„შენობა არის დამწვარი და მეწარმეებს სჭირდებათ ალტერნატიული სივრცე. თბილისის მერია ეცდება სხვადასხვა ბაზრობების მეპატრონეებთან თუ სავაჭრო სივრცეებთან მოლაპარაკებების გზით, ამ ადამიანებმა შეღავათიან პირობებში შეძლონ საქმის წარმოება“. ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილემ,ირაკლი ლექვინაძემ, ტელეკომპანია „იბერიაზე“, გადაცემა „პრიორიტეტის“ ეთერში ისაუბრა.
„ემოციური ფონი დიდია და გარკვეულ დანაკარგთან გვაქვს საქმე, თუმცა შესაბამისი სამსახურები მაქსიმალურად მუშაობენ. მინდა მეწარმეებს მოვუწოდო, რომ მათ მისცენ მუშაობის საშუალება, რადგან ხანძრის ლოკალიზების პრობლემა მალე მოგვარდეს.პირველ რიგში დასადგენია ზარალის, ასევე საცავებში არსებული გადარჩენილი ოქროს მოცულობა.
მნიშვნელოვანია, რომ მეწარმეების შემთხევვაში, არსებობდეს დაზღვევის სისტემა. სახელმწიფოს და ადგილობრივ ხელისუფლებას მასშტაბური ფინანსური რესურსი არ გააჩნია, ამიტომ მნიშვნელოვანია კერძო დაზღვევის სისტემა. ქვეყანაში დაზღვევის კულტურის დეფიციტია,თუმცა ის პროდუქტები, რომელიც მეწარმეების ქონებას იცავს, მსგავსი ტიპის უბედური შემთხევვისგან დაზღვეულია. „ბავშვთა სამყაროს“ შემობაც იყო დაზღვეული ერთ–ერთ კერძო კომპანიაში. თუმცა მეწარმებს ქონების დაზღვევა არ ჰქონდათ.
ნებისმიერი მსგავსი შემთხვევისას, მათ შორის სტიქიური უბედურებების დროს, თბილისის მერია ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს. ამ ეტაპზე მთავარი ამოცანაა გადარჩენილ იქნას არსებულ საცავებში შენახული ქონება. ჯერჯერობით, სანამ ზუსტი ზარალის მოცულობა არ არის დადგენილი, კონკრეტულ დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ.საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები შეხვდნენ სხვადასხვა საბანკო სექტორის წარმომადგენლებს და მათი მხრიდან არის მზაობა, რომ დაზარალებულებს დაეხმარონ. თუ შენობა იყო გაუმართავი, ან სახანძრო სისტემა არ იყო წესრიგში, ბუნებრივია მისი მესაკუთრე ვალდებულია, კერძო მეწარმეებს ზარალი აუნაზღაუროს,“–განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
მანანა ღოღობერიძე