დროთა განმავლობაში ყველა ეკლესიაში იწყება კამათი ამა თუ იმ საჭირბოროტო საკითხთან დაკავშირებით. ხდება აქამდე არსებული მიდგომების გადაფასება. ახალ–ახალი გამოცდილების დაგროვება კი გვაძლევს შესაძლებლობას, დავრწმუნდეთ, სწორი იყო თუ არა ჩვენი არჩევანი.
მას შემდეგ, რაც ხორხე მარიო ბერგოლიო რომის პაპი ფრანცისკე გახდა, გარკვეული ძვრები კათოლიკურ ეკლესიაშიც დაიწყო. გთავაზობთ ზოგიერთ საკითხს, რამაც მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო.
პაპის განცხადებების მედია-საშუალებებში რეინტერპრეტაციამ გარკვეული დაბნეულობა გამოწვია. ერთ-ერთი გზავნილი, რომელიც ათეისტებს ეხებოდათ: “სამოთხეში მოსახვედრად, აუცილებელი არ არის, ღმერთის არსებობა გწამდეთ“. ერთი მოსაზრებით, პონტიფიკის სიტყვები არამხოლოდ ათეისტების მიმართ იყო ნათქვამი, არამედ მორწმუნეთა საყურადღებოდაც.
ოთხგვერდიან ღია წერილში, რომელიც პაპმა 2013 წელს გაზეთ “La Repubblica”-ს დამფუძნებელს ეუჯენიო სკალფარის გაუგზავნა, მრავალი სკანდალური თემა იყო წამოჭრილი. პაპი ფრანცისკე ამ წერილში აღნიშნავს, რომ ღმერთის გულმოწყალებას არ აქვს საზღვარი და თუ ურწმუნონი საკუთარი სინდისის ხმას დაუჯერებენ, შეწყნარებულნი იქნებიან ღვთის მიერ. პაპს მიაჩნია, რომ ცოდვა მათ ცხოვრებაშიც არსებობს, ვისაც არა აქვთ რწმენა. “ცოდვა ჩნდება მაშინ, როცა საკუთარი სინდისის ჩახშობას ვცდილობთ“, – წერს პონტიფიკი. სინდისის მთავარი დანიშნულება კი ის არის, რომ ზღვარი გაავლოს სიკეთესა და ბოროტებას შორის და სწორი არჩევანისკენ გვიბიძგოს.
ვატიკანის კორესპონდენტის, რობერტ მიკენსის განცხადებით, ფრანცისკეს კომენტარები იმის დადასტურებაა, რომ პაპი ცდილობს შეცვალოს კათოლიკურ ეკლესიასთან დაკავშირებით არსებული მოძველებული წარმოდგენები, რომლებიც მისი წინამორბედის ბენედიქტ მე-16-ის მოღვაწეობის დროს გაჩნდა. თუმცა იმასაც დასძენს, რომ ახლანდელი პაპი ინარჩუნებს კონსერვატიულობას და იმავდროულად ცდილობს, მსოფლიოსთან ბევრად უფრო საზრიანი დიალოგი დაამყაროს.
პონტიფიკის წერილის პასუხად, “La Repubblica”-ს დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ ფრანცისკეს მიერ გაკეთებული კომენტარები ხაზს უსვამს მისსავე სურვილსა და უნარს, რომ ამ დიალოგების პროცესში ბარიერები დაძლეულ იქნას.
სექსუალურ თემებთან დაკავშირებითაც გამოიკვეთა კათოლიკური ეკლესიის საჭეთმპყრობლის დამოკიდებულება. “თუ ვინმე გეია და ეძებს უფალს, ვინ ვარ მე, რომ განვსაჯო ის?” – ამბობს ფრანცისკე.
ამრიგად, მიუხედავად დროდადრო წამოჭრილი ვნებათაღელვებისა, ჭეშმარიტება ყოველთვის იქ არის, სადაც შიშისა და იგნორირების ადგილს, ადამიანით დაინტერესება იკავებს. ერთ დღეს, თუ ჰელიოცენტრული სამყარო, თეოცენტრული გახდება, ათეიზმი უბრალოდ გაქრება და ათეისტებს ახალი დროის მეცნიერები შეცვლიან.
პაპი ფრანცისკეს, იგივე ღარიბთა პაპის იდეოლოგიას, რომელიც “ხალხის თეოლოგიის” სახელითაა ცნობილი, დრო შეაფასებს. ვინ იცის, იქნებ ის რაც დღეს ზოგისთვის უტოპიური და ღიმილისმომგვრელია, ზოგისთვის კი ჰომოფობიისა და აგრესიის მიზეზი, ხვალ მეცნიერული შესწავლის ობიექტად იქცეს.
ყოველ შემთხვევაში, პაპის სიტყვაში ჟღერს თანასწორობა ღვთის წინაშე ყველა ადამიანისა. ხოლო, თუ სახარებას დავეყრდნობით, ადვილი შესამჩევია, რომ მეძავთა, მეზვერეთა და ავაზაკთა ღმერთი ბევრად გულმოწყალე მათ მიმართაა, ვინც გარკვეული შეცდომების გამო საზოგადოების მიერ შევიწროებული ან საერთოდაც მოკვეთილია. ამრიგად, რელიგიაში საამაყო არაფერია, რადგან რელიგია ცხოვრების გზაა, ყველაზე ინტიმური და იდუმალი. ხოლო სინდისი, ხმაა, რომელსაც, სიჯანსაღის შემთხვევაში, მშვიდი და სათნო თანაცხოვრებისკენ მივყავართ.
მარიამ ქალებაშვილი
წყარო: “Independent”; LETTER TO A NON-BELIEVER