3 თებერვალს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩოგბურთში დევისის თასის ევრო–აფრიკული ზონის მეორე ჯგუფის პირველი სათამაშო დღის მატჩები გაიმართა საქართველოსა და ფინეთის ნაკრებ გუნდებს შორის.
საწყის შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელმაც 3:1 (2:6, 6:1, 6:4, 6:1) დაამარცხა ეერო ვაასა და საქართველო 1:0 დააწინაურა, პირველი სათამაშო დღის მეორე მატჩი კი გიორგი ცივაძესა და პატრიკ ნიკლას სალმინენს შორის ფინელი ჩოგბურთელის გამარჯვებით დარსულდა 3:0 (7;5, 6:2, 6:1 ) და საერთო ანგარიში გუნდებს შორის 1:1 გახდა.
მოწვეულ სტუმრებთან ერთად, საჩოგბურთო შეხვედრებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დაესწრო, რომელმაც საქართველოს ნაკრებს წარმატება უსურვა, გულშემატკივარს კი დარჩენილ შეხვედრებში ქართველი ჩოგბურთელების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
ტარიელ ხეჩიკაშვილი: “ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს ნაკრები დაამარცხებს ფინეთის ნაკრებს და შემდგომ ეტაპზე გადავა. როგორც ჩოგბურთის ფედერაცია ასევე სამინისტრო მაქსიმალურად უწყობს ხელს სპორტსმენებს იმისათვის, რომ ყველამ სასურველი შედეგი მივიღოთ და ერთობლივი ძალებით წარმატებას მივაღწიოთ. მსურს, ყველა გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო, ვინც ესწრება ნაკრების თამაშებს და დარჩენილ მატჩებში კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერისკენ მოვუწოდო.“