1879 წლის 28 იანვარს ქართველი  ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ქართველ სოციალ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი (1901) და ლიდერთაგანი – კიტა აბაშიძე დაიბადა.

1895 წლიდან კიტა აბაშიძე მუშაობდა თბილისის კონტროლის პალატაში, შემდეგ – მომრიგებელ მოსამართლედ ჯერ რაჭის მაზრაში, მერე –ჭიათურაში. 1896 წლიდან ილია ჭავჭავაძის მიწვევით„ივერიის“ თანამშრომელი ხდება.

კიტა აბაშიძე აქტიურად მოღვაწეობდა საზოგადოებრივ სარბიელზედაც: იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი, უშუალოდ მონაწილეობდა ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის საქმიანობაში, იყო „საქართველოს კულტურულ საზოგადოებათა კავშირის“ ერთ-ერთი დამაარსებელი, თავმჯდომარეობდა ქუთაისის საზოგადოება „სინათლეს“. პარალელურად თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთში: „ცნობის ფურცელში“, „სახალხო გაზეთსა“ და „დროებაში“.

1901 წლიდან კიტა აბაშიძე იყო ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა საბჭოს „საურთიერთო ნდობის ბანკის“ თავმჯდომარე, შემდეგ კი საბჭოს თავმჯდომარის, გიორგი ზდანოვიჩის, მოადგილე გახდა. 1905 წლის რევოლუციის დღეებში აქტიურად მონაწილეობდა ჭიათურაში მომხდარ ყველა მთავრობის საწინააღმდეგო გამოსვლაში. იგი ერთხანს დააპატიმრს კიდეც და მხოლოდ გავლენიანი ნათესავების წყალობით მოხერხდა მისი გათავისუფლება პატიმრობიდან. 1909 წელს კიტა აბაშიძე მეორედ დააპატიმრეს. მიზეზი გახდა მისი გამოსვლა 1909 წლის 22 თებერვალს ქუთაისში შემდგარ თავად–აზნაურთა შეკრებაზე, რომელზედაც საქართველოს ეკლესიისავტოკეფალიის საკითხი დადგა. კიტა აბაშიძე დავით მიქელაძესთან და ნიკოლოზ თავდგირიძესთან ერთად ეკლესიის დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდა. ქუთაისის გუბერნატორის მითითებით, კიტა სასწრაფოდ დააპატიმრეს და შემდეგ კვლავ ნათესავების წყალობით გაათავისუფლეს.

1911-1912 წლებში ქუთაისში გამოვიდა კიტა აბაშიძის ცნობილი ნაშრომი „ეტიუდები XIX ს-ის ქართული ლიტერატურის შესახებ“, რომელიც 1898 წელს „მოამბის“ ფურცლებზე დაწყებული შრომის დაგვირგვინება იყო. ეს ძვირფასი შენაძენია ქართული ლიტერატურათმცოდნეობისთვის; მან უდიდესი როლი შეასრულა ქართული ლიტერატურულ-კრიტიკული აზროვნების ისტორიაში და განსაზღვრა ახალი ქართული ლიტერატურის ისტორიის, როგორც მეცნიერების, მთელი შემდგომი განვითარება.

თებერვლის რევოლუციის შემდეგ კიტა აბაშიძე ამიერკავკასიის საგანგებო კომისარიატის წევრად და ამიერკავკასიის განათლების კომისრად დაინიშნა, მაგრამ ამ პოსტზე ძალზე მცირე ხანს მოღვაწეობდა. ის ლოგინად ჩავარდა ხერხემლის ტუბერკულოზის დიაგნოზით. გარდაცვალებამდე დაწერა ანდერძი, რომლითაც თავისი მდიდარი ბიბლიოთეკა უანდერძა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას და ჯერ კიდევ ფორმირების პროცესში მყოფ უნივერსიტეტს.

გარდაიცვალა 1917 წლის 17 დეკემბერს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. დიდუბის პანთეონშია დასაფლავებული მისივე მეუღლე თეკლე ნიკოლოზის ასული ჯამბაკურ-ორბელიანი (დ. 6 ივლისი, 1876, თბილისი — გ. 21 სექტემბერი, 1961, იქვე). უფროსი შვილი გიორგი დახვრიტეს 1924 წლის აჯანყებაში მონაწილეობისათვის.

 

ნატალია ჯალაღონია

 

Please follow and like us: