თანამედროვე ადამიანისთვის სოციალური მედია ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ტექნოლოგიები წამყვან როლს ასრულებენ ბავშვების ცხოვრებაშიც. სოციალურმა მედიამ მოხსნა საზღვრები არა მარტო ქვეყნებს შორის, ასევე აღარ არის ასაკობრივი ზღვარიც. ყოველდღიურად ბავშვები საათობით სხედან და უყურებენ კომპიუტერისა თუ მობილურის ეკრანებს. მშობლები იშვიათად იყენებენ ინტერნეტ-ინფორმაციის გამფილტრავ პროგრამებს, მოზარდები კი ხშირად მეთვალყურეობის გარეშე სარგებლობენ ინტერნეტით. ისინი უყურებენ მულტფილმებს, თამაშობენ სხვადასხვა თამაშებს, შედიან სოციალურ ქსელში და ურთიერთობენ ონლაინ რეჟიმში…

ვირტუალური სამყარო ბავშვს ბევრ შესაძლებლობას სთავაზობს. სოციალური მედიის გამოყენებას ბავშვის განვითარებაზე უამრავი დადებითი მხარე აქვს. ის სოციალიზაციას უწყობს ხელს. ასევე – შემეცნებითი და გასართობია. თუმცა ის ქმნის ისეთ საფრთხეებსაც, რომელებიც ბავშვებს ზიანს აყენებს. რა უარყოფითი მხარეები აქვს სოციალურ მედიას და როგორ უნდა გამოიყენოს ბავშვმა სოციალური ქსელი სწორად და უსაფრთხოდ, მშობლების როლი და ბერკეტი ამ შემთხვევაში რა არის, ამ და სხვა საკითხებზე „თბილისი თაიმსს“ ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა ესაუბრა.

რა არის სოციალური მედიის უარყოფითი მხარე? რა საფრთხის წინაშე აყენებს სოციალური ქსელი ბავშვებს?

 – ციფრული ტექნოლოგიის ეპოქამ უამრავ სიკეთეებთან ერთად სირთულეებიც თან მოიყოლა. სირთულეები მოზარდებისთვის არა მხოლოდ ინტელექტუალური განვითარების თვალსაზრისით წარმოიქმნება, არამედ იმითაც, რომ ემოციური გაღარიბების რისკის საფრთხე გარდაუვალი ხდება. ინტერნეტით მოწოდებული ინფორმაციები შემოქმედებითი იმპულსების აღძვრის მუხტს ძნელად ან თითქმის ვერ ქმნიან, ამიტომაც მისგან მიწოდებულ  სიახლეებს უინტერესოდ, გულგრილად ხვდებიან. ადვილად ბეზრდებათ ის, რაც კომპიუტერთან არ არის დაკავშირებული. არ შეუძლიათ დიდხანს შეაჩერონ ყურადღება ერთ რომელიმე თემაზე. ამავდროულად, ,,ციფრული ემიგრანტები“ მუდმივ ცდაში არიან, რომ დაეწიონ ,,ციფრულ აბორიგენებს“, მაქსიმალურად დაეუფლონ კომპიუტერის ყველა შესაძლებლობას. კომპიუტერული ინფორმაციის სანდოობაში იოტისოდენა ეჭვი არ შეაქვთ, ანუ, უპირობოდ იღებენ მას.

მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციის გადამუშავების ტემპი ბავშვებში უფრო სწრაფია, ვიდრე დიდებში, ინფორმაციის შენახვა მაინც ზედაპირულ დონეზე ხდება. იმახსოვრებენ კატალოგებს და არა ინფორმაციას. კომპიუტერულ ურთიერთობებში ემოციებს მხოლოდ პირობითი ნიშნებით ცვლიან, რაც ქმნის როგორც მაამებლობის ფართომასშტაბიან შესაძლებლობას, ასევე ხელს უწყობს დაუნდობლობის, უხეშობის, არაკორექტული მიმართვის გაადვილებასაც.

ამასთანავე, ბავშვებმა თითქოს ისწავლეს ყველაფრის ერთად კეთება-თან მუსიკას უსმენენ, თან მეცადინეობენ, პასუხობენ SMS-ებს, მაშინ, როცა ყურადღების მოცულობა მხოლოდ 5-6 მარტივ შთაბეჭდილებას უდრის. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ეს ყოველივე, არა ყურადღების განაწილების, არამედ ყურადღების სწრაფი გადანაცვლების ხარჯზე ხდება. შედეგიც სახეზეა:

,,კომპიტერულ“ ბავშვებს გრძელი წინადადებების აღქმა უჭირთ, ახასიათებთ სწრაფი მეტყველება, სიტყვებს ამოკლებენ, უჭირთ აზრის სიტყვებით გამოხატვა, რაც, თავისთავად, შფოთვის დონის ზრდის რისკის შემცველია.

 მნიშვნელოვანია, მშობელმა იცოდეს, როგორ იქცევა მისი შვილი სოციალურ ქსელში, მაგრამ ზედმეტმა ყურადღებამ შეიძლება მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობა გააფუჭოს. რისი  გაკეთება შეუძლიათ მშობლებს?

–  თანატოლებთან გართულებული ურთიერთობა ხშირად იმ ბავშვებთან იჩენს თავს, რომლებსაც არ აქვთ როლური ან წესებით თამაშის გამოცდილება. ასეთი ტიპის თამაშები ბავშვს ასწავლის, როგორ გაუწიოს კონტროლი საკუთარ ქცევას, როგორ გაითვალისწინოს სხვისი ინტერესი და როგორ დაიცვას თამაშის წესები. ექსპერტები გვირჩევენ, ცხრა-ათი  წლის ბავშვებთან უპირატესობა მივანიჭოთ  ჯგუფურ კომპიუტერულ თამაშებს, რომლებშიც მონაწილეობას მშობლები, მეგობრებიც მიიღებენ, რათა ბავშვებმა ისწავლონ, მოძებნონ თავიანთი ადგილი ჯგუფში. ამასთანავე, სთხოვეთ მათ, რომ გესაუბრონ თავიანთ წარმატებებზე და წარუმატებლობაზე. გაუზიარეთ თქვენი შეხედულებები, აგრძნობინეთ, რომ არა მხოლოდ მსმენელი ხართ, არამედ გამგებიც. ბავშვებისთვის მთავარია სანდო გარემო, მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ მიაწოდოთ აზრი იმის შესახებ, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს. ციფრულ ტექნიკას ბავშვი უნდა დაეუფლოს მხოლოდ ასაკიდან გამომდინარე.

ფსიქოლოგების, ფსიქიატრებისა და პედაგოგების კატეგორიული  მოთხოვნაა, რომ ექვს წლამდე ბავშვების ურთიერთობა კომპიუტერულ ტექნიკასთან შეზღუდული იყოს. იმისათვის, რომ ბავშვს განუვითარდეს შემეცნებითი, ემოციური და ნებელობითი უნარები, იგი აქტიურად უნდა ჩავრთოთ იმ გარემოში, რომელშიც უწევს ცხოვრება, რადგან არსებული გარემოდან გარიყვა სოციალიზაციის პროცესს მნიშვნელოვნად შეაფერხებს.

ყველა ასაკის ადამიანს შეუძლია ნახოს სოციალურ მედიაში განთავსებული ნებისმიერი ინფორმაცია, ვიდეო, ფოტო… თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთონ მშობლებმა იმისთვის, რომ დაიცვან შვილები მავნე ზეგავლენისგან?

–   9-10 წლამდე მიღებულია სამი ძირითადი წესის გაკონტროლება:

1.მშობელთან ერთად განისაზღვროს კომპიუტერით სარგებლობის დრო, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30-40 წუთს.

2. კომპიუტერით სარგებლობისთვის გამოიყოს მხოლოდ დღის საათების ერთი და იგივე დრო.

3. საშინაო დავალების შესრულებამდე დაუშვებელია კომპიუტერით სარგებლობა.

როგორ უნდა გამოიყენოს ბავშვმა სოციალური ქსელი სწორად და უსაფრთხოდ? თქვენი რეკომენდაცია…

სოციალური ქსელით სარგებლობა 12-13 წლის ასაკიდან, როგორც საკომუნიკაციო საშუალება, რეკომენდირებულია, თუმცა მანამდე ბავშვს უნდა ავუხსნათ, რომ მის მიერ გამოთქმული ყოველი სიტყვის მიმართ  პასუხისმგებელობა მხოლოდ მას ეკისრება. ამავდროულად, საჭიროა ბავშვს ვასწავლოთ ინტერნეტით მისი ასაკის შესაბამისი  სასწავლო-შემეცნებითი რესურსებით სარგებლობა.

 ღამის საათებში კომპიუტერთან ურთიერთობაზე უარი უნდა თქვან მშობლებმაც. ოჯახში კომპიუტერით სარგებლობის  კულტურის  შექმნა თვითორგანიზებულობისა და პასუხისმგებლობის უნარის განმტკიცება-გაძლიერების ერთ-ერთი ხელისშემწყობი ფაქტორიცაა.

ცხადია, ციფრული ტექნიკა ჩვენი ცხოვრების, ყოველდღიურობის სივრცეა. მისი უკიდეგანობა  შესაძლებლობების სიკეთეც არის და საფრთხეც. ზრდასრულ, პასუხისმგებლობის მქონე ადამიანს შეუძლია მისი სიკეთეებით სარგებლობა, მაგრამ მოზარდისთვის ის ერთგვარი ბეწვის ხიდია. კომპიუტერთან ურთიერთობის კულტურის ჩამოყალიბება თანამედროვეობის უაღრესად მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

ნინო მაზიაშვილი

 

 

 

 

 

 

Please follow and like us: