ადამიანის სულიერების ლიტერატურული გამოცდილებით გამდიდრება. აღნიშნული პროექტის ინიციატორი და ხელმძღვანელი თავად მამა გიორგია.
როდის და როგორ გაჩნდა მკითხველის კონკურსის ჩატარების იდეა?
– კონკურსის ჩატარების იდეა გაჩნდა დაახლოებით 2005 წელს. წიგნის კითხვას გადაჩვეული ვიყავი, ან არასაკმარისად – მიჩვეული. წლებთან ერთად, გამიჩნდა უსიამოვნო განცდა, არასრულფასოვნების, ნაკლულოვანების. ამიტომ წიგნთან დაკავშირებული ნებისმიერი მინიშნება, თუ ავტორის რეკომენდაცია ჩემთვის სავალდებულო ხდებოდა. ასე, პატრიარქმა ერთ-ერთ ქადაგებაში ახსენა, რომ კარგი იქნება, თუ წავიკითხავთ კირიონ საძაგლიშვილის ნაშრომს-ო „ივერიის კულტურული როლი რუსეთის ისტორიაში“. წავიკითხე ეს წიგნი, ძალიან მომეწონა და გამიჩნდა სურვილი, სხვებსაც სცოდნოდათ მის შესახებ. მაშინ ბევრი ვიშრომე იმისთვის, რომ ამ წიგნის ელექტრონული ვარიანტი შემექმნა. ვორდის ფორმატში ავკრიფე მთელი წიგნი. შემდეგ დედაჩემმა მნიშვნელოვანი თანხა მაჩუქა, 600 ლარი და ვიფიქრე, რომ თანხის საპრიზოდ გამოყენების შემთხვევაში, ამ წიგნით უფრო მეტი ადამიანის დაინტერესებას შევძლებდი. ასეც მოვიქეცი და ქუთაისის ბიბლიოთეკაში გავმართე პირველი კონკურსი.
თუ იყო მხარდაჭერა ან წინააღმდეგობები ამ იდეის განვითარებისა და ფართო აუდიტორიამდე მიტანის პროცესში? ვინ არიან დამფინანსებლები და ღონისძიების მხარდამჭერები?
– დიახ იყო მხარდაჭერა. პირველი და ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო დათო ტურაშვილის მოწონება. მას ერთ-ერთ რადიოგადაცემაში ვეწვიე და გავუზიარე იდეა. მოიწონა და რჩევებიც მომცა, რომელთაც ახლაც ვითვალისწინებ. შემდეგ იყო მკითხველის კონკურსი საჯარო ბიბლიოთეკაში, აქაც დიდი ენთუზიაზმით დამიჭირეს მხარი, ძალიან ლამაზი დაჯილდოება მოაწყეს. ასევე სამრევლოში ვაცხადებდით ერთგვარ ლიტერატურულ ასპარეზობას და გამარჯვებულებსაც ვასაჩუქრებდით. რამდენიმე წელია, საქართველოს რკინიგზის ცოტაოდენი ფინანსური მხარდაჭერით, საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში ვმართავთ მკითხველის კონკურსს. ერთხელ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის გრანტიც მოვიპოვეთ და მისი მეშვეობით, კონკურსი ზუგდიდში, ფოთში, მარტვილსა და არასრულწლოვანთა კოლონიაში გავმართეთ.
სად და როგორ შეიძლება გამოცხადებული კონკურსის შესახებ ინფორმაციის მიღება?
– შექმნილი მაქვს არასამთავრობო ორგანიზაცია ლიტერატურული კლუბი, მისი სახელით ვმართავთ კონკურსებს. თუ კონკურსს ვაცხადებთ, მაშინ ვზრუნავთ საინფორმაციო უზრუნველყოფაზეც, ბუკლეტებისა და ბანერების საშუალებით. კონკურსის გამართვას ვცდილობ ყველგან, სადაც კი შესაძლებელია: ბიბლიოთეკებში, სამრევლოში, სამეგობრო წრეში. თავად შეჯიბრის, პრეზენტაციის, რეზიუმეს წერის ვალდებულება მეტ ინტერესს და აქტივობას სძენს ხოლმე კონკურსს. გაერთიანებულები ვართ რამდენიმე სოციალურ ჯგუფში: სამკითხველო დარბაზი, მრევლის წევრი და სამ კვირაში ერთხელ ვაწყობთ მსჯელობებს წინასწარ შეთანხმებულ წიგნებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, საჯარო კონკურსებს ასე ხშირად ვეღარ ვატარებთ არასაკმარისი ფინანსური რესურსების გამო, მხოლოდ წელიწადში ერთხელ.
ლიტერატურას რის საფუძველზე არჩევთ? აქამდე რა წიგნებზე მუშაობდნენ კონკურსანტები?
– ლიტერატურას ვარჩევთ პოპულარობისა და ქრესტომატიულობის პრინციპით. კლასიკად აღიარებული ავტორებიცა და წიგნებიც, მადლობა ღმერთს, ბევრი გვაქვს. ძალიან გვეხმარება სხვათა შეფასებები და რჩევები ამა თუ იმ ავტორისა და წიგნის შერჩევაში. რეგულარულად ვაკვირდები, რაზე საუბრობენ გადაცემაში „ლიტერატურული სამკუთხედი“, რადიო გადაცემაში „წიგნები“ და სხვა. ჩვენი ყურადღების არეალში მოხვდა ისეთი ავტორები და წიგნები როგორიცაა, თომას მანის „ჯადოსნური მთა“, ფრანც კაფკას „პროცესი“, ალბერ კამიუს „უცხო“, ლევ ტოლსტოის „ივან ილიას ძის სიკვდილი“, „ჰაჯი მურატი“, ჰერმან მელვილის „მობი დიკი“, მარსელ პრუსტის „დაკარგული დროის ძიებაში“, ჯემალ ქარჩხაძის „ანტონიო და დავითი“, ოთარ ჭილაძის „გოდორი“, ერიკ ემანუილ შმიტის რამდენიმე წიგნი, მიშელ უელბეკი, ხალედ ხოსეინი და მრავალი სხვა.
რა პრინციპით ირჩევა ჟიური? ცვალებადია თუ მუდმივი?
– ჟიურის ვარჩევთ კომპეტენციისა და პროფესიონალიზმის ნიშნით. სხვადასხვა დროს მოწვეული გვყავდნენ ჟორჟ ეკიზაშვილი, გოგი ხოშტარია, ლევან წულაძე, დათო ტურაშვილი, ლევან გიგინეიშვილი, მანანა დუმბაძე და სხვები.
უახლოეს მომავალში თუ იგეგმება კონკურსის ჩატარება?
– კონკურსების გასამართად ვეძებთ ფინანსებს. თავად ლიტერატურული კლუბის მუშაობა არ ჩერდება და სამ კვირაში ერთხელ გვაქვს შეკრებები უზნაძის ქუჩაზე, მთავარანგელოზის ტაძართან არსებულ საგანმანათლებლო ცენტრში. უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი აქტიურუბა მხოლოდ წიგნების კითხვით არ შემოიფარგლება, ვუყურებთ და განვიხილავთ საინტერესო ფილმებს, თვალს ვადევნებთ სამეცნიერო სიახლეებს, ერთმანეთს ვეხმარებით საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში და ვცდილობთ, ყველა პროგრამული შესაძლებლობა გამოვიყენოთ ცოდნის მისაღებად და გასაზიარებლად.
კმაყოფილი ხართ თუ არა მონაწილეთა აქტივობით და აქამდე ჩატარებული კონკურსების შედეგებით?
– კონკურსების შედეგებით კმაყოფილი არ ვარ, სამუშაო ნამდვილად ბევრია. არა მარტო ახალგაზრდებს, არამედ ზრდასრულ ადამიანებსაც, მინდა, მეტი ინტერესი ჰქონდეთ ლიტერატურისადმი და ლიტერატურული ტექსტი ჩართონ თავიანთ ცხოვრებაში, რაც, თავის მხრივ, გაამდიდრებს მათ ამ გამოცდილებით და ცხოვრების გზას შეუმსუბუქებს.
მარიამ ქალებაშვილი