პირჯვრის წერის ისტორია პირველი საუკუნიდან იწყება, ხოლო მართლმადიდებლურ ეკლესიაში დღევადელი ფორმით, მარჯვენა ხელის პირველი სამი შეკრული თითით პირჯვრისწერა შუბლზე, მკერდზე, მარჯვენა მხარზე და მარცხენაზე VIII ს-ის დამდეგიდან მკვიდრდება.
ჯვრის გამოსახვისას მორწმუნეები გამოვხატავენ რწმენას ჯვარცმული ქრისტეს მიმართ. მარჯვენა ხელის სამი თითის (ცერა, საჩვენებელი და შუათითი) ერთად შეკვრა, ნიშნავს წმიდა სამების, ხოლო დარჩენილი ორი თითის ხელისგულზე დადება – იესო ქრისტეს ორბუნებოვნების – კაცობრივისა და ღვთიურს აღიარებას. საყურადღებო, რომ პირჯვრის გადაწერისას ჯვრის ქვედა ბოლო ზედაზე მოკლე არ გამოვიდეს, რომ ამობრუნებული ჯვარი არ გამოისახოს.
ღირსი თეოდოსი კავკასიელი თავის სულიერ შვილებს ასწავლიდა ჯვრის სწორად გამოსახვას და მასთან ლოცვის შერწყმას, რომ მნიშვნელოვნია გააზრებულად, რწმენითა და მოკრძალებით იწერდე პირჯვარს. იგი ყველას დაწვრილებით უხსნიდა ჯვრის ძალას, ახსენებდა, რომ ის შეიძლება იყოს უძლეველი იარაღი ხილული და უხილავი მტრების წინააღმდეგ მხოლოდ ცოცხალ რწმენასთან ერთობაში და პირჯვრის სწორად გამოსახვისას:
,,როცა ხელს შუბლთან მიიტან, წარმოთქვი _ უფალო;
როცა ხელს შუბლიდან მუცლისკენ წაიღებ, მოუწოდე მას სახელით _ იესო ქრისტე;
როცა ხელს მარჯვენა მხართან მიიტან, დაასახელე მისი პირი _ ძეო ღმრთისაო;
მარცხენა მხართან შეხებისას კი ევედრე უფალს გადარჩენისათვის _ შემიწყალე მე ცოდვილი!“
როდესაც პირჯვარს გამოვისახავთ შუბლზე, ეს ნიშნავს, რომ უფალი გარდამოხდა ზეცით;
როდესაც გამოვისახავთ მუცელზე, ეს ნიშნავს, რომ უფალი იშვა დედის მუცლიდან და მიიღო ადამიანური ბუნება;
მარჯვენა მხარზე პირჯვრის გამოსახვისას ჩვენ რწმენით ვითხოვთ, რომ უფალმა აღგვამაღლოს ზეცად და დაგვსვას მამის მარჯვნივ;
მარცხენა მხარზე გამოსახვისას ჩვენ რწმენით ვთხოვთ უფალს, რათა მან განგვწმიდოს, განდევნოს ჩვენგან ბოროტი.
ადიდეთ ღმერთი არა მხოლოდ გარეგნული ნიშნებით, არამედ თქვენს გულებსა და სულებში! პირჯვრის გამოსახვისას მიუძღვენი ღმერთს ყველა შენი აზრი, შეიყვარე იგი მთელი შენი გულით, მიუძღვენი ყველა შენი საქმე მის დიდებას… თუკი ადამიანს პირჯვრის სწორად გამოსახვას ასწავლი, დიდ ჯილდოს მიიღებ!“– ამბობდა ღირსი თეოდოსი კავკასიელი.
წყარო: გაზეთი „ნათელი“, რუსთავი 2005,#4(16), გვ.8.
სოფიკო ნინიკაშვილი