ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელიც „რკინის აბრეშუმის გზის“ სახელითაც არის ცნობილი, ფუნქციონირებას 2017 წლის ბოლოსთვის დაიწყებს.
ამის შესახებ, „ბიზნესპრესნიუსს“ შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზაში“ უთხრეს.
მათივე ინფორმაციით, ქართულ მონაკვეთზე ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია და თურქული მხარის მიერ სამუშაოების დასრულებას ელოდებიან.
„თურქეთის მხარემ ვერ მოახერხა საკუთარ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების დროულად დასრულება, რამაც შეაფერხა სარკინიგზო ხაზის მშენებლობის დასრულება. შესაბამისად, ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის ექსპლუატაციაში შესვლის თარიღიც შეიცვალა“, – გვითხრეს რკინიგზაში.
მათივე ცნობით, პროექტის განხორციელება ორ ეტაპად არის დაგეგმილი. პირველ ეტაპზე რკინიგზის საპროექტო სიმძლავრე წელიწადში 5 მილიონ ტონა ტვირთს შეადგენს, ხოლო შემდეგ მოცულობის 15 მილიონ ტონამდე გაზრდაა გათვალისწინებული.
თითოეული მატარებელი 350 მგზავრს მოემსახურება. პროექტის მიხედვით, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის სიგრძე 825 კილომეტრია, აქედან 180 კილომეტრს ქართული მონაკვეთი შეადგენს.
პროექტის თანახმად, სარკინიგზო მაგისტრალის საქართველოს მონაკვეთი მთლიანობაში – 22 ხიდს, 13 სადგურს, 24 გზაგამტარს, 8 წევის ქვესადგურს, 4 თოვლდამცავ გალერეას და საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელ სასაზღვრო სარკინიგზო გვირაბს მოიცავს.
პროექტის ჯამური ღირებულება, რომელსაც საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა 2007 წელს მოაწერეს ხელი, 775 000 000 აშშ დოლარს შეადგენს.

 

 

Please follow and like us: