553 ხმით 66-ის წინააღმდეგ – საქართველოს ვიზალიბერალიზაციას ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა, 28 დეპუტატმა კი თავი შეიკავა.

ევროპარლამენტის დეპუტატებმა  დაამტკიცეს 539/2001 რეგულაციის შესაბამისი ცვლილება, რომლის თანახმადაც, საქართველო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მქონე ქვეყნების სიაში გადაინაცვლებს.

ესეც იმ ქვეყნების სია, რომლის ევროპარლამენტარების ნაწილმაც არ დაგვიჭირა მხარი:

ავსტრია – 4 ხმა,

ბელგია – 1 ხმა,

გერმანია – 3 ხმა,

დიდი ბრიტანეთი – 18 ხმა ,

იტალია – 14ხმა,

ჰოლანდია – 4ხმა,

საბერძნეთი- 4 ხმა,

საფრანგეთი-15 ხმა,

სლოვენია-1 ხმა,

შვედეთი-1 ხმა.

ევროპარლამენტის სესიას  საქართველოს დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ესწრებოდა.

შემდგომი პროცედურის თანახმად, ევროპარლამენტის კენჭისყრის შემდეგ, განახლებულ რეგულაციას დაამტკიცებს ევროკავშირის საბჭო, რითაც ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი საბოლოოდ დასრულდება.

ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის მიერ ცვლილებების ფორმალური ხელმოწერის შემდეგ, რეგულაცია გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში.

საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული განახლებული რეგულაციის ძალაში შესვლასთან ერთად, რის შემდეგაც საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტს, შეძლებენ ისარგებლონ ევროკავშირის/ შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმით (90 დღე 180 დღის განმავლობაში).

გამომდინარე იქიდან, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების განახლებული მექანიზმი მესამე ქვეყნებიდან მიგრაციული ნაკადების მნიშვნელოვანი ზრდისა და ამასთან დაკავშირებული რისკებისა და საფრთხეების  შემთხვევაში დაუყოვნებელი რეაგირების შესაძლებლობას ითვალისწინებს, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ გააცნობიეროს ის ნეგატიური შედეგები, რომელიც შეიძლება მოყვეს მათ მიერ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის პირობების დარღვევას.

რაც შეეხება უვიზო რეჟიმის არსს – მოკლედ რომ ვთქვათ, ეს გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, ეს ზონა კი მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას.

ეს კი წევრი ქვეყნებია: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი.
რაც შეეხება არაწევრ ქვეყნებს, ესენია: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია;
კანდიდატი ქვეყნების სია ასე გამოიყურება:  ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია.

გამონაკლისს წარმოადგენს ევროკავშირის 2 წევრი ქვეყანა: ჯერ კიდევ წევრი დიდი ბრიტანეთი, რომელსაც გასვლის პროცესი აქვს დაწყებული ( ე.წ. ბრექსიტი)  და ირლანდია, სადაც სავიზო რეჟიმია.

უვიზო რეჟიმი შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე  მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტებით გაემგზარონ აღნიშნულ ქვეყნებში.  მოკლევადიანი ვიზიტი კი  გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში ანუ, უფრო თვალსაჩინოდ რომ წარმოვიდგინოთ,  წლის მანძილზე სულ 6 თვე გამოდის.

ვიზალიბერალიზაცია არ გულისხმობს ევროკავშირის ტერიტორიაზე ხანგრძლივი ცხოვრების უფლების მიღებას, ის საქართველოს მოქალაქეებს აძლევს საშუალებას, ყოველ 6 თვეში 3 თვე იმოგზაურონ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში. ამ პირობის დამრღვევებს საქართველოში დააბრუნებენ და მომავალში ევროკავშირის ტერიტორიაზე შეღწევაზე სანქციებიც დაეკისრებათ.

ამასთან, უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებს არ ანიჭებს ევროკავშირში მუშაობის საშუალებასაც, მაგრამ ის ქმნის შესაძლებლობას, მოკლევადიანი ვიზიტის ან ვიზიტების შედეგად, პირმა მოიძიოს სამუშაო და საქართველოში დაბრუნების შემდეგ, სხვადასხვა პროცედურის გავლის შემდეგ, ასევე კანონიერი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, სამუშაოდ წავიდეს.

რაც შეეხება შეჩერების მექამიზმს – ეს ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. მიგრაციის პრობლემის გაჩენამ და ქსენოფობიური პოლიტიკის მქონე პარტიების ზრდამ ნაციონალური სენტიმენტები გააღვივა ევროკავშირის მოსახლეობაში. სწორედ ამიტომ, ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუხდათ რეგულაციების გადახედვა და ახალი წესის შემოღება, რომელიც უზრუნველყოფს სავიზო მოთხოვნების აღდგენის უფრო სწრაფ და უფრო მარტივ მექანიზმს. კანონის ახალი მონახაზით, შეჩერების მექანიზმის გამოყენების უფლება ექნება არა მხოლოდ ევროკომისიას, არამედ უკვე თითოეულ წევრ სახელმწიფოს.

2016 წლის 7 დეკემბერს მიღწეული შეთანხმებით, სავიზო მოთხოვნები აღუდგება ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოებს, რომლებიც სარგებლობენ უვიზო მიმოსვლით, შემდეგი შემთხვევებიდან თუნდაც ერთის არსებობის დროს:
თუ საგრძნობლად გაიზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ევროკავშირის სახელმწიფოში შესვლაზე უარს მიიღებენ, ან გაიზრდება ევროკავშირში ამ სახელმწიფოს მოქალაქეთა არალეგალურად დამრჩენთა რიცხვი.
თუ უსაფუძვლოდ თავშესაფრის მაძიებელთა მიმართვა საგრძნობლად გაიზრდება ან
თუ ქვეყანა ნაკლებად ითანამშრომლებს ევროკავშირთან რეადმისიის კუთხით (მიგრანტთა დაბრუნებაზე).
თუ ქვეყნიდან ჩასული ადამიანები საფრთხეს შეუქმნიან ევროკავშირის სახელმწიფოს საზოგადოებრივ წესრიგსა და შიდა უსაფრთხოებას.
ევროპარლამენტის მოხსენების მიხედვით, მთავარი მაკონტროლებელი ორგანო შეჩერების მექანიზმის ამოქმედებისას იქნება ევროკომისია. კომისიას ექნება საშუალება მონიტორიგი გაუწიოს პროცესს და მიმართოს პარლამენტსა და საბჭოს, თანამშრომლობს თუ არა ქვეყანა ევროკავშირთან და კვლავ იზიარებს თუ არა ევროკავშირის მთავარ ღირებულებებს. თუკი პასუხი არის უარყოფითი, მექანიზმის ამოქმედება შესაძლებელია.

 

ნატალია ჯალაღონია

 

Please follow and like us: